გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე - სიტუაციის წელში გადასატეხად ნიადაგი მომწიფებულია

ამერიკული მედიის მიერ კავკასიის ჩე გევარად წოდებული დეპუტატი, გივი თარგამაძე, ტაბულას უკრაინის ევრორევოლუციაზე, პრეზიდენტ იანუკოვიჩის ბიოგრაფიის უცნობ დეტალებსა და კრიმინალურ მენტალიტეტზე, მაიდნის ლიდერებსა და განაწყენებულ ოლიგარქებზე, ასევე ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკურ შეცდომებზე ესაუბრა.

 

საუბრის მთავარი თემა უკრაინაა – იანუკოვიჩით დავიწყოთ, რა მდგომარეობაშია ახლა ის თქვენი შეფასებით?

იანუკოვიჩი შეშინებულია, ცუდ მდგომარეობაშია, ამის დასტურია ის, რომ იანუკოვიჩი ოპოზიციას დათმობებს სთავაზობს. ის ალბათ პირველი პრეზიდენტია, რომელსაც მისი მართვის განმავლობაში არაფერი დაუთმია, ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაუხევია უკან. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მისი წარმოშობა, რომელიც განაპირობებს მის მოქმედებებს.


ფოტო: AFP
ეს ადამიანი ჩვეულებრივი კრიმინალია. კრიმინალი არა სახელმწიფოებრივი გაგებით, არამედ კრიმინალური გაგებით. ამ მხრივაც უკრაინა არის საოცრებათა ქვეყანა. მსგავსი პრეცედენტი იშვიათია.

იანუკოვიჩის ისტორია ასე გამოიყურება – არსებობდა დონეცკური ბანდა, თათრული ბანდა, თათრების მიერ შექმნილი და მრავალი წლის განმავლობაში, დაახლოებით 25 წლის განმავლობაში, კარგად სტრუქტურირებული.

თათრებში ვის გულისხმობთ, რომ განმარტოთ, ხშირად ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ.

თათრებში, ცხადია, აზერბაიჯანელებს არ ვგულისხმობ, ეს ხშირად ეშლებათ ხოლმე. უკრაინაში მცხოვრებ თათრებს ვგულისხმობ, დიდი თათრეთის დროიდან დარჩენილებს. რენატ ახმეტოვიც თათარია.

ეს ბანდა ჩამოაყალიბა ადამიანმა, ასევე თათარმა, რომლის მეტსახელიც იყო გრეკი. ამ ბანდის შექმნაში ქართველები – ძმები დოლიძეებიც მონაწილეობდნენ, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ გრეკთან. სწორედ დოლიძეებს მოუვიდათ კონფლიქტი რენატ ახმეტოვთან, რომელიც ამავე ბანდის ერთ-ერთი დაჯგუფების ოფიცერი იყო. მაშინ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასტიკად, მაგრამ არ მოკლეს. ალბათ, ეს იყო მათი შეცდომა, რადგან ახმეტოვი რეაბილიტირდა, ჯერ ერთი ძმა მოკლა – იქვე, დონეცკში, შემდეგ მეორე – აქ, მრგვალ ბაღთან. მეორე ძმის ქილერის ფოტოებიც გამოქვეყნდა თავის დროზე. თუმცა მისი დაჭერა ვერ მოხერხდა.

Yulia Tymoshenko
ამის შემდეგ, რენატ ახმეტოვი გრეკის მარჯვენა ხელი, მისი საყვარელი ბიჭი გახდა. მთელი ბანდის სტრუქტურას ახმეტოვი ხელმძღვანელობდა. ისინი მუდმივად ერთად მოძრაობდნენ, გარდა იშვიათი შემთხვევებისა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ფეხბურთის სტადიონზე, შახტიორის თამაში – მაშინ მოედნის მთელი ტრიბუნა აფეთქდა, გრეკთან ერთად. რამაც წარმოშვა საფუძლიანი ეჭვი, რომ გრეკის მკვლელობის უკან ახმეტოვი იდგა. თუმცა ამ ეჭვების გადასაფარად, ახმეტოვმა ხანგრძლივი გლოვა და შთამბეჭდავი დასაფლავება მოაწყო.

ზუსტად გლოვის პერიოდში, ახმეტოვმა გაიხსენა გრეკის ნაამბობი – ციხეში ყოფნის დროს, მას შეტაკება მოუვიდა ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან და სიკვდილს ახალგაზრდა პატიმარმა გადაარჩინა. ახმეტოვის თქმით, გრეკის თხოვნა იყო, რომ თუ მას რამე მოუვიდოდა, სიკვდილის შემდეგ ამ ბიჭისთვის მიეხედა. ეს ბიჭი აღმოჩნდა ვიქტორ იანუკოვიჩი. ახმეტოვმა ისე კარგად მიხედა, რომ საბოლოოდ იანუკოვიჩი პრეზიდენტი გახდა.

იანუკოვიჩი პირველად ქურდობისთვის გაასამართლეს – ქუდებს სტაცებდა ტუალეტში შესულ ხალხს. მეორედ გაუპატიურებაზე იჯდა. ეს დადასტურებულია და განიხილებოდა კიდეც მისი პრეზიდენტობის და პრემიერობის დროს. ბუნებრივია, შემდეგ შეეცადნენ ისტორიიდან ამის ამოშლას, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, კუნძულოვანი სახით მაინც არსებობს არქივებში.

მისი წარსულის შესაბამისად, მისი ქცევა სრულიად გასაგებია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის აუცილებლად დააპატიმრებდა ტიმოშენკოს, ასეთია მისი კრიმინალური გაგება – ვინც მოიგებს, ის წაგებულს ანადგურებს. იანუკოვიჩმა ტიმოშენკო ვერ მოკლა, მაგრამ დააპატიმრა.

Viktor Yanukovych
ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის შემდეგ, იანუკოვიჩმა რენატ ახმეტოვის და მისი გარემოცვის შევიწროება დაიწყო. ერთ-ერთი იყო ვინმე კალესნიკოვი, რომელიც ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახლდათ დონეცკში, ახმეტოვის შემდეგ. სხვათა შორის, კალესნიკოვს ეკუთვნის ჩემი უკრაინაში არშეშვების იდეა. ის იყო ვიცეპრემიერი იმ დროისთვის. კალესნიკოვი ისე შეავიწროვეს, იძულებული გახდა, მოსკოვისთვის შეეფარებინა თავი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – დონეცკელები იანუკოვიჩს თავისად არ აღიქვამენ. ის მათთვის სოფლელია, ენაიკიევოდან. დონეცკელი არის ახმეტოვი. ამიტომ, იანუკოვიჩმა სიტუაციის მართვა – ფულის შეგროვება (ცხადია, კრიმინალური მეთოდებით), გადააბარა თავის თანასოფლელს იურა ინაკიევსკის, რომელიც იმ დროისთვის უკვე ავტორიტეტული კრიმინალი იყო, ჟენევაში ცხოვრობდა. ინაკიევსკი დაბრუნდა და ყველაფერი გადაიბარა. ახმეტოვი ამოვარდა სურათიდან.

მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მომძლავრდა, იანუკოვიჩმა ინაკიევსკიც მოიშორა და მთელი ძალაუფლება შვილს მისცა. ეკონომიკურ/ფინანსურ ბლოკზე სრული გავლენა იანუკოვიჩის შვილს აქვს. ტელევიზიებსაც ის აკონტროლებს.
იგივე ხდება აქ.

რა ხდება აქ?

ივანიშვილსაც იგივე მენტალიტეტი აქვს. ის ვერ ენდობა თავის ნათესავებს – გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ მისი ოჯახის წევრები მუდმივად ფულს ჰპარავდნენ და ამის გამო ის პროკურატურასაც მიმართავდა ხოლმე ჩვენს დროს და საკუთარი ნათესავების დაჭერას ითხოვდა.

იჭერდით?

რენატ ახმეტოვი
ხანდახან ვიჭერდით კიდეც. რადგან საკუთარ ნათესავებს არ ენდობოდა, ადგა და თავისი ნათესავები, ღარიბაშვილის ნათესავებით ჩაანაცვლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს საქართველოში სიტუაციას ღარიბაშვილის სიმამრი – თამაზაშვილი აკონტროლებს.

საიდან იცით?

ახლა არ ვიჩქარებ. რამდენიმე თვის წინ დავდე პირობა, რომ ძველ პროფესიას გავიხსენებ და ცოტა ხანში საზოგადოებას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, როგორ დაეუფლა თამაზაშვილების კლანი პრაქტიკულად ყველა სეგმენტს საქართველოში.

საქართველოს დავუბრუნდები, მანამდე უკრაინა მინდა ამოვწუროთ. მოვლენების განვითარების როგორი სცენარი წარმოგიდგენიათ?

ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის სწორი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ ისინი უდანაკარგოდ გამოვიდნენ იმ სიტუაციიდან, როდესაც მათ იანუკოვიჩმა კომპრომისი შესთავაზა. ვგულისხმობ თანამდებობებს. იანუკოვიჩის წინადადება არ იყო უჭკუო – ერთი მხრივ, მან შეიძინა დასავლეთისთვის სათქმელი, რომ მზადაა კომპრომისისთვის, მეორე მხრივ, ოპოზიციას შეუქმნა რისკი.

თუ ოპოზიციის ლიდერები ამ წინადადებას დათანხმდებოდნენ, მაიდანი მათ ვერ გაუგებდა და ღალატად ჩაუთვლიდა. ამას გარდა, ძალაუფლებას მაინც იანუკოვიჩი შეინარჩუნებდა – უკრაინაში საპრეზიდენტო მოდელია. ამასთან, რადას იანუკოვიჩის პოლიტიკური ძალა აკონტროლებს.

ეს სიტუაცია იაცენიუკმაც სწორად შეაფასა – კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მთავრობის ჩაბარება შეიცავდა იმის წინაპირობას, რომ ცოტა ხანში მათ არა მხოლოდ ჩამოაცილებდნენ მთავრობას, არამედ კორუფციის ან სხვა ბრალდებით, ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს. ეს ხაფანგი იყო, რომელშიც ოპოზიცია არ გაება.


ფოტო: AFP
პასუხიც სწორად გასცეს – უკრაინულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი არ გაურბიან პასუხისმგებლობას, მაგრამ საკუთარი პირობებით და არა იანუკოვიჩის პირობებით.
მოთხოვნებიც სწორი აქვთ – პირველ რიგში, უნდა გაუქმდეს ის კანონები, რამაც ძალადობა გამოიწვია, და რიგგარეშე არჩევნები ამ წლის განმავლობაში.

პერსპექტივაზე მაინც არ მესაუბრებით...

რთულია იმის თქმა, როგორ გაიხსნება კვანძი. უკრაინა, ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ძალიან განსხვავებული ქვეყანაა დროის შეგრძნების თვალსაზრისით. სხვაგვარად აღიქვამენ უკრაინელები დროს. რადიკალური მოქმედებები დამღლელია, მაგრამ შეიძლება ამგვარი მოქმედებები დიდხანს გაგრძელდეს.

იანუკოვიჩის მდგომარეობა სარისკოა – მას ჰყავს ბერკუტი, მაგრამ ბერკუტის ძალები არ არის განუსაზღვრელი. ისინი მძიმე რეჟიმში არიან, სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებითაც ვიცით, რა მალე იღლება სპეცდანიშნულების რაზმი მოქმედებების დროს. მათი ფიზიკური შესაძლებლობები დასუსტებულია.

ამასთან, პროტესტი კიევს გასცდა და რეგიონებში გაიშალა, რაც თავისთავად ძალიან სწორი ნაბიჯია. პირველ რიგში იმიტომ, რომ იანუკოვიჩს ძალოვანი სტრუქტურების რეგიონებში გადანაწილება უწევს, მეორე იმიტომ – რომ პროცესს დინამიკას სძენს. დინამიკის არარსებობა პროტესტის რადიკალიზაციას უწყობს ხელს – ახლა, როდესაც დინამიკური გახდა პროტესტი, რადიკალიზმი იკლებს.

ცოტა ხნის წინ თქვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ლიდერები იანუკოვიჩის წინადადებას მიიღებდნენ და პრემიერის და ვიცეპრემიერის თანამდებობას დათანხმდებოდნენ, მაიდანს გაანაწყენებდნენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღის წესრიგს საპროტესტო მასა განსაზღვრავს და არა თავად ლიდერები, რამდენად სწორია ჩემი შთაბეჭდილება?

ეს ნაწილობრივ ლიდერების გამოუცდელობითაა განპირობებული. იულია რომ გარეთ იყოს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. თუმცა პირველი რევოლუციის დროსაც გარკვეულწილად ასე იყო – ხალხი ასწრებდა ლიდერებს მოქმედებას, პოლიტიკოსები ეწეოდნენ მოვლენებს.

კარგი ისაა, რომ ამჟამინდელი ლიდერებიც გზადაგზა იძენენ გამოცდილებას.

ახლა, როდესაც, თქვენი თქმით, ოპოზიციის ხაფანგში გაბმა არ გამოუვიდა, იანუკოვიჩს რა გზა რჩება?

ის ახლა გამოსავალს ეძებს, შანსებს აფასებს. ხალხი გაბრაზებულია. მართალია, მაიდნელები ძალიან რადიკალურად იქცევიან, მაგრამ ფაქტია, რომ მსხვერპლი მაიდნელებს შორისაა და არა ბერკუტელებს შორის. იანუკოვიჩი რასაც ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ისე წარმოეჩინა, თითქოს ძალოვანი სტრუქტურები და ხელისუფლება დაჩაგრა საპროტესტო ტალღამ, აღარ იმუშავებს.

იმასაც ხედავს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიკრიბოს ბევრი ხალხი და შეუტიოს სამთავრობო სტრუქტურებს, რასაც ასე გააფთრებით იცავს იანუკოვიჩი გრუშევსკის ქუჩაზე.

იანუკოვიჩს ახლა გარანტიები სჭირდება – ამიტომ იყო სწორი ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ არ ეთანხმებიან იანუკოვიჩის წინადადებას, მაგრამ არ გადიან მოლაპარაკებებიდან. ამის პარალელურად, აგრძელებენ საპროტესტო ტალღის გაზრდას.

მე ვფიქრობ, რაც დიდი იქნება საპროტესტო ტალღა, მით ადეკვატური გახდება იანუკოვიჩი.

როგორც უკვე ვთქვი, მან საკუთარი ძალაუფლება ძალიან ვიწრო წრეში ჩაკეტა. ამიტომ იგივე ახმეტოვისგან, რომელიც აღმოსავლეთის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, დახმარებას ვეღარ მიიღებს. ეს ჩანს. მათ ვერ შეძლეს მაიდნის საწინააღმდეგო აქციაზე ხალხის მობილიზება, მაშინ როდესაც ახმეტოვის დახმარებით თავისუფლად გამოიყვანდნენ 10-20 ათას კაცს.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ახლა აღმოსავლეთზე უნდა იმუშაოს. იქ სიტუაციის წელში გადასატეხად ნიადაგი მომწიფებულია. ახმეტოვმა შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს (მიუხედავად იმისა, რომ დადიოდა ხმები იმის შესახებ, თითქოს ის აფინანსებს საპროტესტო ტალღას), მაგრამ ხელს არ შეუშლის. მისი განცხადებებიც ამას მოწმობს – მშვიდობიან გამოსავალზე საუბრობს.

ხშირად ისმის ხოლმე საუბარი უკრაინის ორად გახლეჩაზე...

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მითია. ეს იმ პოლიტიკოსებმა მოიფიქრეს, ვისაც შესაძლებლობების დეფიციტი ჰქონდა და ამაზე თამაშობდა – როცა რაღაცას არ აკეთებდა, ვითომ იმის შიშით, რომ უკრაინა გაიხლიჩებოდა. ნებისმიერი უკრაინელი, დონეცკელი თუ ლუგანსკელი, თავს უკრაინელად მიიჩნევს. უბრალოდ, აღმოსავლეთუკრაინელია, რომელსაც ეშინია ლვოველების, არ უყვარს კიეველები, მაგრამ უკრაინელია და არა რუსი.

ლვოველების რატომ ეშინიათ?

მათი შეხედულება უკრაინის დამოუკიდებლობაზე და, განსაკუთრებით, რუსეთისგან დამოუკიდებლობაზე იმდენად ძლიერი და რადიკალურია, რომ ამას ვერ იგებენ აღმოსავლეთში. დასავლეთ უკრაინა სხვა ტრადიციებზეა გაზრდილი.

ბიძინა ივანიშვილი
დასავლეთ უკრაინაში არსებობს ხალხი, რომლებიც კარგად არიან შეიარაღებულნი და რუსეთთან ომის იდეას, წმინდად მიიჩნევენ. ამის გამოცდილება მათ აქვთ, კომუნისტებთან ომში ბოლო პარტიზანი 1958 წელს მოკვდა. ისინი მიტინგებში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ თუ შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, აუცილებლად გააქტიურდებიან.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროდასავლური ძალების გამარჯვებამ პუტინის რეჟიმზე?

პირველ რიგში, უკრაინის გარეშე ყოველგვარ აზრს კარგავს ევრაზიული კავშირის იდეა –- რომელიც ყველასთვის ცხადია, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას წარმოადგენს. ამასთან, ამით დამტკიცდება, რომ პუტინი არის სუსტი – რადგან თავის მთავარ ბრძოლას წააგებს.

ეს ჩვენთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ახლა არ სცალიათ რუსებს ჩვენთვის. მთელი რესურსი უკრაინაზე აქვთ გადართული. ჩვენთვის რომ ეცალოთ, შესაძლოა, ზაქარეიშვილის და ვოლსკის პირობებში მოთავებულიც ჰქონოდათ ყველაფერი. უკრაინაში თუ გაიმარჯვებენ, შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდებიან.

ვოლსკი და ზაქარეიშვილი რა შუაშია?

მათი პოზიციაა შუაში. მე არაერთხელ გამომითქვამს ეჭვი მათი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

პრემიერი და მისი გუნდის წევრები ცოტა ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა პოზიტიურად იმოქმედოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე...

ეს მიანიშნებს დღევანდელი ხელისუფლების სრულ სიბეცეზე, იმიტომ რომ ყველაფერი პირიქითაა. ევროპისთვის დღეს საქართველოს და მოლდოვას აზრი უკრაინასთან ერთად აქვს. თუ ევროპა უკრაინას დაკარგავს, მარტო საქართველოსთვის ბრძოლას, რომელსაც გაუგებარი ფასეულობების და ხედვის ხელისუფლება ჰყავს, ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება. მოლდოვა სხვა საქმეა, ის შეიძლება რუმინეთს ჩაებას და ევროპისკენ მსვლელობა თავისით გააგრძელოს.

ღარიბაშვილი იმასაც ამბობს, რომ რუსეთი არ არის ჩვენთვის იმ მასშტაბის საფრთხე, როგორც უკრაინისთვის, იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვართ რუსეთზე იმდენად დამოკიდებულები, მათ შორის, ეკონომიკურად.

თამაზ თამაზაშვილი
თავიდან თავი მოიკლეს რუსეთის ბაზრის გამო, ამბობდნენ, რომ რუსეთის ბაზრის მეშვეობით უნდა ამოესუნთქა ქართველ გლეხს. დღეს ამბობენ, რომ საქმე პირიქითაა და კარგია, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულები არ ვართ. თანაც გაირკვა, რომ გლეხისთვის ეს არანაირი შვება არ არის – ხუთთეთრიანი მანდარინი, ხუთ ლარად ვერ გააყიდინეს მათ რუსეთში. ეს რომ მოხდეს, საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს.

ღვინო ხომ გაიტანეს?

გაიტანეს, მაგრამ ცუდად მოუბრუნდებათ. რაღაც მომენტში ღვინოსაც დაუხურავენ ბაზარს. კარგია, რომ გლობალურად არ ვართ რუსეთზე დამოკიდებულები და ამისთვის მადლობა ჩვენ უნდა გვითხრან, ჩვენ შევძელით ახალი ბაზრების ათვისება, როდესაც მოვწყდით რუსულ ბაზარს. ამ ხელისუფლებამ კი, მთელი წინასაარჩევნო კამპანია, ამის გამო ჩვენს გინებაზე ააგო.

უკრაინის რუსეთზე დამოკიდებულებაც მითია. სინამდვილეში, ეს დამოკიდებულება კორუფციული სქემებითაა განპირობებული და იოლად დაძლევადია. მით უმეტეს ახლა, როდესაც უკრაინას შელთან აქვს კონტრაქტი ფიქლის გაზზე გაფორმებული და მალე ეს ქვეყანა საკუთარ თავს გაზით თავადვე დაიკმაყოფილებს.

ამასთან, რუსეთიცაა გარკვეულწილად უკრაინაზე დამოკიდებული, არა? რუსული გაზის ტრანსპორტირება ევროპამდე ხომ უკრაინის გავლით ხდება?

კი, ტრანსპორტირება მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე ჩვენ ვმუშაობდით. ბელარუსთანაც შევძელით რაღაც დონეზე ურთიერთობის დამყარება – გვინდოდა შეგვექმნა გაზის ტრანსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, ჩვენი ინტერესები დაგვეცვა გაზის მომპოვებელი ქვეყნების წინაშე. ლუკაშენკო თანახმა იყო, სამწუხაროდ, მაშინ უკრაინა გამოგვეცალა ხელიდან.

თუმცა, ბელარუსის ლიდერთან, ლუკაშენკოსთან ურთიერთობის გამო წინა ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ...

ჩვენ არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი, დადგა მომენტი, როდესაც ბელარუსს შესაძლოა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, ეს რეალურად იდგა დღის წესრიგში. ამის გათვალისწინებით, ცხადია, ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა, რომ აღგვედგინა ლუკაშენკოსთან ურთიერთობა. ვცდილობდით, რომ ეს ღირებულებების და პრინციპების ხარჯზე არ მომხდარიყო. ვცდილობდით, ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეგვესრულებინა დასავლეთსა და ბელარუსს შორის – ამ უკანასკნელსაც ჰქონდა რაღაც მოთხოვნები დასავლეთთან და ევროპასთან. ანუ მხოლოდ ჩვენ კი არ მიგვეღო სარგებელი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით, ლუკაშენკოც დაგვერწმუნებინა სწორი ღირებულებების დანერგვის მნიშვნელობაში.

ისევ საქართველოში რომ დავბრუნდეთ, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა მრავალფუნქციური არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე", რომლის ერთ-ერთი მიზანი იქნება საზოგადოების „აღზრდა", „ანალიზში დახმარება". სად ხედავთ ამ ორგანიზაციის ადგილს და რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

არ გამოვა ეს ექსპერიმენტი – საზოგადოება აღზარდოს, ჭუა ასწავლოს, როგორ შეიძლება უჭკუო ადამიანმა ვინმეს ჭკუა ასწავლოს?

როგორ შეიძლება უჭკუო ადამიანმა 7 მილიარდი იშოვოს?

ამის ბევრი მაგალითია რუსეთში. რუსი ოლიგარქები აიღეთ. მათი დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად უჭკუოა. სიტუაცია იყო ისეთი, რომ ფულის შოვნას არა ჭკუა, არამედ თავზეხელაღებულობა და შუბლის ძარღვის გაწყვეტა სჭირდებოდა. მითია, რომ 90-იანი წლების რუსეთში ფულის შოვნას ჭკუა სჭირდებოდა.

როგორ შეიძლება ზოგადად საზოგადოება აღზარდოს ერთმა ადამიანმა, რომელმაც თავად არ იცის არაფერი? ალბათ ექნება მცდელობა, თავისი ფსიქოანალიზი შეასაღოს ხალხს. უტრირებულ მაგალითს მოვიყვან – დაახლოებით იმავეს შეეცდება, რასაც თურქმენბაში, რომელმაც საზოგადოებას ახალი რელიგია, რუხნამა დაუწერა და შეასაღა. უბრალოდ, თურქმენბაშს ამაში რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი ეხმარებოდა. ივანიშვილის ნაქები მენცარი, ამას ნამდვილად ვერ შეძლებს.

ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ახალ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, ჩამოყალიბებული კურსი, შესაბამისად, ჩვენი მოკავშირეები თავს არ მოიკლავენ ამ ხელისუფლების მიერ მართული ქვეყნის გამო. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ ხელისუფლების კურსი არის პროდასავლური, ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდა. რამდენად სამართლიანია თქვენი კრიტიკა?

ირაკლი ღარიბაშვილი
ეს არ არის კურსი, ეს არის განცხადება, რომლის უკანაც არანაირი ერთიანი ხედვა არ დგას. ამასთან, არსებობს ბიძინას გამონათქვამი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, როგორც არ უნდა უარყონ, ფაქტია, რომ ეს სიტყვები ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პრინციპულია ქართული ოცნება ევროპულ არჩევანში.

ამასთან, არსებობს ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც წარმატებით შესრულდა – საქართველო აღარ არის დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ისიც ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობს იყოს „тише воды, ниже травы" რუსეთთან მიმართებით. იგივე ოლიმპიადა ავიღოთ – რატომ მივდივართ? ადრე ამბობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულს თუ ჩაიდენს რუსეთი, აღარ წავალთ. საქართველო-რუსეთის საზღვრის 11 კილომეტრით გადმოწევაზე უარესი რა უნდა ქნან? 25 კილომეტრით უნდა გადმოსწიონ?

ეს იმით ახსნეს, რომ ოლიმპიადის შემდეგ...

უკან გადაიტანენ. ეს ძალიან სასაცილოა. შეიძლება თვითონ არიან დებილები, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ? გამახსენონ 200 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ უკან გადაწეული საზღვარი. ზუსტად ასეთი გამონათქვამები ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მყიფეა ეს კურსი.

ევროპელი დიპლომატები შფოთავენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მკვეთრად გაიზრდება ანტიდასავლური რიტორიკა გარკვეული წრეების მხრიდან. ცნობილი რუსული ხელწერაა მართლმადიდებლურ სენტიმენტებზე აპელირება, თითქოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაციაა აუცილებელი წინაპირობა; რომ დასავლური ღირებულებები მართლმადიდებლურს ეწინააღმდეგება. ამ ფონზე, განსაკუთრებით საეჭვოა კამპანია, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტის ყოფილი წევრების წინააღმდეგ აგორდა – თითქოს ისინი პატრიარქს ემუქრებიან. ამ ინფორმაციას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული მედიასააგენტოები ავრცელებენ...

სრული სისულელეა, წავიკითხე რასაც წერენ. ცხადია, რომ მსგავსი საუბარი იმ სხდომაზე არ ყოფილა... უბრალოდ არ მესმის, როგორ ხდება, ვიღაც ჯდება და რაც თავში მოუვა, იმას წერს თუ ვინმე კარნახობს. გასაგებია, ხელსაყრელია პოლიტიკურად, რომ პატრიარქის ლანძღვა ან მისი „დახვრეტის" სურვილი დაგაბრალონ, მაგრამ დანარჩენი, რაც წერია, საიდან მოაქვთ?

ისიც ფაქტია, რომ რაღაც დონეზე დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ტიპის შავრაზმულ გამოცემებს ეყრდნობა. ალიაზე დაყრდნობით მართავენ ბრიფინგებს. პრემიერმინისტრი ალიას ციტირებს და ისე აანონსებს სამომავლო სკანდალებს, თითქოს კონფერანსიეა. ეს მართლაც იმის გაგრძელებაა, რომ ასავალ-დასავალის იდეოლოგიით მიდის ეს გუნდი.

 

კომენტარები