რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

სუბარი: ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია, თუ უმცირესი შედეგი მაინც გვექნება

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია, თუ საქართველოსთვის უმცირესი შედეგი მაინც მიიღწევა. როგორც სუბარმა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, ძველი ხელისუფლებაც ყოველთვის გამოხატავდა შეხვედრის მზადყოფნას, თუმცა მათი რიტორიკის გამო, ეს შეუძლებელი ხდებოდა.

"შეგიძლიათ, ამოიღოთ იმავე სააკაშვილის უამრავი განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზად იყო შეხვედრისთვის. მაგრამ ამას მოაყოლებდა ისეთ რიტორიკას, ცხადია, არავინ არ შეხვდებოდა. მას არ ჰქონდა გონებრივი შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი დაეჭირა. როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდ და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანეთ, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ამგვარი შეხვედრა შესაძლოა, იყოს შესაძლებელი და დადებითი შედეგიც მივიღოთ. ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე საუბარი დღეს ძალიან რთულია, ეს სამომავლო ამოცანაა, მაგრამ თუნდაც ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული პროდუქციისთვის ბაზრის ბოლომდე გახსნას და საქართველოსთვის მომგებიან სხვა დათმობებს მივაღწიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის "ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს". მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

კომენტარები