მიხეილ სააკაშვილი

NEW YORK TIMES სოჭის ოლიმპიადაზე სააკაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს

facebook.com/SaakashviliMikheil

ამერიკული გამოცემა NEW YORK TIMES სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვლადიმირ პუტინის ავტოკრატიულ მმართველობასა და რეგიონში რუსეთის როლზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.

"ცარ ვლადიმირის ილუზიები" - ასე ასათაურებს სააკაშვილი სტატიას, სადაც წერია, რომ ოლიმპიადის დაწყების პარალელურად, რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ უკრაინაში მშვიდობიან აქტივისტებს ესროლა და მათზე შეტევა დაიწყო.

სააკაშვილი სტატიაში შედარებას აკეთებს რუსეთისა და საქართველოს განვითარების ტემპებს შორის და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, რუსეთი კი 92-ეზე.

"თუ გინდა დაინახო განსხვავება პუტინის სისტემასა და ღია დემოკრატიას შორის, დაგჭირდება შეადარო სოჭის სიახლოვეს მდებარე შავი ზღვის ორი რეგიონი: აფხაზეთი და აჭარა.

აფხაზეთი, რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია, სოჭიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს", - წერს მიხეილ სააკაშვილი და იხსენებს, რომ როცა რუსეთმა ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარების უფლება მიიღო, საქართველო ამას იმ იმედით შეხვდა, რომ ოლიმპიური თამაშები რეგიონში სიმშვიდესა და ურთიერთობების გაუმჯობესებას მოიტანდა.

"ამის ნაცვლად, ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლების მიღებიდან რამდენიმე თვეში კრემლი საქართველოში ჯარით შემოიჭრა", - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადა პუტინს პირად ტრიუმფად მიაჩნია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების ტრიუმფად იყო აღიარებული, თუმცა, საბჭოთა რეჟიმის კოლაფსი ამ მოვლენიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო.

 

კომენტარები