გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა

ორგანიზაციამ ”ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ოკუპაციის მუზეუმში სტუდენტებისთვის ღონისძიება გამართა.  

მოწვეულმა სტუდენტებმა მუზეუმი დაათვალიერეს, დასასრულს კი ფილმის ჩვენება გაიმართა.

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 93 წელი გავიდა. 1921 წლის 12 თებერვალს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში საბჭოთა არმია შემოიჭრა. დემოკრატიული საქართველოს ჯარმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. თუმცა, არმიამ ქართველებზე კვლავ მიიტანა იერიში. 24 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით ნოე ჟორდანიამ რუსეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება მოითხოვა. საპასუხოდ, 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია  შემოვიდა. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ქართველები დამარცხდნენ. რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობა კი ჯერ ბათუმში, ხოლო მარტში ემიგრაციაში წავიდა.

სუვერენული ქვეყნის გასაბჭოებამდე თბილისის შემოგარენში რუსებთან ბრძოლაში ქართველი იუნკრები დაიღუპნენ.

კომენტარები