სასჯელაღსრულების დაწესებულებები

სუბარი: იმის თქმა, რომ კრიმინალური სამყაროს გავლენა აღმოიფხვრა, შეუძლებელია

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ციხეებში დანაშაული კვლავ ხდება, უბრალოდ, სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად აღკვეთოს ის.

"ქურდული სამყარო რომ არ გამქრალა, ვიცით. რამდენიმე დღის წინ ციხის გარეთაც ჩაატარა პოლიციამ სპეცოპერაცია და ქურდული სამყაროს წევრები დააკავა, იქაც "ობშიაკის" თემა იყო. კატეგორიულად იმის თქმა, რომ კრიმინალური სამყაროს გავლენა აღმოიფხვრა, გნებავთ, ციხეებში და გნებავთ, ციხის გარეთ, შეუძლებელია, მაგრამ აქეთ მივდივართ", - განუცხადა სოზარ სუბარმა კვირის პალიტრას. მისივე თქმით, ციხეებში დაწყებული რეფორმების მიზანი სწორედ ესაა.

"დანაშაული ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. რომ გითხრათ, დანაშაული არ ხდება, არ არის მცდელობა, შეიტანონ ნარკოტიკი, ტელეფონი, პატიმრები ერთმანეთში არ ჩხუბობენ, არ არსებობენ ციხის კორუმპირებული თანამშრომლებიო, დამიჯერებთ? გეგუთში მიმდინარე მოვლენებში დიდი წვლილი დაწესებულების თანამშრომლებს მიუძღვით, მათაც არ მოსწონთ ახალი წესები, სწორედ მათ ნაწილს შეჰქონდა ციხეში ფსიქოტროპული წამლები, ნარკოტიკი, ტელეფონები. თავისუფლების მეტროსთან დააკავეს ჩვენი ექიმი ნარკოტიკით, სავარაუდოდ, ციხეში უნდა შეეტანა", - ამბობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. მისივე თქმით, ციხეში ასევე ხშირია აკრძალული ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტები.

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, ე.წ. კანონიერი ქურდები ამჟამად მხოლოდ მე-7 დაწესებულებაში იმყოფებიან, თუმცა, სამინისტრო ცდილობს, სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული ე.წ. ავტორიტეტები დახურული ტიპის დაწესებულებებში გადაიყვანოს.

კომენტარები