აქციები უკრაინაში

19 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინაში 25 ადამიანია დაღუპული

უკრაინის დედაქალაქში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს. მან ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, გაემიჯნონ რადიკალურ ძალებს, რადგან "კონფლიქტის შეწყვეტა ჯერ კიდევ არ არის გვიან".

სპეცრაზმი კიევის ცენტრში გამაგრებულ ევრომაიდნელებს მთელი ღამის განმავლობაში უტევდა. უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩმა ოპოზიციისგან ევრომაიდნის უპირობოდ დაცლა მოითხოვა, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

18-19 თებერვალი უკრაინაში აღმოჩნდა ყველაზე სისხლიანი დღეები 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

უკრაინის დედაქალაქში 19 თებერვალი უქმე დღედ გამოცხადდა, არ მუშაობს მეტრო.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

კომენტარები