საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

ღარიბაშვილი: წინსვლისთვის საჭიროა, რომ საქართველოს მაპი მიენიჭოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს დასავლურ კურსზე, ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე, რუსეთისგან მოსალოდნელ ზეწოლასა და ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა.

"6 წლის წინ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო. ჩიკაგოს სამიტზე კი მათ ხაზი გაუსვეს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. პროგრესი უკვე განვიცადეთ. ეს ჩვენ ძლიერ პოზიციაში გვაყენებს, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. ნატოს სამიტი დიდ ბრიტანეთში, საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ადეკვატური რეაგირებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის დრო უკვე დადგა. აუცილებელია განვაგრძოთ წინსვლა და ამისთვის რეალურად საჭიროა, რომ საქართველოს მაპი მიენიჭოს. ჩვენთვის მაპი არის ინტეგრაციის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, აღსრულდება. ამ პოტენციურად ახალ საფეხურზე გადასვლით, ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ სიღრმისეული რეფორმების თანამიმდევრული პროცესი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია რუსეთისგან ზეწოლა.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერამდე რუსეთისგან ზეწოლის გაძლიერებას ველით. ამ კონტექსტში დავაფასებთ ამერიკის ადმინისტრაციის, კონგრესის, ატლანტიკური ინსტიტუტის, არასამთავრობოებისა და მედიის მხარდაჭერას, რომ რუსეთს შესაფერისი მესიჯები გაუგზავნონ და დააფიქსირონ - საქართველოს სუვერენული უფლება აქვს ჰქონდეს ევროპული მომავალი.

2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთის მიმართ მრავალი პოზიტიური ჟესტი გადადგა. ახლახან განვაახლეთ საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ დადებული პირობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს დეოკუპაციაა. უვიზო რეჟიმი შემოვიღეთ რუსი მოქალაქეებისთვის და დავთანხმდით რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას. ასევე, უარი ვთქვით სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე. სანაცვლოდ, რუსეთს სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა შევთავაზეთ. გარდა ამისა, მოსკოვთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების მიზნით, გამოვყავით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი. ზოგიერთი პოზიტიური ნიშანი უკვე აშკარაა. რუსული ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისთვის, სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივდა, თუმცა ფუნდამენტური უთანხმოებები კვლავ რჩება. რუსეთი ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ პროვოკაციებს განაგრძობს. ისინი განაგრძობენ მავთულხლართების გავლებას და ბარიერების აღმართვას. ეს ფიზიკური წინააღმდეგობები ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, როგორიცაა სკოლებსა და სახნავ-სათესი მიწებისადმი ხელმისაწვდომობა და ა.შ. გარდა ამისა, ისინი ხელყოფენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ძალადობა და არ დათმოს ქვეყნის ევროპული კურსი რუსეთის სასარგებლოდ. პრემიერმინისტრის განცხადებით, კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემხრობა.

"93 წლის წინ, წითელმა არმიამ ჩვენი დედაქალაქი, თბილისი დაიპყრო და ბოლო მოუღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ამით საქართველოს ისტორიის კურსი 70 წლით შეცვალა. აუცილებელია, რომ ასეთი ისტორიული ტრაგედიები არ განმეორდეს 21-ე საუკუნეში", - ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრს სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვები დაუსვეს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაზე. დისკუსია თითქმის 1 საათი გაგრძელდა.

 

კომენტარები