რადიკალიზმი

„სისტემის დამანგრეველნი”

მათ შესახებ მოგვიანებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავიგე. მანამდე – როცა ქვეყანაში „9-წლიანი უკუნი" იდგა – facebook-ით არ ვსარგებლობდი და, დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ვერც საინფორმაციო საშუალებებს ვადევნებდი აქტიურად თვალს.

მერე მათ (იდეოლოგიურ) ნაწილს ვახო სანაიას „ღია ეთერში" შევხვდი, როდესაც გადაცემაში ქვეყნისათვის ასე აქტუალური სოციალური საკითხები იხილებოდა. ღია ეთერში ნაკლებად, მაგრამ სარეკლამო ჭრის დროს ჩვენ შორის (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) საინტერესო მცირე დიალოგიც შედგა.

სამწუხაროდ, მას შემდეგ მათ აღარ შევხვედრივარ (ჩემი ტელეფონი კი მივეცი, შემეხმიანეთ, თქვენი თვალსაზრისის უფრო დეტალურად გაცნობა მინდა-მეთქი). საჯარო სივრცეშიც აქტიურები აღარ არიან. არადა, სისტემაში, რომლის დანგრევასაც ისინი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ითხოვდნენ, დღეს კიდევ უფრო მეტი ხარვეზი ფიქსირდება.

ამ წერილის მიზანი ვინმეს გამოკიდება, ჯიბრში ჩადგომა ან, მით უმეტეს, ანგარიშსწორება არაა. პირიქით, სურვილი მამოძრავებს, ჩვენი ახალგაზრდობის მისწრაფებები, ხედვები, სურვილები უკეთესად გავიგოთ. იქნებ მათაც გაგვიგონ მერე: მათთვის პოლიტიკოსები ხომ პლასტმასის ფიგურები ვართ, აზრის, მორალის, ემოციის გარეშე რომ ვმოქმედებთ, უსულგულოები და ცივსისხლიანები რომ ვართ, გაჭირვებული რომ არ გვეცოდება და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ.

მდიდარმა, ოღონდ ჩვენიანმა (!) ბიძინამ ამ ახალგაზრდებს ყველაზე უკეთ „გაუგო" და მათებრ მოიქცა: განერიდა ყოველდღიურ რუტინას და შეინარჩუნა ასკეტისა და მიუწვდომლის იმიჯი. „სისტემის დამანგრევლებს" მასში მოსწონთ ის, რომ იგი სისტემის ნაწილი კი არ გახდა, არამედ გარედან მაკონტროლებელია, გარე თვალია, „ჩე გევარაა", რომელიც ყოველწამს შეიძლება გამოვიდეს ტყიდან.

ამ წერილის მიზანი ისაა, ჩემი ვარაუდი შემოგთავაზოთ, რა აყალიბებს იმ რადიკალიზმს, რომელიც ყველაზე უწყინარი ფორმით ჩე გევარას სახიანი და საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურის ტარებაში გამოიხატება, ყველაზე აგრესიულ სახეს კი გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების დროს იღებს.

რამდენადაც მესმის (ვიმეორებ, ამ ახალგაზრდებთან დისკუსია მართლაც საინტერესო იქნებოდა), ლოზუნგის – „სისტემა უნდა დაინგრეს!" – ქვეშ გაერთიანებულ ახალგაზრდებს (ვგულისხმობ მათ წარმმართველ, ე.წ. იდეოლოგიურ ნაწილს) რამდენიმე რამ აერთიანებდათ:

(1) პოლიტიკის მიუღებლობა. მათთვის პოლიტიკაში მონაწილეობა იმთავითვე გასვრას ნიშნავს. თუ გინდა, მორალური სიწმინდე შეინარჩუნო, პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო, ოღონდ თუ პოლიტიკოსების თავხედობა გარკვეულ ზღვარს სცილდება („ციხის კადრები" აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს), მაშინ პროტესტის აქტიურ ფორმებს უნდა მიმართო;

(2) რადიკალური მემარცხენეობა. მთავარი პრობლემა სიღარიბეა და ამ სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზაა, პოლიტიკოსებს უმტკიცო, რომ მათ არაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ქვეყანაში სიღარიბე არ ყოფილიყო;

(3) საგარეო-პოლიტიკური ინფანტილიზმი. არანაირი განსხვავება – ღირებულებითი, პოლიტიკური, სტრატეგიული – ამერიკასა და რუსეთს შორის არაა, ორივე იმპერიაა და საქართველო ამ გლობალურ საჭადრაკო თამაშში, რომელსაც საერთაშორისო კორპორაციები – ეს მდიდარი, მაგრამ უცხო (!) ბიძიები – წარმართავენ, მხოლოდ პაიკია.

ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ სამივე პუნქტი ერთმანეთში იხლართება: ამ ახალგაზრდებისათვის პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო კორპორაციების ზეგავლენასთან ბრძოლა, ხოლო მდიდარი უცხო ბიძიების ხელთ არსებული რესურსები სიღარიბის წყაროა და არა ამ სიღარიბის დაძლევის საშუალება (თუკი ბიზნესს გასაქანს მისცემ, როგორც ეს ზოგიერთებს გვგონია).

საიდან მოდის ამ გონიერი და კეთილშობილი ახალგაზრდების ასეთი თვალთახედვა?

რაკიღა ხელთ რაიმე ფუნდამენტური სოციოლოგიური კვლევა არ მაქვს (არადა, კარგი იქნებოდა ამგვარი კვლევის ჩატარება), აქაც მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ: ვინძლო სოციოლოგებს თავიანთი ჰიპოთეზების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

(1) ახალგაზრდები ნაკლებინფორმირებულნი არიან ყოველდღიური მოვლენების შესახებ. მათ ყურამდე მხოლოდ ზესკანდალური ინფორმაცია აღწევს, მაგალითად, ისეთი, როგორიც „ციხის კადრები" იყო. სხვა მხრივ, რაკიღა „პოლიტიკა ბინძური საქმეა", ყოველდღიური ქრონიკა მოსაწყენია. შედეგად: სჯობს სისტემა მთლიანად „დაანგრიო", ვიდრე ყოველდღიურად და მოსაწყენად მისი ცალკეული დეტალები „დაზეთო". არსებულის ალტერნატივა მისი დანგრევაა და არა გაუმჯობესება.

(2) ახალგაზრდების პატრიოტიზმი იმას უფრო ეყრდნობა, რანი ვიყავით, ვიდრე იმას, რა უნდა ვიყოთ. ეს კი, ერთი მხრივ, საგარეო-პოლიტიკურ ინფანტილიზმს კვებავს – საუკუნეების განმავლობაში იმპერიების საჯილდაო ქვა ვიყავით – და, მეორე მხრივ, სისტემის შიგნით ყოველდღიურ ძალისხმევას აზრს უკარგავს. შედეგად: მხოლოდ მხსნელად მოვლენილი ჩემი მდიდარი მესია თუ ამანთებს საიმისოდ, რომ უცხო მდიდრების მიერ მართული ჩემი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ გავილაშქრო.

(3) რაკიღა ყველანაირი ძალისხმევა ისევ საერთაშორისო კორპორაციების „დაკრულზე თამაშია", ამიტომ სიღარიბეში ცხოვრება ღირსებას გმატებს. როგორც ასკეტი, როგორც ტყეში გაჭრილი ჩე გევარა, შენ ამ სიღარიბეს იტან, მაგრამ ყველაზე მეტად სხვა ღარიბებს (ტროცკი რომ არც გაუგიათ, ისეთებს) თანაუგრძნობ, რადგან ამ დამპალ პოლიტიკოსებზე უკეთ გესმის ღარიბების საჭიროებების. შედეგად: პოლიტიკოსს არაფერი ევალება, თუ არა ბიუჯეტის ფული ღარიბებს მოახმაროს. კითხვა, ბიუჯეტში ფული საიდან შედის და როგორ, ან საერთოდ არ ისმება, ან თუ ისმება, რაციონალური პასუხი არ ეცემა.

[რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, მდიდარმა, ოღონდ ჩვენიანმა (!) ბიძინამ ამ ახალგაზრდებს ყველაზე უკეთ „გაუგო" და მათებრ მოიქცა: განერიდა ყოველდღიურ რუტინას და შეინარჩუნა ასკეტისა და მიუწვდომლის იმიჯი. „სისტემის დამანგრევლებს" მასში მოსწონთ ის, რომ იგი სისტემის ნაწილი კი არ გახდა, არამედ გარედან მაკონტროლებელია, გარე თვალია, „ჩე გევარაა", რომელიც ყოველწამს შეიძლება გამოვიდეს ტყიდან. სხვათა შორის, რუსეთში სოციოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდებში, არსებული სიტუაციით უკმაყოფილების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, კვლავ ძალიან პოპულარულია ვლადიმირ პუტინი, რომელიც მათ აღქმაში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.]

რაკიღა ყოველდღიური ძალისხმევა, გნებავთ, პიროვნული, გნებავთ, ქვეყნის წინსვლისათვის, ზემოაღწერილ იდეოლოგიასთან წინააღმდეგობაში მოდის, კარიერულ საფეხურზე ზემოთ მოძრავი ახალგაზრდა კონფორმისტად ითვლება – მისი „სული" ან საერთაშორისო კორპორაციებმა ჩაიგდეს ხელთ, ან დამპალმა პოლიტიკოსებმა. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს: ჩე გევარას სახიანი მაისურებით მოსიარულეთათვის მდიდარი უცხო და შინაური პოლიტიკოსი ერთი მედლის ორი მხარეა.

რაკიღა „სული" ვახსენე, ერთი ვარაუდიც უნდა გამოვთქვა. ზემოაღწერილი საგარეო-პოლიტიკური ინფანტილიზმი მხოლოდ (ჩემთვის საეჭვო) პაციფიზმში კი არ გადაიზრდება, არამედ გარკვეული ინსტიტუტებისადმი (არა სისტემისადმი, არამედ ინსტიტუტებისადმი!) სრულიად უკრიტიკო დამოკიდებულებაშიც.

ჩემი აზრით, დასაფიქრებელია, როგორი იქნება ამ ახალგაზრდების თვალსაწიერი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 10 წლის, შემეშალა, 9 წლის შემდეგ. ისინი დიდები იქნებიან საიმისოდ, რომ დამპალი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით გასუფთავებულ შენობათა ფასადებზე საღებავით წერონ „ქარხნები მუშებს", „მიწები გლეხებს", „სისტემა უნდა დაინგრეს".

მეშინია, უპროფესიოდ და უკარიეროდ განვლილმა წლებმა მათ იმგვარი ფრუსტრაცია არ მოუტანოს, რომ ოლიმპოს, უკაცრავად, სოლოლაკის მთაზე არსებულ შენობას ახალი მოწოდება არ წააწერონ:

ბიძინას მილიარდები ხალხს!

კომენტარები