აქციები კიევში

20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

Reuters

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ბრძანებით, 20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით ოთხშაბათს დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები, შეწყდება ყველანაირი კულტურული და სპორტული ღონისძიება.

რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, სპეცრაზმმა ვერ შეძლო მომიტინგეებისგან ევრომაიდნის სრულად გაწმენდა. აქტივისტებმა ბარიკადების აგება ხელახლა დაიწყეს. კიევის ცენტრში ამ დროისათვის რამდენიმე ათასი დემონსტრანტი რჩება. ოპოზიციის ლიდერების მოწოდების მიუხედავად, მათი რაოდენობა არ გაზრდილა. BBC წერს, რომ 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში, კიევში გაცილებით ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი.

ბოლო ინფორმაციით, 18-19 თებერვლის არეულობის შედეგად 25 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 9 პოლიციელი. სამართალდამცავების გარდა, მძიმედ არიან დაშავებული ევრომაიდნის აქტივისტები.

18-19 თებერვალი უკრაინაში აღმოჩნდა ყველაზე სისხლიანი დღეები 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი,

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

კომენტარები