საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ფანჯიკიძე: გაგვიღრმავდა ეჭვი, რომ რუსეთი ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აშშ-ის უმაღლეს პირებთან შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ მავთულხლართების განახლების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში.

"მან თქვა, რომ ეს იოლს ხდის საქართველოს თემაზე საუბარს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა კონტექსტში. ჩვენ დღევანდელი ამბები, რასაკვირველია, მოვუყევით ამერიკულ მხარეს, კერძოდ, ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე და ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ამას გარკვეულწილად ველოდით, რადგან ის 11–კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა შეიქმნა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, სავარაუდოდ, შეიძლება, აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს, რადგან დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაგვიღრმავა ის ეჭვი, რომ რუსეთი ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს, რასაკვირველია, ხაზგასმით ითქვა ამ შეხვედრაზე“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს პრემიერს მადლობა გადაუხადა იმ რეფორმებისთვის, რომელსაც საქართველო ატარებს. ასევე, იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ISAF-ის მისიაში.

"მათ აღნიშნეს, რომ აშშ-ის მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს ახალ მთავრობას და გვისურვეს წარმატებები - განსაკუთრებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაუსვეს იმ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომლის პარაფირებაც მოხდა ვილნიუსში და რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს რამდენიმე თვეში. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არ არის ისე განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები, როგორიც ეს იქნებოდა ადეკვატური ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად. გამოითქვა სურვილი, რომ ეს გამოსწორდეს და აშშ-ის მხრიდან უფრო მეტი იყოს დაინტერესება საქართველოს ეკონომიკით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ამონტაჟებენ. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ტაბულას განუცხადეს, რომ მიტაცებული მიწის ფართობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, მავთულხართების კედლის მონტაჟის შედეგად, ოკუპირებულ მხარეს მოექცა ადგილობრივთა სახნავ-სათესი მიწები. ატოცელები დახმარებას ითხოვენ.

გუშინ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამთავრობო დელეგაცია თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრას შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით.

კომენტარები