აქციები ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ბოსნია-ჰერცეგოვინაში აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დღეს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც დემონსტრანტებმა მთავრობას წაუყენეს. ისინი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების გადადგომას მოითხოვენ. დედაქალაქ სარაევოს გარდა, გამოსვლები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

გამოსვლები ბოსნია-ჰერცეგოვინაში 7 თებერვლიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა ბოსნიის პრეზიდენტის რეზიდენცია დაწვეს. პოლიციასა და აქტივისტებს შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. არიან დაშავებულები. გამოსვლების მთავარი მიზეზი  უმუშევრობაა, რომლის მაჩვენებელი ქვეყანაში 40 პროცენტს აღწევს. დემონსტრანტებს მხარდაჭერა ბოსნიის უშიშროების მინისტრმა გამოუცხადა.

”ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი მაფია მართავს. სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება უკანონოდ განხორციელდა, ამის გამო ხალხი უმუშევარია. რასაც ახლა ვხედავთ, ღარიბი და გაძარცვული მოქალაქეების აჯანყებაა” - განაცხადა ბოსნიის უშიშროების მინისტრმა ფარჰუდინ რადონიჩმა.  

გამოსვლები ბოსნიის სხვადასხვა ქალაქში სტიქიურად დაიწყო, პროტესტის ორგანიზებასთან პოლიტიკურ პარტიებს კავშირი არ ჰქონიათ. 90-ანი წლების სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა მუსლიმურ, ხორვატულ და სერბულ კანტონებად არის დაყოფილი. ცენტრალური ხელისუფლება კი ეთნიკური  ბალანსის პრინციპით შექმნილ რთულ სტრუქტურას ეფუძნება. 

კომენტარები