საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

მთავრობის პრესსამსახური: არ გვქონდა ბაიდენთან შეხვედრის სრული ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცეპრეზიდენტთან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ქართული პრესსამსახურიდან მხოლოდ ფოტოგრაფი იმყოფებოდა. პრემიერის პრესსამსახურის უფროსის მანანა თოქმაჯიშვილის თქმით, შესაბამისად, მთავრობის პრესსამსახურს არ ჰქონდა შეხვედრის ამსახველი სრული ინფორმაცია. ამასთან, თოქმაჯიშვილმა მედიას მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულზე განმარტებები ქართული დელეგაციის წევრებს და პრემიერს სთხოვონ.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს ტაბულამ მიმართა კითხვით, თუ რატომ იყო გამოტოვებული ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შეხვედრის ის ნაწილი, სადაც შეერთებული შტატების უმაღლესი პირები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ყველა ლიდერთან თანამშრომლობისკენ, ასევე, საუბრობენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე.

"თეთრმა სახლმა მოგვიანებით გაავრცელა პრესრელიზი. ჩვენ უკვე გამოქვეყნებული გვქონდა ამბავი და პრემიერის კომენტარი. თქვენ იცით, რამხელა განსხვავებაა დროში. ამიტომ, ჩვენთან უფრო ადრე დაიდო მასალა და, შესაბამისად, ვერ აღმოჩნდა ის ნაწილი, რაზეც თქვენ საუბრობთ. თეთრი სახლი იყო მასპინძელი და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სრულად დასწრებოდნენ ამ შეხვედრას და ყველანაირი ინფორმაცია მიეღოთ. ჩვენი პრესსამსახურიდან მხოლოდ ფოტოგრაფი იყო შესული და, შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა სრული ინფორმაცია. მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდათ. დადო თეთრმა სახლმა პრესრელიზი და ამაზე განმარტებას თუ საჭიროებს ქართული მედია, შეუძლიათ მიმართონ დელეგაციის წევრებს, ასევე პრემიერს, დაუსვან შეკითხვები და მიიღებენ განმარტებას", - უთხრა ტაბულას მანანა თოქმაჯიშვილმა.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის გუშინ შეხვდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს. შეხვედრას პრეზიდენტი ობამაც შეუერთდა. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის უმაღლესმა პირებმა საქართველოს პრემიერს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით. აღნიშნული გამოტოვებულია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამერიკის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის მოწოდებაზე არ უსაუბრიათ არც საქართველოს პრემიერმინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერმინისტრის განმარტებით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

კომენტარები