ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატი: ბოლომდე ვიდავებთ სამართლებრივ ნაწილში

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს. ჩივიაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლემ ვერ გაუძლო ხელისუფლების ზეწოლას და აბსოლუტურად უკანონო განაჩენი გამოიტანა.

"ჩვენ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაგვიკითხეს. სამოტივაციოს როცა გავეცნობით, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ შემდგომ ინსტანციებში. ბოლომდე ვიდავებთ სამართლებრივ ნაწილში, იმდენად რამდენადაც, განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არცერთ შემთხვევაში არ გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომელიც როგორც საზოგადოებამ მოისმინა, ასევე სასამართლომ ნახა ცხრა თვის პერიოდში. როცა ეს საქმე ქუთაისში გადმოიტანეს, მაშინვე იყო ჩაფიქრებული ალბათ ასეთი განაჩენი. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე გაუძლებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო ამ წნეხს და დღეს გამოაცხადა აბსოლუტურად უკანონო განაჩენი", - აცხადებს ადვოკატი. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლამ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები