პრემიერის მიმართვა

კალაძე: ჩვენს მხარდამჭერებში დასაქმების კუთხით არსებული ნიჰილიზმი გაქრება

ვიცეპრემიერის კახი კალაძის განცხადებით, ის ნიჰილიზმი, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერებში დასაქმების კუთხით არსებობს, აღარ იქნება. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც პარტიის გვერდით ღირსეულად იდგა, განახლების პროცესში მონაწილეობას მიიღებს. კალაძე მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

„დავიწყებთ კონფერენციების ჩატარებას, რათა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარეები. გარკვეულ რაიონებში იყო პრობლემები, რადგან პარტიის რაიონული ორგანიზაციები საერთოდ არ გვქონდა. ამიტომ ყველა ის პიროვნება, ვინც ღირსეულად იბრძოდა და იდგა ჩვენს გვერდით, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს. სამომავლოდაც, ის ნიჰილიზმი, რომელიც იყო, გარკვეულწილად, ჩვენს მხარდამჭერებში დასაქმების მიმართულებით, ყველანაირი პრობლემა იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის წევრებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს მიმართა. ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია ახალ ეტაპზე გადადის. პრემიერის თქმით, პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვთ განცდა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ, გულნაკლულები არ დარჩნენ. ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ პარტიის კონფერენციებსა და შეხვედრებში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მალე იწყება რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარება. პრემიერმა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის პარტიული კონფერენციების ორგანიზება დაავალა. მისი თქმით, ეს იქნება რეგულარული შეხვედრები პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან.

კომენტარები