თბილისის ბიუჯეტი 2014

შიხიაშვილი: თანამდებობა, ჩინები და ეპოლეტები პირველხარისხოვნად არ მიმაჩნია

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ თუ მერია საკრებულოს არ დათანხმდება დედაქალაქის კოალიციური მთავრობის შექმნაზე, მაშინ საკრებულო ბიუჯეტს არ დაამტკიცებს. ამის შესახებ შიხიაშვილმა გაზეთ რეზონანსის ყოველკვირეულ გამოცემა მთელ კვირასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, თბილისის მერიას კვლავ გიგი უგულავა მართავს, დედაქალაქს კი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით პრობლემები არ შეექმნება. შიხიაშვილი თბილისის მერიას ბიუჯეტის დამტკიცების სანაცვლოდ ახალ პირობას უყენებს.

"მე საკითხს ასე ვაყენებ - ეს მთავრობა, სამწუხაროდ, კვლავაც გიგი უგულავას მიერ იმართება და აქედან გამომდინარე, ხალხში მათი ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. საკრებულო კი თბილისელების მიერაა არჩეული, ამიტომ საჭიროა, თბილისის ახალი მთავრობის დაკომპლექტება მასთან შეთანხმებით განხორციელდეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდში არავის ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ხელი ქალაქის ბიუჯეტში აფათუროს", - უთხრა ირაკლი შიხიაშვილმა მთელ კვირას.

მისივე თქმით, თუ თბილისის მერია საკრებულოს შეთავაზებას არ დათანხმდება, დედაქალაქის ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება.

"თუ ისინი იმ გონივრულ და ლოგიკურ შეთავაზებაზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, უარს იტყვიან, ასე იქნება. ხოლო თუ დაგვთანხმდებიან, რომ მთავრობა ერთად დავაკომპლექტოთ, რათა არ ვეჭვობდეთ, რომ შესაძლოა, ვინმემ ბიუჯეტი არამიზნობრივად გახარჯოს, ჩვენ პროექტის სრულყოფილ ვარიანტს დავამუშავებთ და დავამტკიცებთ", - ამბობს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.
მთელი კვირის კითხვაზე, ეს პროცესები თანამდებობის გადანაწილებას ხომ არ ნიშნავს, შიხიაშვილი პასუხობს:

"თანამდებობის გამო ბრძოლა რომ მინდოდეს, ბიუჯეტს სასწრაფოდ მივიღებდი და საკრებულოს თავმჯდომარედ დავრჩებოდი. არჩევნებამდე ამ წოდებით მივიდოდი, მაგრამ მე თანამდებობა, ჩინები და ეპოლეტები პირველხარისხოვნად რომ არ მიმაჩნია, სწორედ ამიტომ ვარ მზად სამართლიანობისთვის".

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, როცა თბილისის მერს 50 მილიონის გაფლანგვას ედავებიან, მაშინ დედაქალაქის მთავრობა ლეგიტიმური ვერ იქნება.

შიხიაშვილი მთელ კვირასთან ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ არ იღებდა ხმას 2012 წლის არჩევნებამდე ამ დარღვევებზე.

"საკრებულო მაშინ მკვდარი მუსიკა იყო, არაფრის გადაწყვეტა არ შეეძლო, ისევე, როგორც დღეს არ აქვს არანაირი რეალური ბერკეტი, მერიის მიერ გახარჯულ ფინანსებს მონიტორინგი გაუწიოს. ...ვინმეს რაიმე ინფორმაცია რომ გამოეთხოვა, იმ წამსვე ხალხის მტრად შერაცხავდნენ. ჩათვალეთ, რომ ამას ძალიან ცუდად დაუმთავრებდნენ და ისეთ რამეს უზამდნენ, რასაც თურმე აკეთებდნენ კიდეც", - ამბობს ირაკლი შიხიაშვილი. მისი თქმით, ის იმიტომ არ აპროტესტებდა, რომ თანამოაზრეთა შემოკრება "რთული იყო და ერთმანეთს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა".

"მადლობა ღმერთს, რომ ახლა ასე აღარაა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ნაციონალური მოძრაობის მიერ აწყობილი მანქანა და რეჟიმი არ ჩამოიშლებოდა", - ამბობს შიხიაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის რიგები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ დატოვა და საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

კომენტარები