შეტაკებები უკრაინაში

პეტრიაშვილი: უკრაინაში ძალადობა უნდა შეწყდეს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შეძლებს განაგრძოს გზა ევროპაში ინტეგრაციისაკენ. როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ის გმობს ყოველგვარ ძალადობას. მისი განცხადებით, უკრაინაში, პირველ რიგში, უნდა შეწყდეს ცეცხლი და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ. ალექსი პეტრიაშვილმა უკრაინაში შეტაკებისას დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ვუერთდები საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მოწოდებას უკრაინის ხელისუფლებისადმი, რომ მონახოს საერთო გზა და ენა ოპოზიციასთან სიტუაციის დეესკალაციისათვის. ვიმედოვნებ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შეძლებს განაგრძოს გზა ევროპაში ინტეგრაციისაკენ. პირველ რიგში, უნდა შეწყდეს ცეცხლი. ევროპამ, ამერიკამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან პრინციპული პოზიციები დააფიქსირა და მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომში შუამავლად ჩართვისთვისაც და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საუბარია უკვე სანქციებზე. აუცილებლად უნდა შეწყდეს ძალადობა და მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას", - თქვა პეტრიაშვილმა.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარები