არეულობა უკრაინაში

FT: რუსეთი მზად არის ყირიმისთვის უკრაინასთან ომი დაიწყოს

რუსეთი მზად არის ყირიმისთვის უკრაინასთან ომი დაიწყოს, რათა საკუთარი მოქალაქეები და საკუთარი სამხედრო ბაზა დაიცვას - ამის შესახებ The Financial Times-ის ჟურნალისტს რუსმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

”თუ უკრაინა ჩამოიშლება, ეს ომს გამოიწვევს. ისინი ყირიმს დაკარგავენ, რადგან იქ ჩვენ შევალთ და საკუთარ ხალხს დავიცავთ, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში გავაკეთეთ” - ამბობს ანონიმი პოლიტიკოსი.

FT-ის სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლი მიიჩნევს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი, ცივი ომის შემდეგ რუსეთისა და ევროპის ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი გახდა.

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში არეულობის საშიშროებას ზრდის ის ფაქტიც, რომ ყირიმის პარლამენტის სპიკერმა ვლადიმირ კოსტანტინოვმა ხუთშაბათს განაცხადა - უკრაინის შესაძლო დაშლის შემთხვევაში ყირიმი ქვეყანას გამოეყოფა.

”თუ ქვეყანა დაიშლება და ყველაფერი აქეთკენ მიდის, არაა გამორიცხული ყირიმმა უკრაინისგან გამოყოფა მოითხოვოს” - განაცხადა კოსტანტინოვმა.

FT-ის სტატიაში ნათქვამია, რომ კრემლში არაერთი პოლიტიკოსი, პრივატულ საუბარში ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშაა და ეს არ უნდა შეიცვალოს. მათი განცხადებით ისინი არ მისცემენ ევროპასა და აშშ-ს უფლებას უკრაინა მათ წაართვან, რადგან ის პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ჯერ კიდევ დიდი ოჯახის წევრია.

სამხედრო მნიშვნელობის გარდა ყირიმი რუსეთისთვის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელიცაა. რადგან უკრაინაში დაბადებულმა ნიკიტა ხრუშოვმა 1954 წელს  კონტროვერსიული გადაწყვეტილება მიიღო, ყირიმი რუსეთს წაართვა და უკრაინის ტერიტორიად გამოაცხადა - ნათქვამია FT-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობის 60% ეთნიკურად რუსია, ხოლო დანარჩენი 40% უკრაინელი და ყირიმელი თათარი.

 

კომენტარები