არეულობა უკრაინაში

რუბიო: უკრაინის მომავალი ევროპაშია და არა ვლადიმერ პუტინის რუსეთში

policymic.com

უკრაინის მომავალი ევროპაშია და არა ვლადიმერ პუტინის რუსეთში - ამის შესახებ აშშ-ის სენატორი მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ, სპეციალურ განცხადებაში წერს.

რუბიოს თქმით უკრაინელმა ხალხმა თავისი არჩევანი დაახლოებით 25 წლის წინ გააკეთა, მათ სურთ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ არაა მოქცეული.

”ამერიკა მუდამ იმ ხალხის გვერდით დგას  ვინც, თუნდაც დიდი რისკის ფასად, თავისუფლებისათვის იბრძვის.  უკრაინელმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა, მათ სურთ რომ ქვეყნის მმართველობა თავისუფალი, კორუფციისგან გაწმენდილი და რუსეთის წნეხისგან თავისუფალი იყოს. მე ვგმობ იანუკოვიჩის მთავრობის არჩევანს, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგისა და კომპრომისის ნაცვლად ძალადობაში მდგომარეობს” - წერს რუბიო.

ამერიკის სენატორი ობამასა და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს სასწრაფოდ მიიღონ ზომები და სანქციები, რათა უკრაინაში ძალადობაში დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი აგონ.

”მე მოვუწოდებ ობამას ადმინისტრაციას არ დაიშუროს ძალა და გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, მათ შორის სანქციები, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც უკრაინაში მიმდინარე ძალადობაში დამნაშავენი არიან. ასევე დაჟინებით მოვითხოვ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა და კონგრესმა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის აქტი დაამტკიცოს, რაც პრეზიდენტს ამ ნაბიჯების გადადგმას გაუადვილებს.” - განაცხადა რუბიომ.

 

კომენტარები