საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ბოკერია: საინტერესოა, რა საკითხებზე ისაუბრა პრემიერმა ობამასთან შეხვედრაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობების მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს. თუმცა, მისი განცხადებით, აინტერესებს, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე. 

"წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა შედგეს სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ ობამასი, რომ ასეთ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ წევს საოკუპაციო ხაზს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, ასევე, უკრაინის მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტისადმი, ჩვენი თავისუფალი არჩევანის მიმართ. იმედი მაქვს, პრემიერი უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე - მიუნხენის კონფერენციაზე. ჩვენ გვაინტერესებს, კონკრეტულად რა საკითხები დასვა მან, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, მოვისმენთ უფრო მეტს. მან ისაუბრა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ეს კარგია, მაგრამ არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზე მოლაპარაკებების დაწყებაც იყო მიღწეული წინა შეხვედრაზე და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების საკითხი. საინტერესოა, თუ რა ეტაპზე ვართ ამ პროცესში", - განაცხადა ბოკერიამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრას პრეზიდენტი ობამაც შეუერთდა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით.

 

კომენტარები