შეტაკებები უკრაინაში

ბილდტი: იანუკოვიჩის მერყეობა და ძალადობაა პასუხისმგებელი კიევის მოვლენებზე

კიევში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი მწუხარებას გამოთქვამს კიევში სიტუაციის ესკალაციისა და დაღუპულთა გამო. ეშტონი უკრაინის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ეფექტური გზა მოიძიონ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის თქმით კი, კატასტროფის შეჩერება, რომელიც უკრაინაში ხდება, მხოლოდ პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეუძლია. სწორედ მისი მერყეობა და ძალადობაა პასუხისმგებელი შექმნილ მოვლენებზე. ”პასუხისმგებლობა მსხვერპლსა და ძალადობაზე ვიქტორ იანუკოვიჩს ეკისრება. მის ხელებზე სისხლია” - თქვა ბილდტმა.

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კიევში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა. ის შეშფოთებულია უკრაინაში ძალადობის გამო. რასმუსენი ყველა მხარეს მოუწოდებს, ძალადობისგან თავი შეიკავონ და დიალოგი დაუყოვნებლივ დაიწყონ.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე თვლის, რომ ძალადობა და დაპირისპირება უკრაინის მომავალს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია.

თეთრი სახლის ინფორმაციით კი, ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ იანუკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა.

"ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა ვიქტორ იანუკოვიჩს დღეს მოუწოდა სახელისუფლებო ძალების შეჩერებისა და მაქსიმალური თავშეკავებისკენ. ვიცეპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ იანუკოვიჩმა დიალოგი დაუყოვნებლივ დაიწყოს ოპოზიციის ლიდერებთან. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს კრიზისიდან მშვიდობიან გამოსავალს. გამოსავალს, რომელიც უკრაინელი ხალხის მისწრაფება და სურვილია", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უკრაინაში სიტუაციის ესკალაციაში ოპოზიციის ლიდერები და დასავლეთი დაადანაშაულა. უწყების საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, რაც კიევში ხდება, არის დასავლელი პოლიტიკოსებისა და ევროპული სტრუქტურების საქმიანობის შედეგი, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ უკრაინაში რადიკალების ქმედებებზე კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.

კომენტარები