ადგილობრივი არჩევნები

3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტიები ნახევარ მილიონ ლარს მიიღებენ

wikipedia.org

კოალიცია ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი მონახაზი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, რომელიც პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა.

ამასთან, ძიძიგურის განმარტებით, საარჩევნო სტრატეგიაზე მსჯელობის მიუხედავად, პერსონიფიკაციამდე საკითხი ჯერ არ მისულა. 

"კოალიცია ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამ თემაზე გვქონდა საუბარი - უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს პოზიციები, თუ როგორი იქნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი მონახაზი. საარჩევნო სტრატეგიაზე კოალიცია მსჯელობს, რაც შეეხება პერსონიფიკაციას, ვინ იქნებიან კონკრეტული კანდიდატები, საკითხი აქამდე არ მისულა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

მისივე განმარტებით, საუბარი შეეხება საარჩევნო სისტემის თემატიკასაც.

"როგორც იცით, საარჩევნო კოდექსი ისევ პარლამენტის კედლებს შორისაა, ანუ კოდექსი მიღების პროცესშია, არის რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ჩვენი მხრიდანაა მომზადებული. მათ შორის ერთი შეეხება კომპენსაციის საკითხს ადგილობრივი არჩევნების დროსაც, 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, იქნება ნახევარი მილიონი ლარის კომპენსაცია პარტიებზე. ამასთან, მუშავდება ახალი სქემები, თუ როგორაა შესაძლებელი მცირე პარტიების წარმომადგენლობის გაუმჯობესება. ეს არის საკითხები, რასაც კოალიციის სხდომაზე განვიხილავთ", - დასძინა ძიძიგურმა.

კომენტარები