სამოქალაქო კოდექსი

სახელმწიფო „მევახშეების” წინააღმდეგ

იაგო ხვიჩია
0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 25 დეკემბერს მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შესახებ", უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შევიდა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

ცვლილებების მთავარი შინაარსი მიმართულია იმ კერძო გამსესხებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ფულის გასესხების შედეგად იღებენ სარგებელს, მაგრამ არ წარმოადგენენ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს.

აღნიშნული ცვლილებების წაკითხვის შემდეგ, ძალიან მარტივია მისი ინიციატორების პროგნოზის წაკითხვა, ისინი ფიქრობენ, რომ კანონის ამოქმედებისთანავე, ამ ტიპის საქმიანობა ფაქტობრივად შეწყდება, რაც, როგორც ჩანს, კანონმდებლის პირდაპირი მიზანი იყო (და არამხოლოდ კანონმდებლის).

„მევახშეები იყო ხალხი, რომელსაც ხალხის დაყაჩაღების უფლება მისცეს. მგონია, რომ დღეს სახელმწიფომ უნდა მიიღოს თანმიმდევრული გადაწყვეტილება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ყველა სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს ლეგალური ყაჩაღობის დასაკანონებლად".
გედი ფოფხაძე

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს...

ე.წ. კერძო გამსესხებლებთან ბრძოლა მოქმედმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოაცხადა.

თავდაპირველად მათი მარგინალიზაციის კამპანია დაიწყო. მათ „მევახშეები" უწოდეს (სულხან-საბა ორბელიანის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ვახში განიმარტება, როგორც „უწესო ვალის სარგებელი"), მთავრობის წევრები ხშირად საკმაოდ მკაცრი ტონით საუბრობდნენ ამ მიმართულებით მოსალოდნელი ცვლილებების მოახლოებაზე:

„ცვლილება იქნება იმისკენ მიმართული, რომ კერძო იპოთეკარებმა, რომლებსაც ხშირად, არცთუ ისე უსაფუძვლოდ, მევახშეებს ეძახიან, ვეღარ შეძლონ ისარგებლონ მატერიალურად სუსტ მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანების მდგომარეობით და არ იყვნენ ჩასაფრებულები, რომ, ვთქვათ, 1000 და 2000 დოლარის ვალად ხელში ჩაიგდონ ძვირადღირებული ბინები, მიწები და ქონება", – აცხადებდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
დაახლოებით იმავეს იმეორებს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიც, ციტატა:

„კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„იპოთეკა თანამედროვე რეალობაში არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, არამედ კრედიტორის (ე.წ. მევახშეების) ძირითადი ინტერესი გახდა".

დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან გედი ფოფხაძე, უფრო შორს წავიდა და კერძო გამსესხებლები ყაჩაღებადაც კი მოიხსენია:

„მევახშეები იყო ხალხი, რომელსაც ხალხის დაყაჩაღების უფლება მისცეს. მგონია, რომ დღეს სახელმწიფომ უნდა მიიღოს თანმიმდევრული გადაწყვეტილება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ყველა სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს ლეგალური ყაჩაღობის დასაკანონებლად".

უფრო კორექტული, მაგრამ კერძო იპოთეკარების მიმართ ასევე კრიტიკული იყო საქართველოს ბანკების ასოციაცია. მისი ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, კერძო იპოთეკარები თავიანთ საქმიანობას დაურეგისტრირებლად და არალეგალურად ახორციელებდნენ, რაც ქართულ საფინანსო ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენდა.

პოლიტიკოსების და ჟურნალისტების შეგნებული თუ შეუგნებელი მოქმედებების შედეგად, დამკვიდრდა სიტყვათა ისეთი უხერხული და უშინაარსო ერთობლიობა, როგორიცაა „კერძო იპოთეკით დაზარალებული" ან „მევახშეებისაგან დაზარალებული იპოთეკარი" (აქ შინაარსობრივი შეცდომაცაა, ვინაიდან „იპოთეკარი" კრედიტორს ნიშნავს)" და სხვა.

იმის გასაგებად, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რამდენიმე სიტყვით, ე.წ. მევახშეობის ისტორიას გადავავლოთ თვალი:

1. საბჭოთა კავშირის დროს, სესხის ხელშეკრულებით პროცენტების გადახდევინება დაშვებული იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის სპეციალური კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში (ბანკების, საზოგადოებრივი ურთიერთდამხმარე სალაროების, შემოქმედებითი კავშირების და ა.შ. მიერ), სხვა ჩვეულებრივი პირები, სესხის ხელშეკრულებით დამატებით პროცენტებს ვერ გაითვალისწინებდნენ (საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 174-ე და 393-ე მუხლები).

ამავდროულად, ძალიან მცირე იყო პროცენტი ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზეც – წლიური 3% (საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 225-ე მუხლი).

საწარმოო საშუალებათა სახელმწიფოს ხელში არსებობის და საბაზრო ეკონომიკის არარსებობის პირობებში, მსგავსი რეგულირება, როგორც ჩანს, შესაძლებელი იყო, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეს წარმოუდგენელია.
2. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 26 ივნისს მიღებული იქნა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელმაც სესხების და პროცენტების ბედი შემდეგნაირად გადაწყვიტა:

„სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია" (მუხლი 625).

როგორც ვხვდებით, კანონით დაწესდა ზოგადი პრინციპი, რომლის კონკრეტიზაცია, შემდგომ, სასამართლო პრაქტიკით და ეროვნული ბანკის მიერ უნდა დადგენილიყო. როგორც იმ პერიოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი ცხადყოფს, 1997-1999 წლების ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა შეადგენდა 2,5%-დან 5%-მდე თვეში და სასამართლოთა მიერაც ამ ფარგლებში ხდებოდა პროცენტების დაწესება (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის N3კ/887 განჩინება). დაახლოებით იმავეს (2.5%-ს) იმეორებს შემდგომი პერიოდის 2006 წლის 30 მაისის Nას-1184-1428-05 უზენაესი სასამართლოს განჩინება.

3. მუხლის ზემოაღნიშნულმა რედაქციამ 2007 წლამდე იარსება, ხოლო 2007 წლის 29 ივნისის კანონით, მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 625 სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".

ანუ, ამ დროის შემდგომ, განსახილველ 2013 წლის 25 დეკემბრის ცვლილებებამდე, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი არ მომხდარა, პროცენტის ოდენობას საბაზრო ურთიერთობები არეგულირებდა.
რა მოხდა ამ პერიოდში?

2007-2013 წლებში, ბანკების მიერ გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი მერყეობდა – იპოთეკურ სესხებზე 10%-დან 20%-მდე, სამომხმარებლო და ბიზნესსესხებზე 15%-დან 30%-მდე, ხოლო ბანკების მიერ სხვადასხვა საკრედიტო ბარათების მეშვეობით გაცემული სესხები გაიცემოდა 30%-ზე მაღალი განაკვეთით.

საბანკო დაწესებულებები მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული მაღალი რისკფაქტორებით ხსნიდნენ.

ე.წ. კერძო იპოთეკარების მიერ გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შედარებით მაღალი იყო და ძირითად შემთხვევაში შეადგენდა გაცემული თანხის 2.5%-დან 5%-მდე თვეში (აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სალომბარდო დაწესებულებათა მიერ გაცემული თანხების შესწავლით, დღემდე სალომბარდო სესხები ამ საპროცენტო განაკვეთით გაიცემა).

თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც თანხა იპოთეკარების მიერ გაიცემოდა უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ვთქვათ, ყოველთვიური 5-8%, რომლის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილა და დამდგარა ის შედეგები, რაზეც ზემოხსენებული თანამდებობის პირები მიუთითებდნენ.

მსგავსი პირობით გაცემული კრედიტების საერთო ხვედრითი წილი ზუსტად რამდენს შეადგენს, არავინ იცის, ასეთ სტატისტიკას ქვეყანაში არცერთი უწყება არ აწარმოებს. თუმცა, არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, რაღაც ტიპის დასკვნების გამოტანა შესაძლებელია.

მაგალითად:

თუ ადამიანს აქვს სამსახური, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა უძრავი ქონება, მას საბანკო დაწესებულებები რაღაც ოდენობის თანხას სამომხმარებლო სესხის სახით მისცემენ.

საბანკო დაწესებულებები თანხას გასცემენ იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანს მართალია არ აქვს სამსახური, მაგრამ აქვს უძრავი ქონება და უნდა ბიზნესის დაწყება.

თუ ადამიანს არც სამსახური აქვს, არც უძრავი ქონება, მაგრამ აქვს ძვირფასეულობა, ავტომანქანა ან სხვა ტიპის ტექნიკა, სალომბარდო დაწესებულებები უპრობლემოდ გასცემენ გარკვეული ოდენობის თანხას.

(ყველა დასახელებული შემთხვევის მიახლოებითი საპროცენტო განაკვეთები იხილეთ ზემოთ, არცერთი განაკვეთი არ აღემატება იმ ზღვარს, რომელიც დადგენილი იყო კანონით 1997-2007 წლებში).

დარჩნენ ის მომხმარებლები, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში არ ჯდება და მათ უბრალოდ არ შეუძლიათ (ან შეუძლიათ არასაკმარისი ოდენობით) თანხის მიღება, არცერთი ზემოაღნიშნული ფორმულით.
რა კატეგორია შეიძლება იყოს ასეთი?

განსაკუთრებული პრობლემის (ძირითადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული) მქონე ადამიანები, რომელთაც სასწრაფოდ სჭირდებათ გარკვეული ოდენობის თანხა და ყველაფრისთვის მზად არიან მის მისაღებად, ანუ მათთვის ეს თანხა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად მისი ცუდი პირობებით შოვნისა, ამაზე წასვლა უწევთ (აქ სრულიად გაუგებარია, პოლიტიკურ თანამდებობის პირთა (და არამხოლოდ) სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ადამიანებმა არ იციან რას აწერენ ხელს).

ეს არის სწორედ ის კატეგორია, რომლის დაცვასაც ცდილობს კანონმდებელი 2013 წლის 25 დეკემბრის ცვლილებებით. და მაინც, რაში მდგომარეობს ამ ცვლილებების ძირითადი არსი:

1. იმ შემთხვევევაში, თუ ფულის გამსესხებელი არის ე.წ. მევახშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით (ნოტარიუსის ჩარევის გარეშე აღნიშნული გარიგების დამოწმება მარეგისტრირებელ ორგანოში – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჯდება 5 ლარი, ხოლო ნოტარიუსის მიერ ამ გარიგების საჯარო წესით დამოწმების საფასური დგინდება გარიგების ღირებულებიდან გამომდინარე (მაგალითად: 3000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით გარიგების დამოწმების ღირებულება შეადგენს 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევით თანხის 0,5%), ანუ, ისედაც ძვირი კრედიტი კიდევ უფრო ძვირდება.

2. „იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას".

ამ დებულებით კანონმდებელი ამბობს, რომ მოქალაქემ არ იცის რა მოჰყვება მის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, ამიტომ ეს სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა განუმარტოს და ამ განმარტებაში ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირი დამატებით თანხას იხდის.

3. „იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან".

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე 2012 წელს შეადგენდა უცხოურ ვალუტაში 14.1%-ს. შესაბამისად, ზემოთ თქმული ფორმულის მიხედვით, ვიღებთ 14.1 x 2.5 / 12 = 2.9375% თვეში.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში რისკფაქტორები მაღალია, კერძო იპოთეკარები ან ვერ გასცემენ კრედიტს იმ პირებზე, ვისზეც აქამდე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გასცემდნენ, ან რაიმე სხვა გზა უნდა მოიფიქრონ ამ კანონის გვერდის ასავლელად.

როგორ შეიძლება ამ კანონის გვერდის ავლა?

ამ მიზნით რამდენიმე გზის მოფიქრება შეიძლება, მე ვეცდები, ყველა მათგანი, გასაგები მიზეზების გამო, არ დავახასიათო, მაგრამ ერთი მათგანის დახასიათება მაინც მომიწევს.

როდესაც ფულის გასესხება, მაღალი საპროცენტო განაკვეთით ან რაიმე სხვა ფორმით, კანონით აკრძალულია, ეს სესხის გაცემის შეწყვეტას კი არ გამოიწვევს, არამედ ხელშეკრულების შინაარსის ცვლილებას – მაგალითად, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად დაიდება საგარანტიო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც უკეთესად უზრუნველყოფს გამსესხებლის ინტერესების დაცვას სასესხო ურთიერთობების მოქმედების პერიოდში, ხოლო სესხის დაბრუნების შემდეგ, საკუთრებაში გადაცემული ქონების უკან დაბრუნება მოხდება, ასევე მხარეთა შეთანხმების შედეგად.

(კანონის კანონიერად გვერდის ავლის ამ გზის გაშიფვრას არც გავბედავდი, მსგავსი პრეცედენტები (თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში), საბანკო დაწესებულებების მიერაც კი, აქამდე რომ არ ყოფილიყო გამოყენებული).

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის გაანალიზებას, რომ კანონის გვერდის ავლის ეს და სხვა ფორმები, გაცილებით უფრო მეტად დააზარალებს მსესხებლის მდგომარეობას, ვიდრე ცვლილებებამდე არსებული რეგულირება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ განსახილველი ცვლილებები საზიანოა არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც თანხა ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ იმ ხალხისთვისაც, რომლებიც თავს ამ ბიზნესით ირჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს, როგორც კრიმინალებს, ისე მოიხსენიებენ, ეს არის ხალხი, რომელთა საარსებო წყაროსაც ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური ბიზნესი წარმოადგენს და ამ საშუალების მოსპობის შემთხვევაში, შესაძლოა ისინი არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომელთა დაცვასაც კანონმდებელი ცდილობს.

დაბოლოს, ამ ცვლილების არსებობისთვის, კიდევ არსებობს ერთი პრობლემა და მას საქართველოს კონსტიტუცია ჰქვია.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას".

აღნიშნულ მუხლს დამატებით განმარტავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება, სადაც განსაზღვრულია:

„კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროშიც კი, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიებია გაბატონებული..."

„კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანმიმართულებაა თავისუფალი, კონკურენტული ბაზარი... კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას.

კონკურენციის არსებობისა და განვითარების სამართლებრივი გარანტიები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმოების თავისუფლების განვითარებას, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობას, კერძო საკუთრების დაცვას, შეთანხმების თავისუფლებას, დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობის აღიარებას და, სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციისადმი სხვა დახმარებებს. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის სისტემები იმ ქვეყნებში, რომლებიც ორიენტირებული არიან საბაზრო პრიორიტეტებზე ეკონომიკის რეგულირებაში".

რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით...

ის, რომ განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს გარდამავალი შინაარსის ტექსტს კომუნისტურ (არ მიესალმება ყველას მიერ სესხების გაცემას) და პოსტკომუნისტურ მიდგომებს შორის (დადგენილია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი), რომელიც უფრო გადახრილია 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ვერსიისკენ. ხოლო სარეკომენდაციო რჩევებით მკითხველი ზედმეტად რომ არ გადავღალო, მოკლედ ვიტყვი: ეს კანონი მოუთმენლად ელოდება საკონსტიტუციო სარჩელის ავტორს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ

კომენტარები