პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი მარგველაშვილი აღფრთოვანებულია პატრიარქის ტოლერანტობით

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია იმგვარი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეთნიკური და რელიგიური სოციალური ჯგუფების ჩართვა სახელმწიფოს მმართველობაში, თანამონაწილეობის შეგრძნების გაზრდა, იმის შეგრძნება, რომ ”ყველანი ერთად ვმართავთ და ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას”, არის ის, როგორც რეალურად შეიძლება აყვავდეს და განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.

”ჩვენივე ისტორიაში, მაშინ როცა ყველაზე წარმატებული საქართველო იქმნებოდა, ეს იყო ყოველთვის მრავალფეროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ერთობა. ასე ქმნიდა გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოს ჩვენი ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი. ამ ტრადიციებზე ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჩვენს კულტურაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და თანაარსებობდნენ სხვადასხვა კონფესიების, სხვადასხვა რელიგიური შეხედულებების, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები.  ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში. დიახ, შემწყნარებლობა უპირველესად სწორედ ქრისტიანული ფასეულობა და ტრადიციაა. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს როლი ყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციების და ქართული ტოლერანტობის ფარგლებში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ მან ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციებს რელიგიურ ჩაგვრასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესია ქვეყნის ტოლერანტულ ტრადიციას აგრძელებს. 

”მე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას. მე მინდა გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც პატრიარქმა წარმოთქვა, ერთი ჯგუფის მიერ, მუსლიმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი იქნენ დაჩაგრულნი. ”თუ რაიმე სახის შეზღუდვა ექნებათ, თბილისში ჩამოვიდნენ და ლოცვა მუსლიმური წესით საპატრიარქოში აღავლინონ” - ეს არის ნამდვილად ის პოზიცია, რაც ჩვენს ნამდვილ, ტოლერანტულ ტრადიციას აგრძელებს”, - აცხადებს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ჭელაში განვითარებული ისლამოფობიური ექსტრემიზმის პერიოდებში, საქართველოს საპატრიარქო უარყოფდა მუსლიმთა ჩაგვრის არსებობის ფაქტსაც კი და მართლმადიდებელთა ნაწილის გამოვლენილ ექსტრემიზმს გარე ძალის პროვოკაციას არქმევდა. პატრიარქი იმავე განცხადებაში, რომელიცპრეზიდენტმა მოიყვანა, აცხადებდა: ”ზოგიერთს სურდა, რომ უთანხმოება ყოფილიყო და სპეციალურად აღვივებდა ამ ყველაფერს”. საქართველოს საპატრიარქო სოფელ ჭელის მეჩეთის აღმართვასაც ეწინააღმდეგებოდა, რომელიც ხელისუფლებამ მეჩეთიდან მოჭრა. განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა, აღნიშნული იყო, რომ ის ”აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით” - ამის შემდეგ კი საპატრიარქო მინარეთის დასაწყობებას უჭერდა მხარს. პატრიარქის ქორეპისკოპოსის (მოადგილე), თეოდორე ჭუაძის ლოცვა-კურთხევით გროვდებოდა ასევე ხელმოწერები ჭელის მეჩეთის დემონტაჟის მოთხოვნით, რაც საბოლოოდ სახელმწიფომ განახორციელა.

კომენტარები