პატიმართა უფლებები

პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტები მე-7 საპყრობილეში

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და მოუწოდა, დაიცვას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უფლებები.

სახალხო დამცველის აპარატმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განახორციელა არაგეგმური მონიტორინგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგად ომბუდსმენის ოფისმა გამოავლინა დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უფლების დარღვევის ფაქტები და გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც შესაბამისი ორგანოების მიერ შესწავლას საჭიროებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაწესებულებაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია. რამდენიმე ფენა გისოსით დაფარული მცირე ზომის ფანჯრები ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას, ხოლო დაწესებულებაში დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემა – სუფთა ჰაერის საკმარის მოძრაობას. პირველ სართულზე განლაგებული საკნები ნესტიანია და იმ პატიმრებს, რომლებსაც ფილტვების ტუბერკულოზი აქვთ გადატანილი, განმეორებით დაავადების საფრთხე ემუქრებათ.

ცალკეული პატიმრების საცხოვრებელი საკნის ფართობი არ აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს.
პატიმრების სასეირნოდ გამოყოფილი ფართი მცირე ზომისაა. ის მოქცეულია შენობებს შორის, რის გამოც ამ ტერიტორიაზე სათანადოდ ვერ აღწევს მზის სხივები და სუფთა ჰაერი.
საკნებში არ არის საკმარისი ავეჯი, რის გამოც პატიმრებს პირადი ნივთები და საკვები იატაკზე და საწოლზე უწყვიათ.
დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, რის გამოც, პატიმრები ტანსაცმელს და თეთრეულს რეცხავენ საკნებში და იქვე აშრობენ. პატიმრების განმარტებით, მათ ასევე არ აქვთ საკმარისი თბილი ტანსაცმლი.

ომბუდსმენის თქმით, პატიმრებს არ ეძლევათ უფლება საკანში იქონიონ საპარსი და ფრჩხილების საჭრელი საშუალებები. ერთ საკანში მყოფი პატიმრების ყველა საპარსი და ფრჩხილის საჭრელი ინახება ერთ კოლოფში, ოფიცერთა სამორიგეო ოთახში მდგარ სეიფში, სამეურნეო და საკანცელარიო დანიშნულების ნივთებთან ერთად. აღნიშნულით ირღვევა ჰიგიენური ნორმები და იქმნება გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე.

#7 დაწესებულებაში არ არსებობს ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. შეხვედრების ოთახების სიმცირის გამო პატიმრები ვერ ახერხებენ ადვოკატთან დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად შეხვედრას. პატიმრების გადმოცემით, მათ არ აძლევენ უფლებას, საკანში შეინახონ პირადი კორესპონდენცია.

როგორც პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნავენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიმართავენ უხეშად და გამომწვევად. მათ განცდებს აძლიერებს ორი პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტი და ამ ფაქტის მონაწილე დაწესებულების დირექტორის სამუშაოზე აღდგენა.

პატიმრები განმარტავენ, რომ მცირეოდენი გადაცდომის შემთხვევაშიც კი ეზღუდებათ სხვადასხვა უფლებებით სარგებლობა (მაგ. ტელეფონით, მიმოწერით, ამანათით). ასევე აცხადებენ, რომ საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი პრესაზე.

დაწესებულებაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი ჯანმრთელ პატიმრებთან მოათავსეს. ასევე, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი განათავსეს ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან ერთად, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.

პატიმრები აცხადებენ, რომ მათ არ მიუწვდებათ ხელი დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე. სახალხო დამცველის თქმით, პატიმრები განსაკუთრებულ პრეტენზიას გამოთქვამენ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად გაყვანის გაჭიანურებაზე.

 

კომენტარები