ლევან ვარშალომიძის დაკითხვა

პროკურატურა ვარშალომიძეს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმის პროკურატურა დატოვა. მისი თქმით, პროკურატურა ხულოს ქუჩაზე მდებარე შენობის გასხვისების დროს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ვარშალომიძე პროკურატურაში დაბარებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტერორი ხორციელდება.

"მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. არჩევნები მოდის და არჩევნების წინა პერიოდში ტერორი, ალბათ, უფრო მეტად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ ბევრი ჩვენი აქტივისტის და პარტიის წევრების დაბარებასაც. კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ დადგმული შოუ, რომელიც დღესაც გრძელდება. მე მართლა მიხარია, რომ ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ავაშენეთ. ყველა ობიექტი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გასხვისებული და ჩვენს დროს აშენდა, მიხარია და ვამაყობ ამით. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობას ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რომ არაფერი აქვს გაკეთებული, უნდა ამის გადაფარვა და ღმერთმა ხელი მოუმართოს.

კონკრეტულად, საქმე ეხება ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, #6-ში მდებარე შენობის გასხვისებისას ჩემი უფლებამოსილების გადამეტებას. ჩვენს დროს გასხვისებული საინვესტიციო ობიექტი ახალმა მთავრობამ გააგრძელა, კითხვა ისმის, ჩვენთან რა გინდათ?! ასე რომ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ბათუმში ვართ და პროკურატურის მხრიდან ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად ვართ", - აღნიშნა ვარშალომიძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. დაკითხვის დასრულებამდე ბათუმის პროკურატურასთან იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი უმცირესობიდან მიხეილ მახარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან.

კომენტარები