პრემიერის ვიზიტი ამერიკაში

სამთავრობო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით აშშ-ში გაემგზავრება

ირაკლი ღარიბაშვილი

22 თებერვალს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მათ ექნებათ უმაღლესი დონის შეხვედრები.

"ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი აშშ-ში ჩვენი ხელისუფლებისთვის. მისი მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი. ჩვენ ვიმუშავებთ და შეხვედრები გვექნება ბევრი მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო განმტკიცებას", - აღნიშნა პრემიერმა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი იქნება.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამ კუთხით, საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმატებული ვიზიტი, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება", - განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 22 თებერვალს დაიწყება და 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, საქართველოს წინა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის ხელმძღვანელობისას, აშშ-ში არ ყოფილა. მან პოლიტიკიდან წასვლის წინ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს პოლიტიკოსის რანგში ვეღარ მოასწრებდა, თუმცა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე დაპატიჟეს.

ამასთან, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველი ვიზიტით სწორედ აშშ-ს ეწვეოდა.

"მაქვს მრავალი მოწვევა როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ევროპიდან. ორი დღის წინ ქეთრინ ეშტონსაც ვესაუბრე, მაგრამ ოფიციალური მოწვევების მიუხედავად, მე გადავწყვიტე ცოტა ხნით ეს ვიზიტები არ განხორციელდეს. როგორც მოგეხსენებათ, აშშ თავად საარჩევნო პროცესშია და არჩევნებისთვის ემზადება, დღეს კი პრეზიდენტების კანდიდატებს შორის პირველი დებატები იმართება. შესაბამისად ჩავთვალეთ, რომ საარჩევნო პერიოდში სტუმრობა ფასს დაკარგავდა, შესაბამისად, ვიდრე არჩევნები არ ჩაივლის, მე არ გავემგზავრები. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არცერთ სხვა ქვეყანაში არ ჩავალ, პირველი ვიზიტი ვაშინგტონში განხორციელდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები