გენმოდიფიცირებული პროდუქცია

აგულაშვილი: კუბაში გმო-ს წარმოება აკრძალეს და კარგ შედეგებს მიაღწიეს

frontnews.ge

აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საუბრისას, კუბის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანაზე. მისი თქმით, იქ პირველ წლებში შემცირდა წარმოება, თუმცა შემდეგ, პირიქით, ხარისხისა და რაოდენობის თვალსაზრისით გაიზარდა. აგულაშვილმა აღნიშნა, რომ „კუბაში სოფლის მეურნეობა სწორედ ამ გზით წავიდა და კარგ შედეგებს მიაღწია“.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის მოთხოვნა გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოების აკრძალვა, აგულაშვილმა უპასუხა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა მისი მარკირებაა. დეპუტატის თქმით, ევროკავშირი იმ საკვები პროდუქტის ან ინგრედიენტის მარკირებას ითხოვს, რომელშიც რომელიმე გენი 0.9%-ზე მეტია. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოყვანას მხოლოდ სამეცნიერო სივრცეში დაუშვებს, ხოლო საკვები პროდუქტის მარკირება მოხდება.

გარდა ამისა, გადაცემის წამყვანმა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა, დაზარალდება თუ არა ქართველი ფერმერი, როდესაც იაფი გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის ფონზე, მას მოუწევს ძვირი ორგანული პროდუქტის მოყვანა. თამარ ჩერგოლეიშვილმა შეახსენა, რომ კანონპროექტის მიხედვით, იმპორტირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოხმარება არ აიკრძალება და აღნიშნა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება მისი სიიაფის და გარემო პირობების მიმართ რეზისტენტულობის გამო ხდება. ამის მიუხედავად, გიგლა აგულაშვილი არ ფიქრობს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანის აკრძალვით ქართველი ფერმერი დაზარალდება. მან იმპორტული გმო პროდუქტების წინაშე ქართველი გლეხების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის საპირწონედ ბიომრავალფეროვნების დაცვა დაასახელა.

"აქ ორი რამე უპირისპირდება ერთმანეთს - ერთის მხრივ, ეს არის ბიომრავალფეროვნება, შესაბამისი ბალანსი, რომელიც არსებობს ბუნებაში და, მეორეს მხრივ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამრავლება. საფრთხე აქ არის უზარმაზარი და უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ბიომრავალფეროვნების შემთხვევაში, გარკვეული რისკების დროს, შეიძლება გადარჩეს ბიომრავალფეროვნებიდან რომელიმე ან რამდენიმე სახეობა, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოების დროს, საფრთხემ შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს ასეთი ორგანიზმები”, - განაცხადა აგულაშვილმა თეორემაში.

მისივე თქმით, საჭიროა ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება.

„ქართულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას უპირატესობა აქვს თუნდაც თურქულ გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან შედარებით. მაგრამ მას სჭირდება ხარისხში გაუმჯობესება, რადგან ქართველი ფერმერები ჭარბად ხმარობენ პესტიციდებსა და ნიტრატებს. ცალკეული პარამეტრებით შემოწმებისას ქართულ პროდუქტში ნიტრატის შემცველობა ხშირად არის ძალიან მაღალი, ვიდრე იგივე თურქულ პროდუქტში. ჩვენი სტრატეგიაა, გავეჯიბროთ, მაგალითად, თურქეთს არა დაბალხარისხიანი პროდუქტის წარმოებაში, არამედ მივიღოთ მაღალხარისხიანი პროდუქტი და, ამავე დროს, შრომის რენტაბელურობის ამაღლებით პროდუქტის ფასი არ იყოს კატასტროფული”, - თქვა აგულაშვილმა.

მთავრობის ინიციატივით, გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე რეგულაციები შემოდის, რომელიც გენმოდიფიცირებული წარმოების აკრძალვას, რიგ შემთხვევაში კი, პროდუქციის მარკირებას ითვალისწინებს. კანონპროექტი “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” უკვე მზად არის და მის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

კომენტარები