ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ გაასამრთლა 300 ათასი ადამიანი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ჩვენს უცხოელ პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაასამართლა 300 ათასი ადამიანი საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"მათ იციან, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადგილი ჰქონდა ისეთ სისტემურ დანაშაულებს, როგორიც იყო არაადამიანური მოპყრობა პატიმრების მიმართ, მათი წამება, ტანჯვა. ძალიან ბევრი ადამიანი იქნა მოკლული პირდაპირ და სწორედ ამ საქმეების გამოძიება მიმდინარეობს ამჟამად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებების გამო, მის ხელისუფლებას აღარავინ აკრიტიკებს. "მე მქონდა შეხვედრა და გამოსვლა ედმონის უნივერსიტეტში და იქ დამისვეს შეკითხვა დაკავებებთან დაკავშირებით. მე მათ ავუხსენი, რომ ის განცდა რაც შეიქმნა წლის დასაწყისში, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ლობიზმის შედეგი. ეს მოხსნილია და მე თვითონ გამიხარდა როდესაც ვიგრძენი, რომ ეს განცდა მოხსნილია" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს ელჩები ამუშავდნენ და უცხოელ პარტნიორებს უკვე აქვთ წარმოდგენა იმ საქმეებზე, რომელსაც დღეს პროკურატურა იხილავს. "იცით ალბათ რომ ჩვენ გავასაჯაროვეთ დოკუმენტი, რაც ეხება იგივე კეზერაშვილის ფინანსურ აქტივებს, რაც ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს და კითხვებს, საიდან დააგროვა ადამიანმა ბოლო 4-5 წელიწადში მილიარდნახევრიანი შემოსავალი. ამ დოკუმენტში წერია, რომ ის ფლობდა ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ აქტივებს საქართველოში ანუ მინისტრი 2008 წლის ომის შემდეგ გადადგა და 2009 წლიდან დააგროვა ამხელა კაპიტალი - ეს ძალიან დიდ კითხვებს ბადებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "საზღვარგარეთ გავრცელდა ის ვიდეოჩანაწერიც, სადაც  ვანო მერაბიშვილი უკვეთავს ორი ადამიანის ლიკვიდაციას. ეს თავზარდამცემი და შოკისმომგვრელია. შეხვედრის ბოლოს მადლობა გადამიხადეს ყველამ, რომ განმარტებები მიიღეს და დარწმუნდნენ, რომ სახეზე არის ჩვეულებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და არა შერჩევითი სამართალი, როგორც ნაციონალური მოძრაობა ამას წარმოაჩენს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წლის დასაწყისში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებული ლობისტების გამო უცხოელ პარტნიორებს გაუჩნდათ კითვები, თუმცა გამჭვირვალე პოლიტიკის გამო, ეს კითხვები მოიხსნა. "თქვენ გაქვთ უფლება მონიტორინგი აწარმოოთ. ნებისმიერი ადამიანის სასამართლო პროცესზე დაესწროთ - არა მხოლოდ თქვენ, არამედ ნებისმიერი უცხოელი ჟურნალისტი იქნება ეს, ადვოკატი თუ სხვა. ისინი ამბობენ, რომ ბევრი ისეთი რამე დანერგეთ თქვენ, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის და არ მუშაობს. ჩემი შეხვედრების დროს მე მივიღე ამის დადასტურება, რომ ეს კითხვები მოხსნილია. მათ დღეს ეს კითხვები აღარ აწუხებთ. მათი მეგობრული რჩევაა, რომ ჩვენ ასეთივე გამჭვირვალე პოლიტიკა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები