თბილისის საკრებულო

უგულავა: ვნანობ, რომ საკრებულოს ბევრ წევრს მე გავუხსენი პოლიტიკის კარი

ტაბულა

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ნანობს, რომ საკრებულოს დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთი წევრი პოლიტიკაში თავად მიყვანა. როგორც უგულავამ გადაცემა რეაქციაში, საკრებულოს უმრავლესობის ყოფილ ნაციონალ წევრებზე საუბრისას აღნიშნა,  ნაციონალური მოძრაობა ამის გამო, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე  დაისაჯა.

"მე ბევრი პრეტენზია მომისმენია, მათ შორის, ბევრი დაუსაბუთებელი, თუმცა, ესაა ის პრეტენზია, რომელსაც ვიღებ და თუ რამეს ვნანობ, რა თქმა უნდა, ვნანობ ამას, რადგან ბევრს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი ან მე ვერ შევძელი პრევენცია მომეხდინა. ბუნებრივია, ეს პრობლემაა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო თავის დროზე, სწორედ ეს არის. პოლიტიკაში დაუწერელი აქსიომა არსებობს და ერთმა ძველმა პოლიტიკოსმაც თქვა - "როცა ოპოზიციაში ხარ, როგორც წესი, უფრო გიჟები გეწებებიან, ხოლო როცა ხარ ხელისუფლებაში - საშოვარზე მოსული ნაძირლები". როგორც ჩანს, ასეთი რამ გარდაუვალია და სწორედ ამან განაპირობა მათ შორის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დაუდგა და რომლის გამოც, სრულიად სამართლიანად ვიტყოდი, 1-ელ ოქტომბერს დაისაჯა", - აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოს რამდენიმე წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა და ქართულ ოცნებაში გადაინაცვლა, მათ შორის არის თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. შედეგად, ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები