იმპორტი

ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის ფასი

საქართველოს პრემიერმინისტრის სატელევიზიო გამოსვლის შედეგად ირკვევა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა მიმდინარე და მომდევნო წლებში მიმართული იქნება იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის განხორციელებაზე. პრემიერმინისტრის განცხადებით, „სირცხვილია, როდესაც წმინდა ექსპორტის სტრუქტურაში იმპორტს 80% უკავია", განსაკუთრებული განცდა კი უკავშირდება იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მით უფრო ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ მიმართულებით, საქართველოში წარმოების დონე ძალზე დაბალია.

მეტიც, მსჯელობაში გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ მთავრობა სწავლობს მოთხოვნას იმპორტზე, რომელიც მომავალში ადგილობრივი წარმოებით უნდა ჩანაცვლდეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოსაზრება ლარის კურსთან მიმართებით, ირიბად უკავშირდება აღნიშნულ საკითხს. ფინანსთა მინისტრი აკეთებს დაშვებას, რომ ლარის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, ერთი მხრივ, შესაძლოა სასარგებლოც იყოს. აქ ივარაუდება, რომ იმპორტიორებს პროდუქტი უძვირდებათ, რაც ხელსაყრელ კონკურენტულ გარემოს უქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს. პრინციპში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიები, აგროდაზღვევის კანონპროექტზე დისკუსიები და 2014 წლის საქართველოს ბიუჯეტი მიანიშნებს იმას, რომ პირველ ეტაპზე, საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს იმპორტის ჩანაცვლება სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტითა და გადამამუშავებელი საკონსერვო წარმოების განვითარებით, რასაც იმპორტის სტრუქტურაში უმნიშვნელო ადგილი უკავია.

დოვლათის გაზრდას არაფერი საერთო არ გააჩნია იმპორტის რაოდენობასთან. დოვლათის გაზრდა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განკარგავს საზოგადოება მის ხელთ არსებულ შეზღუდულ რესურსებს.

საქართველოში ეკონომიკის განვითარების დონე რომ ძალზე დაბალია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება და ამაზე წმინდა ექსპორტის სტრუქტურაც მიუთითებს. თუმცა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ თუ წმინდა ექსპორტის სტრუქტურა შეიცვლება, ეკონომიკის განვითარების დონე გაუმჯობესდება. ეჭვს არ იწვევს, რომ პრემიერმინისტრს და სხვა სახელმწიფო მოხელეებს რეალურად სურთ სიტუაციის გაჯანსაღება. მათ გააჩნიათ დიდი უფლებამოსილება და, მაშასადამე, ძალაუფლება. ასევე, სჯერათ, რომ ძალაუფლების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ზემოქმედება და ამ გზით ეკონომიკური პროგრესის დაჩქარება. რეალურად კი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თან სდევს უარყოფითი ეკონომიკური შედეგები, რომლის სიდიდეც აღემატება ძალისხმევის საფუძველზე მიღებულ პოზიტიურ შედეგს. სინამდვილეში, ეკონომიკური პროგრესის შენელება ძალზე მარტივია, მაგრამ მისი დაჩქარება შეუძლებელია. სწორედ ამ კონტექსტში, სტატიის მიზანია მკითხველისთვის იმის ჩვენება, რომ იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის შენელებას, ვიდრე მის დაჩქარებას და, შედეგად, ადამიანთა ყოფა უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება.

ერთი მხრივ, მკითხველმა შეიძლება გააკეთოს დასკვნა, რომ იმპორტის ჩანაცვლების და ადგილობრივი წარმოების განვითარების წინააღმდეგი ვარ. ყველაფერი პირიქით არის, ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი არის ის, თუ რა რაოდენობის პროდუქციას თუ მომსახურებას ქმნის საზოგადოება. რაც უფრო მეტად იზრდება ექსპორტის სიდიდე და ადგილობრივი წარმოების მოცულობა, მით უფრო მეტად უმჯობესდება ადამიანების ცხოვრების დონე. ეს აქსიომაა და ამას ეკონომიკის ცოდნა არ სჭირდება. ბუნებრივია, იბადება შემდეგი შეკითხვა, მაშინ რა არის იმაში ცუდი, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლებას წმინდა ექსპორტის მაჩვენებელზე ზემოქმედებით? საქმე ბევრად რთულად არის, ვიდრე ზედაპირულად ჩანს. კითხვაზე პასუხი ითხოვს ეკონომიკურ პროცესებს შორის სწორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენასა და ანალიზს.

ეკონომიკას ქმნიან ადამიანები ურთიერთხელსაყრელი გარიგებების გზით. ამა თუ იმ ფორმით, საზოგადოების თითოეული მოქალაქე მონაწილეობას იღებს ეკონომიკის ფორმირებაში. ეკონომიკის სიდიდეს განსაზღვრავს კერძო ინიციატივების მაჩვენებელი, სიხშირე და გარიგებებიდან მიღებული სარგებელი. კერძო ინიციატივათა რაოდენობა იზრდება, როდესაც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ გარემოში მოქალაქეები ახერხებენ ისეთი პროექტების გენერირებას, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად პროდუქციასა და მომსახურებას ქმნიან, რაც მთლიანად დამოკიდებულია ადამიანების ცოდნაზე, უნარებსა და კვალიფიკაციაზე.

წმინდა ექსპორტის მიმდინარე სტრუქტურა არის მოცემულობა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განვითარების მოცემულ ეტაპზე, ქვეყნის მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებებს იმ პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მათ მაქსიმალურ სარგებელს აძლევს მიმდინარე საოჯახო ბიუჯეტის ფარგლებში. მოთხოვნის სპეციფიკა განაპირობებს მიწოდების სტრუქტურას. ნებისმიერი მეწარმე ცდილობს დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნილებები და მომხმარებელს შესთავაზოს იმ ფასისა და ხარისხის საქონელი, როგორიც ეს მომხმარებელს სურს.

იმპორტის მაღალი ხვედრითი წონა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივი წარმოება არაკონკურენტუნარიანია. მეწარმე ხარჯავს კაპიტალს იმისთვის, რომ განახორციელოს იმპორტი. მას ეს კაპიტალი შეეძლო გამოეყენებინა ადგილობრივი წარმოების შესაქმნელად. თუმცა, იქიდან გამომდინარე, თუ რას ითხოვს ბაზარზე მომხმარებელი, მეწარმე უფრო მეტ სარგებელს ნახულობს იმპორტში. იმპორტის დროს უცხოური ვალუტა იცვლება პროდუქტში. უცხოური ვალუტის მიმწოდებელი მომხმარებელია. მაშასადამე, მომხმარებელი ახერხებს იმ რაოდენობის უცხოური ვალუტის დაგროვებას, რომელიც საჭიროა მიმდინარე მოცულობის იმპორტის დასაფინანსებლად. უცხოური ვალუტის დაგროვების წყარო კი არის პროდუქციისა და მომსახურების რაოდენობა, რომელიც იქმნება ქვეყნის შიგნით.

ადამიანი უკეთესად შეძლებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არა იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება, არამედ მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით შექმნილი დოვლათი გაიზრდება. ამ ორ კატეგორიას შორის არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა, რადგან იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით შეიძლება მოხერხდეს ისე, რომ ქვეყნის შიგნით შექმნილი დოვლათი არ შეიცვალოს. უფრო მეტიც, შემცირდეს. აქედან გამომდინარე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების თვალსაზრისით, დოვლათის გაზრდას არაფერი საერთო არ გააჩნია იმპორტის რაოდენობასთან. დოვლათის გაზრდა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განკარგავს საზოგადოება მის ხელთ არსებულ შეზღუდულ რესურსებს.

ბუნებრივია, დოვლათის გაზრდა იწვევს ცვლილებებს წმინდა ექსპორტის სტრუქტურაში. კერძოდ, მომხმარებელი უფრო მეტად ყიდულობს ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, ვიდრე იმპორტირებულს და, შედეგად, იმპორტის ხვედრითი წონა თანდათანობით მცირდება. მაშასადამე, მიზეზი არის დოვლათის გაზრდა, ხოლო შედეგი წმინდა ექსპორტის სტრუქტურა და არა პირიქით. ამდენად, იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ცხოვრების დონე გაიზრდება. შეზღუდული რესურსების რაციონალურ გამოყენებას კი განაპირობებს ის ფაქტორი, თუ ვინ განკარგავს აღნიშნულ რესურსებს.

ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით უფრო კარგად შეუძლია ამა თუ იმ რესურსის გამოყენება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამა თუ იმ რესურსის განკარგვის უფლება მიენიჭოთ მხოლოდ მათ, ვინც სხვებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის რესურსების გამოყენებით ახერხებს მეტი დოვლათის შექმნას. ამ პრობლემას კარგად უმკლავდება თავისუფალი ბაზრის მექანიზმი. მხოლოდ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაშია შესაძლებელი რესურსების ეფექტიანი გადანაწილება. დღეს, ეს საკითხი კამათს აღარ იწვევს, რადგან თავისუფალი ბაზრის ყველაზე რადიკალური კრიტიკოსებიც კი იზიარებენ ამ შეხედულებას.

რამდენად კარგად იყენებს ადამიანი რესურსებს, დამოკიდებულია ამ ადამიანის ცოდნაზე, უნარებზე, კვალიფიკაციასა და მარიფათზე. განათლება ყველაზე ძვირადღირებული რესურსია და სწორედ მისი სიმწირე განაპირობებს დოვლათის არასაკმარისი რაოდენობით ზრდას. ამდენად, თუ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება, პრობლემა უნდა ეძებოს საზოგადოების განათლებაში და არა წმინდა ექსპორტის სტრუქტურის ცვლილებაში.

ანვითარების მოცემულ ეტაპზე, ეს არის რეალობა და პროგრესის დაჩქარება შეუძლებელია. ეს საზოგადოების განვითარების ბუნებრივი ტემპია, ნებისმიერი კარგი ზრახვები, მოტივები და ტემპის დაჩქარების მცდელობა გამოიწვევს მხოლოდ ეკონომიკის განვითარების შენელებას.

თავისთავად, სახელმწიფო არაფერს არ ქმნის, თუმცა, მონაწილეობს საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილების პროცესში. დოვლათის ნაწილი, გადასახადების გზით ხდება საზოგადოებრივი საკუთრება, რისი გამოყენების საშუალებაც ეძლევა ადამიანთა ჯგუფს, რომელიც იმარჯვებს პოლიტიკურ არჩევნებში. შედეგად, სახელმწიფო მოხელეები იძენენ საზოგადოებრივი რესურსების განკარგვის უფლებას, რაც მათ ანიჭებთ უდიდეს ძალაუფლებას. ძალაუფლება თავისუფალი ბაზრის მექანიზმში ჩარევისკენ უბიძგებს ადამიანებს, რადგან გულწრფელად მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ პროგრესის დაჩქარება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უკეთ უზრუნველყოფა.

ლორდ აქტონის ცნობილი ფრაზა, რომ ძალაუფლება რყვნის, ნაკლებად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მოხელეები საზოგადოებრივ რესურსებს კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. კერძო ინტერესის უზრუნველსაყოფად მოპარული ფული მთლიან შიდა პროდუქტში უმნიშვნელოა და დიდ გავლენას არ ახდენს დოვლათის შექმნის პროცესზე. პირიქით, ყველაზე საშიშნი ხდებიან სწორედ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც გულწრფელი განზრახვით იყენებენ ძალაუფლებას ადამიანებს შორის მიმდინარე გარიგებების სტრუქტურის შესაცვლელად. გარიგებათა სტრუქტურა იცვლება, როდესაც ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები ხელოვნურად ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ადამიანების მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები განსხვავდება იმისგან, თუ რა ხდებოდა ჩარევამდე. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ადამიანების კეთილდღეობა უფრო მეტად გაიზრდება, თუ ასეთი ჩარევა განხორციელდება. ადგილობრივი წარმოების იმპორტით ჩანაცვლება სწორედ ასეთი ინტერვენციის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შეუძლია წმინდა ექსპორტის სტრუქტურის შეცვლა, მაგრამ ამ გზით, იმპორტის შემცირების მცდელობა გამოიწვევს მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას. სახელმწიფოს უამრავი ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლია. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მათგანს.

ლარის კურსის გაუფასურება – კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში ვიღებთ თავად ფაქტს, რადგან სავალუტო ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა უფრო მეტად კაპიტალის წმინდა გადინებას უკავშირდება. თუმცა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ და ლარის მოცულობის გაზრდამ ხელი შეუწყო ამ პროცესს. ნოემბერ-დეკემბერში ნომინალში გამოხატული ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანი ეიფორიაა, რადგან წინ გველოდება ინფლაციის პროცესი, რომელზეც წინა სტატიებში აღვნიშნავდი. ლარის გაუფასურების შედეგად, იმპორტირებული პროდუქტი ძვირდება, რადგან იმპორტიორს სჭირდება უფრო მეტი რაოდენობის ლარი უცხოური ვალუტის შესაძენად და იმპორტის განსახორციელებლად. ეს ფაქტი ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, რადგან შესაძლებელი ხდება გაძვირებული იმპორტის ჩანაცვლება.

ეს ფაქტორი ხელს უწყობს ექსპორტის გაზრდასაც, რადგან იმავე რაოდენობის ლარებს ნაკლები რაოდენობის უცხოური ვალუტა შეესაბამება და, ამდენად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანილი პროდუქციაც უფრო იაფია. მაშასადამე, ლარის გაუფასურების შედეგად წმინდა ექსპორტის სტრუქტურა შეიცვლება. ექსპორტი გაიზრდება და იმპორტი ნაწილობრივ ჩანაცვლდება ადგილობრივი წარმოებით. საინტერესოა, გაიზრდება თუ არა შექმნილი დოვლათი და რა მიმართულებით შეიცვლება ადამიანების კეთილდღეობა? ლარის გაუფასურების შედეგად სარგებლობს საზოგადოების ერთი ნაწილი მეორე ნაწილის ხარჯზე. ზარალს განიცდიან: იმპორტიორები; მოქალაქეები, რომელთაც სესხი აქვთ აღებული უცხოურ ვალუტაში, ხოლო შემოსავალი აქვთ ეროვნულ ვალუტაში; მოქალაქეები, რომლებსაც დანაზოგები გააჩნიათ ეროვნულ ვალუტაში და მთლიანად საზოგადოება, რომელსაც უწევს საქონელში უფრო მეტი ფასის გადახდა პროდუქტის გაძვირების შემდეგ. ხოლო სარგებლობენ იმპორტის ჩამნაცვლებელი მწარმოებლები და ექსპორტიორები.

როდესაც წარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, მომხმარებელთა მდგომარეობა უარესდება, ხოლო მწარმოებელთა მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, საერთო ჯამში, ეკონომიკური კეთილდღეობა მცირდება, რადგან მომხმარებელთა დანაკარგი აღემატება მწარმოებელთა სარგებელს.

საერთო ჯამში, ზარალი აღემატება სარგებელს, რადგან იმავე რაოდენობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადამიანს სჭირდება უფრო მაღალი შემოსავალი, რისი მიღწევაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იზარალეს სწორედ მათ, ვინც ახერხებდა დოვლათის შექმნას. პირიქით, ისარგებლეს მათ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას ნაკლებად იღებდა. ამდენად, რესურსები კონკურენტუნარიანი საზოგადოებიდან გადავიდა არაკონკურენტუნარიან საზოგადოებაში. ეს უკანასკნელი კი წერტილს უსვამს ეკონომიკური დოვლათის შექმნის ილუზიურ მცდელობას დროის მოკლევადიან მონაკვეთში.

იმპორტის შეზღუდვა – ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს იმპორტის შეზღუდვა. იმპორტს ადგილი აქვს, როდესაც ფასი ადგილობრივ ბაზარზე აღემატება საერთაშორისო ფასს. განხორციელებული იმპორტის საფუძველზე, ფასი პროდუქტზე შემცირდება მანამდე, სანამ არ გაუტოლდება საერთაშორისო ფასს. შედეგად, გაიზრდება მომხმარებელთა კეთილდღეობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების დონე შემცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწარმოებელთა მდგომარეობა გაუარესდება, ხოლო მომხმარებელთა მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჯამში, თავისუფალი ვაჭრობა ზრდის ერის ცხოვრების დონეს, რადგან მომხმარებელთა სარგებელი აღემატება მწარმოებელთა დანაკარგებს. პირიქით, როდესაც წარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, მომხმარებელთა მდგომარეობა უარესდება, ხოლო მწარმოებელთა მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, საერთო ჯამში, ეკონომიკური კეთილდღეობა მცირდება, რადგან მომხმარებელთა დანაკარგი აღემატება მწარმოებელთა სარგებელს. მაშასადამე, მოკლევადიან პერიოდში წმინდა ექსპორტის სტრუქტურის შეცვლა შესაძლებელია. თუმცა, ეს ხერხდება ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირების ფასად.

სუბსიდირება – სუბსიდიის მიზანი არის ბიზნესის დახმარება იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც ახერხებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებას. სუბსიდიები ეწინააღმდეგება ბიზნესის განვითარების ფილოსოფიას, რადგან შემოსავლის ნაწილი, რომელიც მოიაზრება ინვესტიციის წყაროდ და ინოვაციური ბიზნესპროექტების გასავითარებლად, ნაწილდება იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც ასეთ ბიზნესპროექტებს ვერ ქმნიან, რაც ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის ტემპს. სუბსიდირების გზით იმპორტის ნაწილის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით შესაძლებელია. თუმცა, ამით მიღებული სარგებელი გაცილებით ნაკლები იქნება იმ დაკარგულ შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლის გამოყენებაც ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს.

საზოგადოებრივი ინვესტიციები, რის ხარჯზე? – საზოგადოებრივი ინვესტიციების წყარო არის საზოგადოებრივი დანაზოგი. დანაზოგს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც დროის ერთეულში საგადასახადო (და საბაჟო) შემოსავლები აჭარბებს საზოგადოებრივ დანახარჯებს (პროფიციტული ბიუჯეტი). ამ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ხედვა, რომ საზოგადოებრივი დანაზოგი, რომელიც გარდაიქმნა ინვესტიციად, არის უფრო შედეგიანი, ვიდრე კერძო დანაზოგი, რომელიც ასევე განიხილება, როგორც ახალი ბიზნესპროექტების შექმნის წყარო.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტი არ ყოფილა პროფიციტული. არც ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი იძლეოდა პროფიციტული ბიუჯეტის დაგეგმვის საშუალებას. მაშასადამე, საზოგადოებრივი დანაზოგიც არ შექმნილა. ამ შემთხვევაში, ინვესტიციის წყარო არის არა საზოგადოებრივი დანაზოგი, არამედ სხვა საზოგადოებრივი პროექტები, რომლის განხორციელებაც იყო დაგეგმილი და აღარ ხორციელდება ან/და შიდა/საგარეო ვალი. ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს, გვსურს ვიცოდეთ, თუ რა პროექტების დაფინანსებას ეთქვა უარი; რა იყო ამ პროექტების სარგებელი და რამდენად აჭარბებს ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი დაწუნებული პროექტების სარგებელს. მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია ე.წ. ხარჯი-სარგებლის ანალიზზე (Cost-Benefit Analysis), რომელიც, ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვიძიე. ასეთ გათვლებს არ აკეთებდა საქართველოს არცერთი მთავრობა და ძალზე სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობაც არ ღალატობს ამ მანკიერ ტრადიციას.

კომენტარები