ბათუმის მერი

ბათუმის საკრებულომ ჯემალ ანანიძის განცხადება გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა

Batumi.ge

ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის განცხადება გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანანიძის განცხადებას 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი დეპუტატი, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი ანანიძის თანამდებობიდან გადადგომას ფარსს უწოდებენ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ჯუმბერ კახიძის თქმით, ჯემალ ანანიძე ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია.

"მას არაერთხელ უთხრეს, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. მართალია, თვითონ უარყოფს ამას, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ განვითარდა ის დინამიკა და სქემა მისი გადადგომის თაობაზე. ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია ამ ფარსში, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ჯემალ ანანიძე თავისი სურვილით გადადგა მერის პოსტიდან", - აღნიშნა ჯუმბერ კახიძემ. 

ბათუმის ყოფილი მერის თქმით, 2013 წელი მისთვის საინტერესო იყო ახალი პროექტების წამოწყების მხრივ. ანანიძემ თვითმმართველობის წევრებს ერთობლივად ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მისი თქმით, სხვა თანამდებობაზე შემოთავაზება არ ჰქონია.

"ვფიქრობდი, რომ საკრებულო სწორად გაიგებდა ჩემს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. წინასაარჩევნოდ მივიღე სწორი გადაწყვეტილება, რათა პარტიებს უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონოდათ. ვინც იქნება ქალაქის მომავალი მერი, ვუსურვებ წარმატებებს. მე მაქვს სალექციო დატვირთვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ ეტაპზე იქ გავაგრძელებ მუშაობას", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ბათუმის მერის მოვალეობას ვიცემერი გიორგი ერმაკოვი შეასრულებს. ერმაკოვის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები და არჩევანი მასზე შეჩერდა. მისივე თქმით, დიდი ცვლილება არ მომხდარა, რადგან ვიცემერის პოსტს იკავებდა.

ჯემალ ანანიძემ გადადგომის შესახებ განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს 3 თებერვალს მიმართა. ის ბათუმის მერის პოსტზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ჯემალ ანანიძე ვიცემერის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯემალ ანანიძემ ბათუმის საკრებულოს გათავისუფლება 2013 წლის ივნისშიც სთხოვა, თუმცა, მაშინ დეპუტატებმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

კომენტარები