შეტაკებები უკრაინაში

ბესელია: უკრაინელი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება აუცილებელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად მძიმეა, ამიტომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დიალოგის გზით მოგვარება. მისი განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება დიპლომატიური გზით შეეცდება პროცესის განმუხტვას.

"მინდა სამძიმარი გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ვითარება უკიდურესად მძიმეა და გვიან ღამით განვითარებული მოვლენები ითხოვს ძალიან სწრაფ რეაგირებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამონახავს დიპლომატიურ გზებს, რომლითაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში შესაძლებელი გახდება დაპირისპირების განმუხტვა. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მოიძებნოს დიალოგის გზა და შეჩერდეს, პირველ რიგში, ძალადობა. აუცილებელია უკრაინელი მოსახლეობის მოთხოვნების და მათი სურვილების გათვალისწინება, ამ მხრივ, ყველაზე ალტერნატიული არის დიალოგი", - ამბობს ბესელია.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარები