გამგებლის დაკავება

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა.

გამოძიების ვერსიით, 2010 წლის იანვარში, ხონის მუნიციპალიტეტის სატყეო უბანში, ხე-ტყის უკანონოდ ჭრისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ნიკოლოზ კირთაძე, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის სატყეო უბნის რეინჯერი - მერაბ ლიპარიძე. მათვე დაეკისრათ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ნიკოლოზ კირთაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა უკანონოდ მოჭრილი - 69,417 მ3 ხე-ტყე.

"2010 წლის 26 ივლისს, სსიპ “ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს ბრძანებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადაეცა ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს უკანონოდ მოჭრილი და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული 28 884.45 ლარის ღირებულების 213,662 მ3 სამასალე და საშეშე მერქანი, მათ შორის უშუალოდ ნიკოლოზ კირთაძისათვის ჩამორთმეული ხე-ტყე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული მერქანი უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, მრავალშვილიან და ეკონომიურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან წინასწარი შეთანხმებით, ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მინიჭების მიზნით, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. სქემის მიხედვით, შეჭირვებული მოსახლეობის ნაცვლად, აღნიშნული მერქანი გადაეცა ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა უშუალოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთაძეს. დანაშაულის შენიღბვისა და კვალის დაფარვის მიზნით, თითქოსდა ზემოაღნიშნული მერქნის გაჭირვებულ მოსახლეობაზე დარიგების შესახებ, შედგა 19 ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი. შეჭირვებული მოსახლეობისათვის განკუთვნილი მერქანი გადაეცა და მატერიალური გამორჩენა მიიღო უშუალოდ ნიკოლოზ კირთაძემ. ზურაბ ჯიბუხაიასა და ბესარიონ ჭელიძის ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული 12 580,69 ლარის ღირებულების ქონება. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი და შპს "ბასა + 2008"-ის დირექტორი გიორგი ბასაძიშვილი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ოტიაშვილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით აიყვანეს, ხოლო გიორგი ბასაძიშვილი თაღლითობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე.

ხონის გამგებლის და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის მიმართ რეპრესიების მორიგ ეტაპად შეაფასა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების წინ სურს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა გაანადგუროს ან დაასუსტოს.

"როგორც ჩანს, პროკურატურამ პირდაპირ დავალებად მიიღო ქვეყნის დეფაქტო ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის და ფორმალური ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები. შეგახსენებთ, რომ მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, რითაც უარყოფენ საზოგადოების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ხალხის ნებას და დემოკრატიის ფუნდამეტურ პრინციპებს. მათ ფატობრივად კიდევ ერთხელ განაცხადეს საჯაროდ, რომ უნდა გაგრძელდეს ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობა. დღეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ეტაპი. პირველი სამიზნე გახდა ხონის რაიონი, სადაც დღეს დაკავებულ იქნა გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე. შეგახსენთ, რომ ხონის რაიონი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, სადაც ხელისუფლებამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, ერთი წლის განმალობაში ვერ მოახეხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. საქმე ეხება აბსურდულ ბრალდებას, კერძოდ: 4 წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ოფიციალურად გადაეცა ხონის რაიონის გამგეობას და შემდეგ იგი დაურიგდა მოსახლებას, რისი დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს. ასევე, დღეს დააკავეს დუშეთის "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი, რომელიც ახლახანს აირჩიეს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. როგორც ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი ზურაბ ოტიაშვილმა 2 დღის წინ გაფრთხილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარის ერეკლე ტრიპოლსკისგან, რომლის შინაარსიც იყო მარტივი: თუ ის არ დაანებებდა თავს პარტიულ აქტიურობას მას დააკავებდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ ზურაბ ოტიაშვილი არის ძებნილი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ აბსურდული ბრალდებებით. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში ატარებს ქვეყნის მასშტაბის პრაიმერის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამოსავლენად და სწორედ ზემოთ დასახელებული დაკავებული პირები წარმოადგენდნენ პრაიმერიში მონაწილე შესაძლო კანდიდატებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების წინ სურს გაანადგუროს ან დაასუსტოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა და ამისათვის ყველანაირ ბინძურ მეთოდს იყენებს", - წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები