ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: ნაციონალური მოძრაობა შემთხვევით აღმოჩნდა პარლამენტში

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ნაციონალური მოძრაობა ეწევა საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე 24 საათის განმავლობაში: ადასტურებენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის მიმართ არავითარი ინტერესი არ აქვთ, არავითარი სიყვარული არ აქვთ და აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რასაც აწარმოებდნენ 9 წლის განმავლობაში, ანუ ისინი ყოველთვის აყენებენ საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, კარგი ოპოზიციური პარტია შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: "პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ნორმალური, კონსტრუქციული, ჯანსაღი კრიტიკის მატარებელი. ობიექტურად უნდა აკრიტიკოს მთავრობა, ასევე ობიექტურად აკონტროლოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ან მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა. განსხვავებით ე.წ. ჩვენი ოპონენტებისაგან, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ მაგ პარლამენტში და გასაგებია როგორც აღმოჩნდნენ. მათ მიერ წარმოთქმული კრიტიკა არავითარ ფარგლებში არ ჯდება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით,  მას ძალიან მოეწონა "ბატონი ბიძინა ივანიშვილის შედარება, როცა ისინი შეადარა შალვა ნათელაშვილს. ამ ადამიანებს უკვე აღარ შეიძლება, რომ სერიოზულად შეხედო. ნორმალურ ადამიანებს ესენი უკვე აღარ გვანან" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა და მიუთითა, თუ რა საკითხებზე ღირს ყურადღების გამახვილება. "მოსახლეობას სურს უფრო მეტი გაიგოს მთავრობის რეფორმებზე და ეფექტებზე -ეს არის მთავარი და სწორედ ამიტომ, ჟურნალისტის და ტელევიზიების მთავარი ვალდებულება უნდა იყოს,რომ საზოგადოებას მიეწოდოს გაფილტრული ინფორმაცია და არა ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა. მეტი პასუხისმგებლობა მართებს მედიას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "დღეს მოქალაქეს და საზოგადოების უდიდეს ნაწილს აბსოლუტურ უმრავლესობას მე ვიტყოდი აინტერესებს, რა დადებითი რეფორმები განახორციელა დავით სერგეენკომ, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის აბსურდულ განცხადებებს უსმინოს. ეს არის ძალიან მომაბეზრებელი და დამღლელი ყველასთვის აბსოლუტურად".

კომენტარები