ვენესუელა

ერთი წელი ჩავესის შემდეგ

0 კომენტარი
უგო ჩავესი

ერთი წელი გავიდა უგო ჩავესის გარდაცვალებიდან, რის შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ ბოლივარული რევოლუციის მომავალზე და იმაზე, მოკვდებოდა თუ არა ის ჩავესთან ერთად. იარსებებენ თუ არა ჩავისტები ჩავესის შემდეგ, მნიშვნელოვანია ქვეყნის იდენტობისთვის, რომელიც ბოლივარულ რევოლუციაზე იდგა და ჩავესის კულტთან იყო შესისხლხორცებული.

დღესათვის ვენესუელა საპროტესტო ცეცხლშია გახვეული. დემონსტრაციები სტუდენტური გამოსვლებიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც მთავრობა მკაცრად გაუსწორდა დემონსტრანტებს, ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ძნელი სათქმელია თუ რას არის პროტესტის ძირითადი მიზეზი: გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, პირველადი პროდუქციის დეფიციტი, კორუმპირებული მთავრობა თუ  შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვა. თუმცა მას შემდეგ რაც, დემონსტრანტებსა და სამართლადამცავთა შეტაკებების შედეგად  13 ადამიანი დაიღუპა, 18 აწამეს და 500 დაკავებულია, მოთხოვნა მთავრობის გადადგომაში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღა არ ქრება, სტუდენტები აგრძელებენ გამოსვლებს, ხოლო ნიკოლას მადურო აგრძელებს მომხდარში საგარეო ძალების დადანაშაულებას. 

ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის აპრილში, პრეზიდენტის ადგილი ნიკოლას მადურომ დაიკავა. უგო ჩავესმა ან, როგორც მას მექსიკელმა მწერალმა კარლოს ფუენტესმა უწოდა, ტროპიკების მუსოლინიმ, მადუროს არცთუ ისე კარგი მემკვიდრეობა დაუტოვა. ინფლაციის დონე ქვეყანაში 50 პროცენტს აღწევს. ვალუტის დევალუაციამ შედეგი ვერ გამოიღო და ბოლივარი დოლართან შედარებით 31%-ით დაეცა. ვენესუელის მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ პირველადი მოხმარების პროდუქციისა და მედიკამენტების დეფიციტი. ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა და მაღალია კრიმინალის დონე. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებიან. გაკოტრებულ ქვეყანას აღარ შეუძლია სოციალური ვალდებულებების შესრულება და მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება.

მადუროს პოპულარობა რომ ჩავესის კულტს ვერ შეედრება, აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე და, მოგვიანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დადასტურდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მადურომ მემარჯვენე კანდიდატ ენრიკე კაპრილესის წინააღმდეგ მხოლოდ 1.5%-პროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა. შედეგებმა აჩვენა, რომ მადურო ჩავესი არაა, ის არც მასავით ქარიზმატულია და არც მსგავსი მხარდაჭერით სარგებლობს.

მიუხედავად ამისა, მადურო ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ფლანგვის მეშვეობით ახერხებს ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერის შენარჩუნებას. ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი რეზერვები გააჩნია, თუმცა წარმოების ტემპი იკლებს. მიღებული შემოსავალი ჩინეთისთვის საგარეო ვალის გადახდას, კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრებას, კუბისთვის მადნის იაფ მიწოდებასა და სოციალური ვალდებულებების გადახდას ხმარდება. თუკი ჩავესს სოციალური ვალდებულებების დაფინანსება საგარეო ვალისა და ნავთობიდან მიღებული შემოსვლების ხარჯზე შეეძლო, მადუროს ამის ფუფუნება, ცოტა ხანში, აღარ ექნება.

დეკემბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ, მადურომ ჯორჯ ორუელის „1984"-ის სტილის სოციალური ბედნიერების სამინისტრო შექმნა. სამინისტროს შექმნით ის ცდილობს ეროზირებული ბოლივარული რევოლუციის გადარჩენას და მხარდამჭერების შენარჩუნებას. სამხედროებმა დაიკავეს სხვადასხვა კომპანიები, რათა მათ მომხმარებლებს „სამართლიანი" ფასები შეთავაზონ. მათ შორისაა იმპორტირებული ტექნიკის მაღაზია Daka, რომლის მენეჯერებიც, პრესის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურებს ჰყავდათ დაკავებული, ხოლო მოსახლეობამ არასაბაზრო ფასში მოახერხა ტელევიზორების, მაცივრებისა და სხვა ტექნიკის შეძენა.

თვითმმართველობის არჩევნების დღე მადურომ „ჩავესისადმი ერთგულების დღედ" გამოაცხადა. თუმცა ეს მას ვერ დაეხმარა დიდი უპირატესობით გამარჯვებაში. ოპოზიციამ 23 ქალაქიდან 9-ში ხმების უმრავლესობა მიიღო, მათ შორის, კარაკასშიც. მადუროს პოპულიზმი კარგავს პოპულარობას. მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება. გაიზარდა პოლიტიკური გამოსვლების რიცხვიც, რასაც პრეზიდენტი მკაცრად უსწორდება. დააკავეს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი.

თავისი წინამორბედის მსგავსად, მადურო ეკონომიკურ სირთულეებს თეთრი სახლის შეთქმულებას აბრალებს. მისი თქმით, ბიზნესი არ აწარმოებს საჭირო რაოდენობის პროდუქციას და მთავრობას „ეკონომიკურ ომს" უცხადებს. „მე არ ვიქნები სუსტი პრეზიდენტი", განაცხადა მადურომ, „მე ვიქნები პრეზიდენტი მკაცრი ხელით". საყურადღებოა, რომ მის სიმკაცრეს მეზობელი კუბაც უწყობს ხელს, რომლისთვისაც ვენესუელისგან მიღებული ნავთობი სასიცოცხლოა და ჩავისტების ხელისუფლების შერყევამ ნავთობის მიწოდებას შესაძლოა ხელი შუეშალოს.

უგო ჩავესი ფიდელ კასტროს იდეოლოგიურ მამად მიიჩნევდა და ხშირად სტუმრობდა მას. კუნძულს დღესაც დიდი გავლენა აქვს კარაკასზე. ნავთობის სანაცვლოდ, კუბა ვენესუელას სპორტულ მწვრთნელებს და ექიმებს უგზავნის. ასევე ეხმარება უსაფრთხოების და დაზვერვის აგენტებით, რათა ჩავიზმს საფრთხეები არ შეექმნას. ნიკოლას მადუროც საკუთარ პოსტს კუბას უნდა უმადლოდეს. ჩავესის სიკვდილის შემდეგ, კონსტიტუციით, რომელსაც ვენესუელელები იშვიათად მისდევენ, პრეზიდენტის მოვალეობა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს დიოსდადო კაბელოს უნდა შეესრულებინა. თუმცა ვინაიდან ის ნაციონალისტური მისწრაფებებით გამოირჩევა და სამხედრო სამსახურიდან მოდის, მისი კანდიდატურა კასტროს მთავრობამ დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელის ჯარი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ისინი, ვინც კუბის ჩარევას ეწინააღმდეგება და ისინი, ვისაც კავშირები აქვთ ჰავანასთან. პოლარიზებულია მოსახლეობაც, დიდი ქალაქების მცხოვრებთა უმეტესობა ოპოზიციას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც სოციალისტური პარტია პატარა ქალაქებსა და სოფლის მოსახლეობაში სარგებლობს მხარდაჭერით. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილება თუ თავს იჩენს, ამას შესაძლოა სამხედროების ჩარევა მოჰყვეს. ისინი კარაკასის ქუჩებში ჯერ კიდევ ახსოვთ. სამხედრო გადატრიალების მცდელობას იქ 1960-იან, 1980-იან, ორჯერ 1990-იან და 2002 წლებში ჰქონდა ადგილი.

ეკონომიკური კრიზისის კვალდაკვალ, ჩავესის მემკვიდრემ მოუწოდა მცირე ბიზნესებს, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები დაეწიათ. უსაფრთხოების სამსახურებმა ბევრი მოვაჭრე დააკავეს და მათ თვალწინ მაღაზიების თაროები ბრბომ დააცარიელა. ვენესუელა განიცდის ფქვილის, შაქრის, რძის, ტუალეტის ქაღალდის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტს. თუმცა მსგავსი რეიდები მისთვის უცხო არაა. ჩავესმა, თავისი მმართველობის პერიოდში, დაახლოებით 1000-მდე საწარმოს ჩამოართვა ქონება. სწორედ ეს აშინებთ უცხოელ ინვესტორებს და თავს იკავებენ ქვეყანაში ფულის დაბანდებისაგან. დოლარი შავ ბაზარზე იყიდება და მისი ფასი მთავრობის მიერ დადგენილს 9-ჯერ აღემატება.

ფასების კონტროლის და სუბსიდირების პოლიტიკა იქამდე გასტანს, სანამ ქვეყანას ამისთვის ფული აქვს. სწორედ ასე მოახერხა საბჭოთა კავშირმა შვიდი ათეული წელი ეარსება. თუმცა ვენესუელას ამისთვის რესურსები არ აქვს. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით (CIA), ბიუჯეტის დეფიციტმა 2012 წელს 17 პროცენტი შეადგინა. გაეროს ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნების ეკონომიკური კომისიის (CEPAL) პროგნოზით, 2014 წლისთვის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1%-ია.

მთავრობის განცხადებები და ეკონომიკური სირთულეების შეთქმულების თეორიების ახსნა ცხადყოფს, რომ მადუროს ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია და მისი ქმედებები მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის შენარჩუნებისკენაა მიმართული. მთავრობამ გადაწყვიტა აკონტროლოს ყველაფერის წარმოება, გაყიდვა და იმპორტი. როგორც Foreign Policy წერს, მთავრობა აკონტროლებს ყველაფერს, სამუშაო ძალიდან დაწყებული ქვეყნის ინდუსტრიით დასრულებული, ტუალეტის ქაღალდიდან ქალის საცვლებამდე, რისი შედეგიც ჩრდილოვანი ეკონომიკის ბუმი და შავი ბაზრის გაჩენაა – რაც, თავის მხრივ, პროდუქციის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის.

ახალი პრეზიდენტი საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ჩავიზმის აჩრდილის დახმარებით ცდილობს. თუმცა მადურო ჩავესი არაა და ხალხის მხარდაჭერა შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე დაკარგოს, რასაც დღევანდელი საპროტესტო გამოსვლები კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები