ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა სახელმწიფოს გარეშე განხორციელდა

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მთავრობის მიერ განუხორციელებელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა დამოუკიდებლად განახორციელეს. უნივერსიტეტებმა პირველი შეთანხმება მისურის უნივერსიტეტთან გააფორმეს, ნევადის უნივერსიტეტთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის ინფორმაციით, სტუდენტები აგრარულ უნივერსიტეტში 3 წლის განმავლობაში ისწავლიან, 2-წლიან მაგისტრატურას კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან.

ლაშა გოცირიძის თქმით, მთავრობამ გაუგებარი მიზეზით გააუქმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონკურსი, რომელში გამარჯვებულებიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყვნენ.

"შტატებში ორწლიანი სწავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებენ მისურის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს. ფაქტობრივად, ის იდეა, რომელიც მთავრობას გააჩნდა და რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით უნდა განხორციელებულიყო, ჩვენმა უნივერსიტეტებმა დამოუკიდებლად განვახორციელეთ და შემიძლია ვთქვა, რომ უფრო უკეთეს შედეგებსაც მივიღებთ. თავდაპირველი იდეით იგულისხმებოდა, რომ სტუდენტი მიიღებდა ბაკალავრის დიპლომს. ჩვენი მოდელით, რომელზეც უკვე შევთანხმდით, მაგისტრის დიპლომს მიიღებენ. ამ იდეის განხორციელება დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ უკანონოდ გამოგვაგდო კონკურსიდან, რომელიც უკვე დასრულებული იყო და ჩვენ ვიყავით გამარჯვებულები", - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2012 წლის სექტემბერში გახსნა. ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა. პროექტის კონკურსში აგრარულმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კონკურსის შედეგები გაუქმდა, შეცვლილ პროექტში კერძო უნივერსიტეტების მონაწილეობა გამოირიცხა.

კომენტარები