რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ზაქარეიშვილი: რუსეთის ინტერესებშია, საკუთარ შეცდომებს გადახედოს

ტაბულა

შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთის ინტერესებშია, საკუთარ შეცდომებს გადახედოს. როგორც მინისტრმა აშშ-ში, კარნეგის ცენტრში გამოსვლისას აღნიშნა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. მისივე თქმით, კონფლიქტების მოგვარების პროცესში, აუცილებელია საქართველოს NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოება და ამ კუთხით ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის დაინტერესება.

ზაქარეიშვილს კარნეგის ცენტრში გამოსვლისას ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მოლაპარაკებებს რუსეთის გარეშე. სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსეთის ფაქტორი პირველ რიგში გასათვალისწინებელია, ამის იგნორირება არაფრით არ შეიძლება, თუმცა, მისი აზრით, ამაზე მუდმივად საუბარი საჭირო არ არის.

"მე მგონი, რუსეთის ინტერესებშია, გადახედოს თავის შეცდომას. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, არის აღიარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის. ამით მან პრაქტიკულად მოიკვეთა ყოველგვარი შანსები, გარკვეულად გავლენა ჰქონდეს კავკასიაში. ასევე, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ გვექნება ძალიან მკაფიო პროგრესი NATO-ში გაწევრიანების მიმართულებითაც", - თქვა შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები