თბილისის ბიუჯეტი

უგულავა: თავისუფალ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით, ყველაფერი იქით მიდის, რომ მთავრობამ არჩევნების წინ ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულო და მერია დაითხოვოს. მისი თქმით, მთავრობაში გულისხმობს ყოფილ და არა მოქმედ პრემიერს.

"მე არ ვგულისხმობ ღარიბაშვილს, ვგულისხმობ პირველ რიგში ივანიშვილს. პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებ იმის ხარჯზე, რომ მთლიანად თვითმმართველობას აუქმებ, ასეთი რამ არც პუტინს და არც ლუკაშენკოს არ ჩაუდენიათ. ამას თუ დავამატებთ იმას, რაც რეგიონებში ხდება, ვგულისხმობ ხონის გამგებლის დაჭერას, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაპატიმრებას, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას პირდაპირ გადაწყვეტილი აქვს თვითმმართველობა დაახრჩოს არჩენების წინ და შემდეგ ფასადური არჩევნები ჩაატაროს", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ თავისუფალ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია. 

"სამარცხვინოა, როდესაც შიხიაშვილის ჭკუაზე დადის ივანიშვილი და ღარიბაშვილი. ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე ბრალდება, თითქოს მე ვმართავ ამ პროცესებს. მე მინდა მას, ვისაც პოლიტიკა საერთოდ არ ესმის, ანუ შიხიაშვილს ავუხსნა ერთი რამ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის არავის აუკრძალავს და მე მაქვს უფლება ჩემს კოლეგებთან გავიარო კონსულტაცია და ჩემი რჩევებიც მივცე. ამის ანალოგი ბევრია მსოფლიოში, შორს რომ არ წავიდეთ, მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი ფილატი ანალოგიურ პოზიციაში იმყოფება და ეს ჩვეულებრივია. ანომალიური არის ის, რასაც აკეთებს ივანიშვილი, რომელიც ვითომ წავიდა, სამოქალაქო სექტორში გადაბარგდა, სინამდვილეში გაექცა პასუხისმგებლობას და იქიდან მართავს თავის მარიონეტულ მთავრობას, ისე რომ მას ფორმალურად არ აქვს პასუხისმგებლობა. ეს სწორედ დაუშვებელია და მაქინაციაა", - თქვა უგულავამ.

ის თბილისის მერის მოვლეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას "აბსოლუტურად სწორად" აფასებს.

"აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა სევდიამ, რომ კიდევ ერთხელ სცადოს და მთელი თბილისის ყველა უბანში ხელახლა დაიარონ გამგებლებმა, თვითონ ქალბატონმა სევდიამ, სამსახურის უფროსებმა და კიდევ თავიდან შეადგინონ ბიუჯეტი და წარუდგინონ საკრებულოს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მერია მოწადინებულია ბიუჯეტი დამტკიცდეს და უამრავი პრობლემა მოგვარდეს", - აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ საკრებულომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი მეორედ ჩააგდო. ბიუჯეტის პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 17-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 22 დეპუტატი. მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მერია გადადის მუშაობის სხვა რეჟიმზე.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მათთან კონსულტაციებს აღარავითარი აზრი აღარ აქვს. ცხადზე უცხადესია, რომ თვით საკრებულოს თავმჯდომარე არის პაიკი ცენტრალური ხელისუფლების ხელში. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვეთათბიროთ ხალხს და შევადგინოთ კიდევ უფრო უკეთესი ბიუჯეტი, ვიდრე ეს იყო მანამდე. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ყველა ბიუჯეტი იყო მზარდი, უფრო უკეთესი და უკეთესი. ახლა შევალთ ყველა უბანში, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ავკრეფთ და შევძლებთ, კიდევ უფრო უკეთესი შევადგინოთ, თუმცა არ ვართ დარწმუნებული, რომ მას მიიღებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს ხალხთან შეთანხმებული ბიუჯეტი", - აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა და განმარტა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყება.

კომენტარები