არეულობა უკრაინაში

ობამა: უკრაინის მთავრობა ვალდებულია მშვიდობიან მოსახლეობაზე იზრუნოს

washingtonpost

უკრაინის მთავრობა ვალდებულია იზრუნოს მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადოდ მოპყრობაზე - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკაში, სამმხრივი სამიტის ფარგლებში ვიზიტისას განაცხადა. ბარაკ ობამას თქმით, ამერიკამ ევროპელ კოლეგებთან ერთად სიტუაციის განსამუხტად, სამომავლო ხედვა უნდა შეიმუშაოს.

”ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ძალადობას, რაც უკრაინაში მოხდა. პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ ხალხმა შეძლოს, ისაუბროს თავისუფლად და გამოხატოს თავისი ინტერესები შიშის გარეშე. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ველოდებით, რომ უკრაინის ხელისუფლება თავშეკავებული იქნება და არ მიმართავს ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ველოდებით, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები კვლავ სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და ზღვარს არ გადავლენ. იგივე ეხება უკრაინულ ჯარსაც, რომ არ ჩაერიოს ისეთი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც მოქალაქეების მიერ შეიძლება, გადაწყდეს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, ვაღიარებთ რა ევროპელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომ უკრაინაში ზღვარის გადაკვეთას შედეგები მოჰყვება.

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ჩართული იქნება ყველა მხარესთან ერთად უკრაინაში არსებულ ვითარებაში და ჩვენი ინტერესია, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელ ხალხს თავიანთი სურვილების გამოხატვა შეუძლიათ. გვჯერა, რომ უკრაინელთა დიდი ნაწილი დაინტერესებულია ევროპასთან ინტეგრაციით, სავაჭრო და კულტურული გაცვლებით, ეს მისცემს მათ საშუალებას გააფართოვონ შესაძლებლობები და  გაიზარდონ კეთილდღეობა.

თვითონ უკრაინელი ხალხი საზღვრავს თავის მომავალს და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის მიღწევას ესწრაფვის ამერიკა.

მე მჯერა, რომ ისევ არსებობს მშვიდობიანი ცვლილების შესაძლებლობა უკრაინაში, მაგრამ ამას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც აქტიურად იპოვის მშვიდობიან გზას, ამას სჭირდება ოპოზიცია და ქუჩაში მდგომი ხალხი, რომლებიც მიხვდებიან, რომ ძალადობა არ არის საკითხის მოგვარების გზა.”- განაცხადა ობამამ.

უკრაინაში არსებული სიტუაცია შეაფასა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ.  მისი თქმით, ამერიკა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

”თითოეული ჩვენგანი ღრმადაა შეშფოთებული. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ვსაუბრობთ შესაძლო სანქციების, თუ სხვა საშუალებების გამოყენებაზე, რათა ვცადოთ კომპრომისული გარემოს შექმნა” - განაცხადა კერიმ.  

ჯონ კერიმ არ დააკონკრეტა თუ რას შეიძლება მოიცავდეს ეს სანქციები. თუმცა, ძირითადად, მსგავსს შემთხვევებში აშშ-ის ადმინისტრაცია ინდივიდუალური სანქციებით, პირადი აქტივობების გაყინვით და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებით შემოიფარგლება. 

კომენტარები