განათლება

განათლების ცვლილებების ინსტიტუციონალიზაცია

სიმონ ჯანაშია
0 კომენტარი

განათლების სისტემის ცვლილების პერიოდული მცდელობის მიუხედავად, ტიპური სასკოლო სასწავლო პროცესი დღეს ძალიან ჰგავს არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მშობლების, არამედ ბებიებისა და ბაბუების ბავშვობისდროინდელს. მაშინაც და დღესაც, სწავლა უმეტესად სტანდარტული პროგრამის ზედმიწევნით შესრულებას ეფუძნებოდა. რატომ არ შეიცვალა მნიშვნელოვნად სწავლების მიდგომები, როდესაც უკვე მრავალი წელია შეიცვალა კანონმდებლობა, მართვის პრინციპები, დაფინანსების სისტემა და სხვა?

ამ პრობლემაზე საუბრისას ხშირად აქცენტი უფრო სუბიექტურ თუ ტექნიკურ მხარეებზე კეთდება. ხშირად გვესმის, რომ ცვლილებების წარუმატებლობა არაკომპეტენტური ჩინოვნიკების, არასათანადო დაგეგმვის, არასაკმარისი დეცენტრალიზაციის ან ნაკლებად ხარისხიანი რესურსების ბრალია. პოპულარულია მოსაზრებაც, რომ კონსერვატულობა ზოგადად სკოლის და მასწავლებლის პროფესიის განუყოფელი თვისებაა.

თითოეულ ამ წარმოდგენას შესაძლოა გარკვეული რაციონალური დასაბუთებაც ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, არცერთი ეს მოსაზრება ცალკე, ან რაიმე დახვეწილი კომბინაციით, არ არის საკმარისი იმის ასახსნელად, რატომ იცვლება სკოლებში სასწავლო პროცესი მინიმალურად, რესურსების, რეგულაციების, მასწავლებლების მიერ ახალი ცოდნის ათვისების, თუ სხვა ცვლილებების მიუხედავად. ამ საკითხის გააზრებაში სოციოლოგია, კერძოდ კი, ინსტიტუციური თეორია დაგვეხმარება.

ფოკუსირებული მსჯელობისთვის წარუმატებლობის კონკრეტული მაგალითის განხილვას გთავაზობთ. დაახლოებით რვა წლის წინ სახელმწიფომ ბიუროკრატების ან მეცნიერების მიერ სტანდარტული თანმიმდევრობით გაწერილი შინაარსების ან შეფასებების გამოყენებაზე თქვა უარი. პროგრამების განვითარება კონკრეტული სკოლის მასწავლებლების საგნობრივი კათედრების პრეროგატივა გახდა. იდეალურ შემთხვევაში, მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში აღწერილ მისაღწევ შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავებს ოპტიმალურ სასწავლო პროცესს, საკუთარი რესურსების, მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ამ ცვლილებას სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესება უნდა გამოეწვია, რადგან მასწავლებლების ენერგია თეორიულად მრავალფეროვანი და ეფექტური პროგრამების შექმნისკენ უნდა მიემართა. მიუხედავად ტრენინგების, საკითხავი თუ ვიდეომასალების მიწოდების, საკონსულტაციო შეხვედრების, სკოლების შეფასების თუ სხვა მექანიზმების გამოყენებისა, ამ მიდგომის ინსტიტუციონალიზაციის ნიშნები ჯერ არ ჩანს.

ინსტიტუციონალიზაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ მდგომარეობა, როდესაც კონკრეტული სტრუქტურა, ღირებულება ან პრაქტიკა უკვე იმდენად ბუნებრივად მიიჩნევა, რომ უმეტესად აღარც დაისმის კითხვა მისი წარმომავლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ. ინსტიტუციონალიზებული ნორმები თაობიდან თაობას ყოველგვარი განსაკუთრებული სანქციების ან რეგულაციების გარეშეც გადაეცემა. მისი ცვლილების მცდელობას კი, მნიშვნელოვანი საჭიროების შემთხვევაშიც, უმეტესად წინააღმდეგობით ხვდებიან.

მაგალითად, სკოლის ფუნქციონირება ბევრისთვის იმდენად წარმოუდგენელია ზარის გარეშე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული რეგულაციის არარსებობას ხელი არც შეუშლია მისი არსებობის გაგრძელებისთვის. მეორე მხრივ, ინსტიტუციური გარემოსთვის მანამდე იმდენად ჩვეულებრივი რამ იყო ნებისმიერი ნაბიჯის რეგულირება, რომ წინასაარჩევნოდ, რამდენიმე წლის წინ, სკოლებს პრეზიდენტიც კი გამოექომაგა, ნუ გეშინიათ, არავის გავაუქმებინებთ ზარსო.
სიახლის ინსტიტუციონალიზაცია არა კონკრეტული ორგანიზაციის ფარგლებში, არამედ უფრო ფართო გარემოში ხდება. განათლების ინსტიტუციური საზღვრები მნიშვნელოვნად სცილდება როგორც კონკრეტულ სკოლას, ისე სახელმწიფოს დაქვემდებარებულ სხვა ორგანიზაციებს. ინსტიტუციური გარემოს ნაწილია უნივერსიტეტები, სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოები, სახელმძღვანელოების მწარმოებლები, პროფესიული თუ რელიგიური ორგანიზაციები, მშობლები, მედია და სხვა.

ამგვარ კომპლექსურ სივრცეში, სკოლა დაინტერესებულია, რომ მაქსიმალურად მოგებიანად უპასუხოს სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის ზოგჯერ წინააღმდეგობრივ მოლოდინებს. განათლების სოციოლოგები, კერძოდ კი, ინსტიტუციური თეორიის თანამედროვე მიმდევრები მიიჩნევენ, რომ სკოლები ერთმანეთს ემსგავსებიან თვითდამკვიდრების სტრატეგიების გამოყენებისას. გავრცელებული მიდგომა სკოლის სტრუქტურაში, მასწავლებლების დონის სახელმწიფოსგან ორგანიზაციულად განცალკევებას გულისხმობს.

ამ პრინციპის უკეთ გასააზრებლად ისევ ჩვენს მაგალითს დავუბრუნდეთ. მასწავლებლისგან სახელმწიფო პროფესიული თავისუფლების მაქსიმალურად გამოყენებას და სასწავლო პროცესის რაციონალურად და მაქსიმალურად ინკლუზიურად დაგეგმვას ელის. სახელმწიფომ არამხოლოდ დაუშვა, რომ დაგეგმილი პროგრამების თანმიმდევრობა შესაძლოა სკოლებს შორის განსხვავდებოდეს. სახელმწიფომ განაცხადა, რომ კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი სწორედ არასტანდარტული პროცესია.

მაგრამ განა იმავე სტანდარტით აფასებს სასწავლო პროცესს მშობელი? განა არ აშინებს მშობლების ნაწილს ის, რომ შესაძლოა მათი შვილი ისეთი პროგრამით სწავლობდეს, რომელმაც შესაძლოა მისი ჩამორჩენა გამოიწვიოს? ხომ არ შეუშლის ეს ხელს, სხვა სკოლის მოსწავლეებს მეტოქეობა გაუწიოს რაიმე საერთო კონკურსში, როგორიც, ვთქვათ, მისაღები გამოცდებია? განა სახელმძღვანელოების ავტორებმა უკეთ არ იციან, როგორია რაიმეს შესწავლის ოპტიმალური გზა?

როგორ უპასუხოს სკოლის ადმინისტრაციამ ამგვარ მოლოდინებს? ახალბედა დირექტორი ხშირად სახელმწიფო რეგულაციების პრიმატს აღიარებს და მასწავლებლების შესაბამისად იძულებას ან მოტივირებას ცდილობს. ფართო ინსტიტუციური მოლოდინების გაუთვალისწინებლობა, დიდი ალბათობით, კონფლიქტს იწვევს, რაც დირექტორის ავტორიტეტს აზიანებს.

შედარებით გამოცდილი, სახელმწიფოს მრავალ მოთხოვნას შეჩვეული ადმინისტრატორი, ინსტიტუციური თეორიის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფოსა და მასწავლებლების დონეები ერთმანეთისგან გათიშოს. ისინი მასწავლებლებთან ხშირად უსიტყვო გარიგების საფუძველზე უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მოთხოვნების ცერემონიულ, ზედაპირულ დონეზე შესრულებას. სკოლა ხარკს უხდის სახელმწიფოს, მაგრამ აძლევს მასწავლებელს თავისუფლებას, რომ რეალურად მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მოლოდინების საფუძველზე იმოქმედოს. სახელმწიფოც თანახმაა ამგვარ თამაშზე, რადგან თითოეული მასწავლებლის კონტროლის რეალური რესურსი მას არ გააჩნია.

ამგვარად დგება ყოველწლიურად სკოლების დიდ ნაწილში თემატური, წლიური გეგმები, სილაბუსები. ასეთ შემთხვევებში, კოლეგებისგან ან ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებისა და სახელმძღვანელოების თავების დასახელებების მექანიკური გადაწერის საფუძველზე, წერენ მასწავლებლები „არასტანდარტულ" პროგრამებს, რომელთა ძირითადი დანიშნულება იმ ილუზიის შექმნაა, რომ სახელმწიფოს მოლოდინების მიხედვით მოქმედებენ. ენერგია კი ყოველდღიურობაში მიმართულია სახელმძღვანელოში აღწერილი თანმიმდევრობის ზედმიწევნით დაცვასა და აქვე მოცემული მასალის მაქსიმალურ დაფარვაზე.

სკოლის დირექტორების აბსოლუტურ უმრავლესობას ზუსტად აქვს გამომუშავებული, თუ როგორ უნდა იურთიერთოს ძალაუფლების წყაროსთან. ამიტომაც ის საუბრობს სახელმწიფოს დაწესებული თამაშის ენაზე, სასწავლო გეგმის შედეგებისა და ინდიკატორების შესახებ. მასწავლებლები კი, უმეტესად, ინსტიტუციურ გარემოში აღიარებულ სხვა ორიენტირებზე დაყრდნობით მეტყველებენ: პროგრამა რთულია, სახელმძღვანელოდან ამოსაღებია საკითხები და ა.შ.
ინსტიტუციური გარემოს ამ თავისებურებების გათვალისწინებით, რა აზრი აქვს სახელმწიფოს მიერ რაიმეს გაუმჯობესების მცდელობას? როგორც ვხედავთ, მისი შესაძლებლობები მართლაც შეზღუდულია, მაგრამ ვითარება არც უიმედოა. ამის ნათელი მაგალითია უნივერსიტეტებში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები. გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლისგან განსხვავებით, უმაღლესებში პროფესორის მიერ მომზადებული სილაბუსების არსებობა დღეს აბსოლუტურად ბუნებრივ და საჭირო მიდგომად, ანუ ინსტიტუციურად აღიარებულ აუცილებლობად აღიქმება.

ამ ცვლილების ინსტიტუციონალიზაციისთვის, ცხადია, გარკვეული როლი სახელმწიფოს სანქციებმაც (იხ. აკრედიტაცია) იქონია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებები ფართო ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა იყო. ერთი შეხედვით, პარადოქსულია – თუ სილაბუსების შექმნის ტრადიცია არ იყო, მაშ, საიდან იარსებებდა მათი არსებობის ლეგიტიმაციისთვის ინსტიტუციური წყარო?

საქართველოს უნივერსიტეტების საერთაშორისო სისტემაში ჩართვამ მანამდე არსებული ინსტიტუციური საზღვრები გააფართოვა. დღევანდელ ქართულ აკადემიურ სივრცეში პრაქტიკულად წარმოუდგენელია სილაბუსის გარეშე მუშაობა არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ითხოვს ამას, არამედ იმიტომ, რომ საერთოევროპულ სივრცეში ლეგიტიმურობის მოპოვება სხვაგვარად შეუძლებელია.

ამ მაგალითიდან შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რომ სანქციების ნაცვლად ან პარალელურად, სახელმწიფომ ცვლილებების ისეთი მომხრეები უნდა გააძლიეროს, რომლებსაც ფართო ინსტიტუციურ გარემოში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მასწავლებლებზე, მშობლებზე ან სკოლების ადმინისტრაციაზე. ინსტიტუციური საზღვრების საჭიროებებისამებრ გაფართოებაც ამავე მიდგომის ერთ-ერთი ნაწილია.

სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, რაციონალურად დაგეგმვისა და განხორციელების გარდა, ინსტიტუციურ გარემოში არსებული შესაძლებლობების შეზღუდვების გათვალისწინებაც სჭირდება. მრავალი და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოლოდინების მქონე ლეგიტიმაციის წყაროების არსებობის გააზრება, ერთი მხრივ, რეალისტური მოლოდინების ფორმირებაში, მეორე მხრივ კი, ცვლილებების გამოწვევის პროცესში, შესაძლო პარტნიორებისა თუ კონკურენტების გამოვლენაში, პოლიტიკის დამგეგმავსაც დაეხმარება და ფართო საზოგადოებასაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები