სტუდენტების დაფინანსება

სერგო რატიანი: ოთხ თვეში სტატუსი 5 520 სტუდენტს შეუწყდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ოთხ თვეში სტატუსი 5 520 სტუდენტს შეუწყდა. საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილების საფუძველზე ავრცელებს.

უმცირესობის წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, 2013 წლის 7 ოქტომბერს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა იყო - 28 055, ხოლო 2014 წლის 3 თებერვალს - 33 575.

"ოთხ თვეში, ერთ სემესტრში ზრდა საგანგაშოა - 5 520 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11 000- ზე მეტ სტუდენტს. იმ სტუდენტების რიცხვი, ვისაც უშუალოდ ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, არის - 11 685. მაშინ როდესაც ოქტომბერში იყო - 8 304. ამის მიზეზი არის ერთი მხრივ ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შეიქმნა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ასევე, მოცემულ ვითარებაში, განათლების სამინისტროს სტუდენტებისათვის თანხების განაწილების არაეფექტური, არარაციონალური, უსამართლო პოლიტიკა. დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა არ გაიზარდა თანხის ზრდის პროპორციულად. წინა წელს, დაახლოებით 9 მლნ ლარით ფინანსდებოდა გრანტის სხვადასხვა ოდენობით 8000 სტუდენტი. 2013-14 სასწავლო წელს დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 10 მლნ-მდე, მაგრამ გრანტიანი სტუდენტების რაოდენობა დღეისათვის არის მხოლოდ 9 100. პროპორცია არაადეკვატურია და უსამართლოა სხვა სტუდენტების მიმართ. მოვუწოდებ განათლების მინისტრს, გამოიტანოს ადეკვატური დასკვნები შექმნილი მდგომარეობიდან. მოვაწყოთ სამუშაო შეხვედრა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რათა თუნდაც არსებული დაფინანსების პირობებში, გავაუმჯობესოთ დაფინანსების არსებული წესი", - აცხადებს რატიანი.

კომენტარები