თბილისის ბიუჯეტი

არასამთავრობოები თბილისის საკრებულოს ბიუჯეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და სამართლიანმა არჩევნების ხელმძღვანელებმა, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ დღეს, 17 თებერვალს, სააგენტო პირველის პრესკლუბში თბილისის საკრებულოსა და მერიას შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე პრესკონფერენცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პროცესმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო და საკრებულო ბიუჯეტის მიღების პროცესს აჭიანურებს.

"მერიამ პირველ ეტაპზე წარადგინა ბიუჯეტი 720 მილიონ ლარზე, მეორე ეტაპზე 730 მილიონზე, მესამეზე კი - 780 მილიონზე. პირველად როცა წარუდგინა მერიამ ბიუჯეტი საკრებულოს, საკრებულომ დაუბრუნა ბიუჯეტი და საკრებულოს ჰქონდა 14 შენიშვნა. ამ 14 შენიშვნიდან მერიამ გაითვალისწინა 9. ზოგიერთი ისეთი რეკომენდაციაც გაითვალისწინა, რომ იმის ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალური ფონი ასეთი მძიმეა, არც უნდა გაეთვალისწინებინა. მაგალითად, ლადო ასათიანის ძეგლის დადგმა რუსთაველის გამზირზე, ან კიდევ კალათბურთის ნაკრების შექმნა და დაფინანსება თბილისში. ეს არ იყო ისეთი საკითხები, რომლის გამოც შეიძლებოდა ბიუჯეტის შეფერხება.

როცა შემდეგ ჯერზე მერიამ 50 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, საკრებულომ განაცხადა, რომ ის გაზრდილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდა და არ მიიღო მერიის არგუმენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტი საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინების გამო გაიზარდა.

მერიამ გაითვალისწინა შენიშვნები და შემდეგ ჯერზეც გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნები, მაგრამ მაინც უარი მიიღო ბიუჯეტის დამტკიცებაზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, საკრებულოს შეეძლო თავისი შენიშვნები პირველივე ჯერზე წაროედგინა.

"როცა მერიამ საკრებულოს წარუდგინა ბიუჯეტი პირველად, საკრებულოს თუ რამე შენიშვნები ჰქონდა, ყველა ეს შენიშვნა მაშინვე უნდა აესახათ მერიისადმი თავიანთ მიმართვაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩნდება ახალ-ახალი ინიციატივები ბიუჯეტთან დაკავშირებით და ამ პროცესს დასასრული არ უჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროცესი მართლაც არის ხელოვნურად შეფერხებული. არცერთი შენიშვნა, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოს მხრიდან, არ არის საფუძველი იმისა, რომ ეს ბიუჯეტი არ დამტკიცდეს. თუკი საკრებულო მიიჩნევს, რომ აქ გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ახალი მერისთვის შეუძლებელი იქნება ამ ბიუჯეტის შესრულება, კანონი აძლევს საშუალებას საკრებულოს, შემდგომში შეცვალოს ბიუჯეტი. ეს არ არის ის წონიანი არგუმენტი, რის გამოც არ უნდა დამტკიცდეს ბიუჯეტი და შეფერხდეს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც გაწერილია ამ ბიუჯეტში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის საკრებულოს, რომ ყურადღება მიაქციონ ამ პროცესს. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი მიიღებენ, მიღებული იყოს ისე, რომ გათვალისწინებული იქნება რიგითი მოქალაქეების უფლებები და მათი ინტერესები. ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ ეს უკვე არის პოლიტიკური პროცესი და აქ მოქალაქეთა ინტერესის გათვალისწინება არ ხდება", - უთხრა ჟურნალისტებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოები ბიუჯეტის განხილვის პროცესში საკრებულოს ინიციატივით ჩაერთნენ, ამას რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია.

"მიუხედავად იმისა, რომ თავად საკრებულოს შემოთავაზება იყო, ჩავრთულიყავით ამ პროცესში, რეალურად ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არ მოჰყოლია შეხვედრები. ეს გვაფიქრებინებს, რომ საკრებულოს მხრიდან არ არსებობს ნება, სერიოზულ კონტრუქციულ გარემოში მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტა", - ამბობს ლომჯარია, რომელიც ასევე მოუწოდებს დედაქალაქის საკრებულოს, ნუ გააჭიანურებს დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებას.

საერთაშორისო გამჭვივრალობა საქართველომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების დეტალური ანალიზი გამოაქვეყნა ვებგვერდზე, სადაც მოყვანილია არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევს ორგანიზაცია, რომ პროცესს საკრებულო აჭიანურებს.

კომენტარები