ფანჯიკიძე ბრიუსელში

ფანჯიკიძე: შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა

Facebook / maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ფანჯიკიძემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ასოცირების ხელშეკრულების, რაც შეიძლება მალე, ხელმოწერაა.

ფანჯიკიძემ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ, მისი წარმატებით ჩატარება ქვეყნისთვის დემოკრატიის საბოლოო ტესტი იქნება.

სიტყვით გამოსვლისას, მაია ფანჯიკიძემ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ზეწოლაზეც გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"რუსეთთან შერბილებული პოლიტიკით მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა, აღდგა სატრანსპორტო მიმოსვლა და ხალხთა შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, შევეცადეთ მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, რომ სპორტი არ უნდა ავურიოთ პოლიტიკაში. თუმცა, რუსეთის ფედერაცია შეეცადა სოჭის ოლიმპიადა გამოეყენებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. რუსეთ ამის მიღწევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის სტატუსის პროპაგანდით და საქართველოს ტერიტორიაზე 11 კმ-იანი უსაფრთხოების ზონის შექმნით ცდილობს. პოზიტიური ძვრები რომელსაც ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებში ვხედავთ, არ ასახულა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსკოვი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლებით. რუსეთის ამ ზეწოლის გაძლიერებას მომავალშიც ველით." - თქვა ფანჯიკიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ უცხოელი კოლეგების კითხვებსაც უპასუხა. ძირითადი შეკითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა. მაია ფანჯიკიძეს შეკითხვა თბილისის არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენებაზე, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესსა და ქვეყანაში შერჩევითი სამართალის მხრივ არსებულ სიტუაციაზე დაუსვეს.

"ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში შერჩევით სამართალთან დაკავშირებული კითხვები ამოწურულია. გასულ წელს ვაჩვენეთ, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელია როგორც არასდროს. არ ვგულისხმობ, რომ ქართული სასამართლო გავლენებისგან 100 %-ით თავისუფალია, თუმცა, წარსულში არსებულ სისტემას თუ შევადარებთ, განსხვავება მკაფიო იქნება. საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. მიმაჩნია, რომ შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა. დღეს საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რამდენიმე წლის წინ არსებული სასამართლოს პირობებში ის ციხეში არა 5, არამედ 15 ან 20 წლითაც შესაძლოა ჩაესვათ. ეს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგია. რაც შეეხება თბილისის მერს, ის არ არის ციხეში, გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ მის დასრულებამდე განაჩენზე წინასწარ საუბარი არ ღირს. გარდა ამისა, საქართველო ევროკავშირისა და ეუთოს აქტიური დაკვირვების ქვეშაა და მათ მიერ წარდგენილ ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აქვს." - თქვა ფანჯიკიძემ.

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლმა ხოსე იგნასიო სალაფრანკამ მაია ფანჯიკიძეს უთხრა, რომ ისინი ღელავენ შერჩევით სამართალზე საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილ პრემიერს 5 წელი მიესაჯა და თბილისის მერის გარშემო ასეთი ამბები ხდება. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ, ცხადია, ისინი არ აპირებენ, იმსჯელონ ამ ადამიანების უდანაშაულობაზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოში ძირითად თავისუფლებებისა და უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპარლამენტის თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ არნო დანჟანმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დაუსვა კითხვა. მან განაცხადა, რომ თავად აკვირდებოდა წინასაარჩევნო პროცესს, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩეველს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ჰპირდებოდნენ. ამასობაში გაირკვა, რომ ეს დაპირება ვერ სრულდება და რომ ქართული ოცნება ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ სთავაზობს ამომრჩეველს ისეთს, რასაც მისი წინამორბედი ვერ ახერხებდა.

კომენტარები