საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: საქართველოს რუსეთისთვის პრობლემების შემქმნელად არ განვიხილავთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.

„თემა დაიწყო პესკოვის განცხადებით, პესკოვის განცხადებას მოყვა პუტინის რეპლიკა, ამის მერე იყო ჩემი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ შეხვედრას აქვს მნიშვნელობა, თუ არის მზაობა ყველაზე მტკივნეული საკითხების გადასაწყვეტად. ამის მერე უკვე არის კარასინის განცხადება. ამ დინამიკაში თუ დავაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მხრიდან საგანგებო ყურადღება დაეთმო შესაძლო შეხვედრას. ყველაზე დიდ ინტერესს ჩემში იწვევს, ჩემს განცხადებაზე, როდესაც.. ამის მერე გაკეთებული კარასინის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ შეხვედრის მოსამზადებლად უნდა დაიწყოს მუშაობა, ეს ჩემთვის აჩვენებს თემის სერიოზულად დასმის წინაპირობას.

ახლა რომ შევხედოთ დინამიკას, რომელსაც ჩემი აზრით უაღრესად სერიოზულად და პროფესიონალურად აკვირდებიან რუსი პოლიტიკოსები და უმაღლესი თანამდებობის პირები. ჩემი განცხადებები თავიდანვე, დღესაც იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს უაღრესად დაძაბული ფონი. რომ ჩვენი ხელისუფლების ტენდენცია არის დეესკალაცია დაძაბულობის. და ამავე დროს ჩვენთვის პრინციპული არის სუვერენიტეტის, ეროვნული ტერიტორიების მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ჩვენი ეროვნული პოზიციის გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. რომ ეს ის თემებია, რომელშიც ჩვენ ვერ ვხედავთ რანაირად შეიძლება იქნას რაიმე მაინც დათმობილი. ეს განცხადებები კეთდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც" - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო თავს არ განიხილავს რუსეთისთვის დისკომფორტის შემქმნელ ქვეყანად.

"ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ საქართველოს პერსპექტივაში, როგორც რუსეთისთვის პრობლემების, ან დისკომფორტის შემქმნელ ქვეყანად, არამედ პირიქით, მიგვაჩნია, რომ საქართველო არის კეთილმეზობლური პოლიტიკის მიმდევარი, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იქნება აღიარებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი. ეს მესიჯი არც ერთ ეტაპზე, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების მერე არ შეცვლილა", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები