ხუდონჰესი

ხუდონჰესის მოგების 5% სვანეთის განვითარების ფონდში გადაირიცხება

0 კომენტარი

"თუ ჩვენ ზუსტად ვნახავთ ხუდონის მშენებლობის ფინანსურ მოდელს, მშენებლობის ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ გადავითვლით საბანკო მომსახურებებს და ყველა დანარჩენ ხარჯს, ღირებულება საბოლოო ჯამში მილიარდ 200 მილიონ დოლარია. მინდა გითხრათ, რომ ხუდონის მშენებლობის შეჩერება არ იყო ერთეული მოვლენა და ნუ დავაბრალებთ ყველაფერს მწვანეთა მოძრაობის აქტიურობას და ეროვნულ მოძრაობას. თუ გადავხედავთ ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ სიტუაციას, იმ დროისათვის გაცილებით დიდი ობიექტების მშენებლობა შეწყდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ შემდგომში თითქმის ყველა პროექტი დასრულდა", - განაცხადა ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის ტრანსელექტრიკას ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე.

ენერგეტიკოსებს, ეკონომისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართული შეხვედრა-დისკუსია ხუდონჰესის პროექტს მიეძღვნა. "ინვესტორის გადაწყვეტილებით, კომპანიის მოგების 5 პროცენტი მუდმივად გადაირიცხება ფონდში, რომელსაც ერქმევა ამ რეგიონის აღორძინების ფონდი. ეს არის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი. გარდა ამისა, გაჩნდა ინიციატივა, რომ ინვესტორმა იფიქროს ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე. სახელმწიფოსთან ერთად ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას ამ გვირაბის მშენებლობაში. სვანეთი ზამთრის კურორტია, სათხილამურო სპორტისთვის გადასარევი ტრასებით. თეთნულდის ახალი საბაგირო გზები შენდება და სასტუმროები კი ცარიელია. იანვრის განმავლობაში, მხოლოდ ახალ წელს იყო რამდენიმე სასტუმრო დატვირთული. როდესაც გზა განახლდება, იქნება საშუალება კოპიტნარის აეროპორტიდან საათსა და 40 წუთში ადამიანი  უშგულში მოხვდეს. ეს იქნება უზარმაზარი პლიუსი ამ რეგიონის განვითარებისთვის. მაგალითად მოვიყვან იტალიის პატარა რეგიონს ვალე-დ’აოსტას. ამ რეგიონში  საშინელი დემოგრაფიული მდგომარეობა იყო, მაგრამ როდესაც განხორციელდა რამდენიმე  ასეთი დიდი ობიექტი, საუბარი მაქვს ჰესებზე, დღეს ერთადერთი მთიანი რეგიონია იტალიაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ ვართ ოპონენტები ერთმანეთის მტრები, ნურც ნურავინ იტყვის, რომ აი იქეთ მხარეს, ან აქეთ მხარეს საქართველო არ უყვარს. საქართველო უყვარს ორივე მხარეს, მაგრამ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ წყალსაცავის მშენებლობა და განსახლების თემა ყოფილიყოს ადვილად გადასაწყვეტი საკითხი ", - განაცხადა დავით მირცხულავამ.

 "ეს არის საუკეთესო ვარიანტი ყველა განხილულ პროექტს შორის"

რაც შეეხება სახელმწიფოს მონაწილეობას ამ პროექტში, დავით მირცხულავას თქმით, "კანადის და სხვა ქვეყნების მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ნაწილი კერძო. მაგრამ ისეთ სახელმწიფოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელიც თითქმის სიღარიბის ზღვარზეა, გაცილებით ეფექტურია კერძო საკუთრების მონაწილეობა. ეკონომისტები დამეთანხმებიან, რომ ის მოდელი, რომელიც საქართველომ აირჩია, რომელიც გულისხმობს აშენებას, ოპერირებასა და ფლობას, გაცილებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ჩვენ არა ვართ რუსეთის მსგავსი ქვეყანა, რომ "გაზპრომივით" მარტოებმა ვაშენოთ ყველაფერი და სახელმწიფოს კუთვნილება იყოს ეს ყველაფერი, რადგან ამის რესურსი არ გაგვაჩნია. ყველაზე დიდი სურვილი ინვესტორისთვის შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ენერგეტიკასთან და ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებული სფეროები. მე ვესწრებოდი შეხვედრებს, სადაც იყო საუბარი, რომ შეგვერჩია აშენება-ოპერირება-გადაცემის მოდელი, მაგრამ ბანკებისგან, რომლებიც მნიშვნელოვნად აფინანსებენ ასეთ პროექტებს, იყო რჩევა, რომ შეგვეკავებინა თავი, რადგან ეს გამოიწვევდა ინვესტორთა რაოდენობის შემცირებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სამუშაოები იყო ჩატარებული, აქ იყო უზარმაზარი გამოცდილება. შემთხვევით არც ენგური აშენებულა, არც ლაჯანური.  საქართველოში სამწუხაროდ ყველაფერი განადგურდა, ყველა არქივი დაიკარგა. საცოდაობაა, ენერგეტიკის ინსტიტუტის ბრწყინვალე პროექტები, ბიბლიოთკები, ზოგ შემთხვევაში მაკულატურადაა ქცეული. 2010 წელს მსოფლიო ბანკმა მოიწვია ექსპერტთა საბჭო მსოფლიოში უდიდესი გეოლოგების, ჰიდროლოგების და ასეთი ტიპის ნაგებობების სპეციალისტების მონაწილეობით და მათ განაცხადეს, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი ყველა განხილულ ვარიანტთან შედარებით".

"სეისმოლოგიურად ეს არის ყველაზე კარგად შესწავლილი ობიექტი საქართველოში"

შეხვედრაზე დაისვა კითხვა, თუ რამდენად კარგად არის შესწავლილი ხუდონჰესის პროექტი სეისმოლოგიური და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

"ხშირად გეოლოგიაზე საუბრობენ და მე მეტს გეტყვით, კითხვის დასმა, რამდენად კარგად არის ეს პროექტი შესწავლილი, არის აბსურდული.  უკეთესად შესწავლილი ნაგებობა საქართველოში ჩვენ არ გვაქვს. სეისმოლოგიაზე ბოლოს ქალბატონმა ნინო წერეთელმა გააკეთა კვლევები. ყველამ ვიცით, როდესაც ნაგებობას აშენებ, ის უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სეისმური დარაიონების რუკას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენი სეისმოლოგიური დარაიონების  რუკა, რომელიც სპეციალურად ხუდონისთვის გაკეთდა, გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე რეალურად დღეს არსებობს. საქართველოს კანონმდებლობის ნორმატიული აქტი რა სახის დარაიონების რუკასაც ითვალისწინებს, იმაზე გაცილებით მაღალი დონისაა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სეისმოლოგიურად ეს არის ყველაზე კარგად შესწავლილი ობიექტი საქართველოში და გარემოს დაცვის კუთხითაც საუკეთესოდ არის შესწავლილი. ფრანგულ–იტალიურმა ორგანიზაციებმა 2008 წელს ჩაატარეს ეს შესწავლა და მათაც დადეს დასკვნა, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმალურია. რაც შეეხება ეროზიულ პრობლემებს, მე არ ვიცნობ საქართველოში ეროზიების უფრო დიდ პროფესიონალს ვიდრე პროფესორი ემილ წერეთელია. მან კი ცალსახად განაცხადა, რომ უბედურება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხუდონი არ აშენდა. ეროზიების სფეროში ჩვენ თუ არ დავუჯერებთ ბატონ ემილ წერეთელს, მე არ ვიცი, ვის უნდა დავუჯეროთ..." - განაცხადა დავით მირცხულავამ.

"ინვესტორი შექმნის ყველა პირობას სვანეთში დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად"

მირცხულავა განსახლების პროცესსაც შეეხო: "ჩვენ არ განვიხილავთ ამ პროცესს, როგორც მოკლევადიანს, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული იქ მცხოვრებელი ადამიანი, მისი მომავალი თაობა, ცხოვრობდეს გაცილებით უკეთესად, ვიდრე დღეს ცხოვრობს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამის სურვილი გვაქვს. კიდევ ორი განცხადება მინდა გავაკეთო, რაც ინვესტორს გეგმაში აქვს: ინვესტორი შექმნის ყველა პირობას, რომელიც ხელს შეუწყობს სვანეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. დასაქმებაზე იყო საუბარი და 250 ადამიანი იმუშავებს ექსპლუატაციის პერიოდში. მშენებლობის პროცესში, 6 წლის განმავლობაში დასაქმდება 4000-მდე ადამიანი. ჩვენ მშვენივრად გვახსოვს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან  ჩასული რამდენი ადამიანი მუშაობდა ენგურჰესზე იმ პერიოდში. დღეს იქ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ამ უნიჭიერეს რეგიონში უამრავი ადამიანი გამოჩნდება, ვინც ბრწყინვალედ იმუშავებს და სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. რატომ მოდის სვანეთიდან მოსახლეობა? იმიტომ რომ იქ სამუშაო არ არის. ხე-ტყის ჭრა, რომელიც დღეს მართლა კატასტროფული მასშტაბებისაა, ხდება ზუსტად იმიტომ რომ ადამიანებს სხვა სამუშაო და შემოსავლის წყარო არ აქვთ. საშინელი სოციალური მდგომარეობაა დღეს იმ სოფელშიც და საერთოდ რეგიონში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში რეალურად შესაძლებელი იქნება იქ ადამიანების დასაქმება და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა".

"მზად ვართ, სვანეთში ავაშენოთ სოფელი, რომლის მსგავსი საქართველოში არ იქნება"

"ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ავაშენოთ სოფელი, რომლის დარი არც ერთი არ იქნება საქართველოში. აქ არიან ახალი ტექნოლოგიების წარმომადგენლები. მერწმუნეთ, გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, გათბობისთვის, ენერგოეფექტურობისთვის ყველა ნაგებობაში. სულ ახლოს იმ ადგილთან, სადაც დღეს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სოფელი აშენდება. მე მხოლოდ დღეს კი არ ვარ ხუდონის მშენებლობის მომხრე. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ახალგაზრდა ვიყავი და მაშინაც მომხრე ვიყავი და დღესაც ამის მომხრე ვარ. იმიტომ რომ მიმაჩნია, ეს არის ჩემი ქვეყნის მომავალი. სხვა განვითარების საშუალება, ეკონომიკური ზრდის საშუალება ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რომელსაც ბუნებრივი გაზის რესურსი გააჩნია, ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ჩვენთან თბოსადგურები შენდებოდეს. დღეისათვის 73–75%-ით ვართ ენერგოდამოკიდებულები მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს, ჩვენი საკუთარი უნდა გამოვიყენოთ. აქ ფიგურირებს კიდევ ერთი, ენგურის საკითხი. თუ სვანეთში წყალსაცავი აშენდება, პერსპექტივა გვაქვს, რომ ენგურის რეგულირების საკითხი მოვაგვაროთ. აქ გვესწრებიან სამხედრო უსაფრთხოების სპეციალისტები და დამეთანხმებიან, რომ ამ საკითხზე არავინ არ ზრუნავს. ყველაზე დიდი მდინარის რეგულირებისთვის აუცილებელია სვანეთს ჰქონდეს წყალსაცავი. ამას გარდა, კიდევ ერთი წყალსაცავის აშენებაზე რომ დაიწყოს საუბარი,  ოპონენტი ვიქნები, რადგანაც მიმაჩნია, რომ იქ მეტი წყალსაცავი აღარ უნდა აშენდეს. ეს წყვეტს იმ ამოცანას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი. მეტი წყალსაცავიანი ჰესი სვანეთში არ უნდა აშენდეს", - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები