ვითარება უკრაინაში

ალასანია: იმედია, უკრაინას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ უკრაინას ისეთი ხელისუფლება ეყოლება, როგორსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკური შეთანხმება შედგება.

"პროცესები იცვლება დადებითისკენ, უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ვიმედოვნებთ, სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება, პოლიტიკური შეთანხმება შედგება და უკრაინას ახალი ხელისუფლება ეყოლება ისეთი, როგორსაც იმსახურებს უკრაინელი ხალხი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 328 დეპუტატმა დაუჭირა. ასევე #4193 დადგენილებით, რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე გუშინ უკრაინის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას, უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. დასავლეთი ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს განთავისუფლებას სთხოვდა. უკრაინის ევროკავშირში მისაღებად, ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.

უკრაინაში 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული. პროტესტის მონაწილეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები