საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

4 არასამთავრობო: საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებები ეჭვს აჩენს

ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედება დაუშვებლად მიაჩნია. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას - საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა ზომა და არ დაუშვან იმ ნორმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილებზე გამოცხადდება კონკურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული დებულება საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ, ინიცირებულ ვერსიაში არ ყოფილა. მათი თქმით, მისი დამატება დისკუსიის ბოლო ეტაპზე მოხდა, კანონპროქტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რის გამოც ის საზოგადოებრივი დისკუსიის მიღმა აღმოჩნდა.

"ის, რომ ამ ნორმის თაობაზე საზოგადოება სათანადო წესით ინფორმირებული არ იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ხარვეზიანი და ნაკლული იყო თვითმმართველობის კოდექსისა და თანდართული კანონპროექტების განხილვის პროცედურა, რაც დაუშვებელია, მით უფრო ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმის წარმოებისას. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუხლის კანონში შეტანა პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევითაც მოხდა. კერძოდ, ის პრინციპის კატეგორიაში გადის და, შესაბამისად, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე უნდა ასახულიყო დოკუმენტის ტექსტში. რაც შეეხება უშუალოდ განხორციელებულ ცვლილებას, ის წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციითა და თავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გარანტირებულ უფლებებსა და პრინციპებთან. კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებია მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა, მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს კონსტიტუცია 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში განიხილავს. ეს ნორმა ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ წესში მოიაზრება არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციურლი რეგულაციების დადგენის ვალდებულება, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლება, დაცულნი იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან. განხორციელებული ცვლილება მით უფრო სავალალოა კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჭრილში და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს პოლიტიკურ პროცესში მოხელეთა პარტიული მოზნებისათვის გამოყენების თაობაზე. თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება სერიოზულ ზიანს აყენებს არჩევნების მიმართ ნდობას. ადგილობრივი არჩვნების წინა პერიოდში აღნიშნული ნორმის ამომედებით საჯარო მოხელეებს შეექმნებათ არასტაბილურობის გრძნობა და ალბათობა იმისა რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში იმოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით ძალიან დიდია. ამავდროულად, ჩნდება ეჭვები, ხომ არ გადაწონის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება თვითმმართველობის რეფორმით შემოთავაზებულ პოზიტიურ სიახლეებს", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გაშვებას და მათი საკუთარი ნათესავებით და აქტივისტებით ჩანაცვლებას აპირებს. უგულავა საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს მიიღო. 

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.

"ეს მუხლი ადამიანურ ენაზე ნიშნავს შემდეგს - ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება იქ, სადაც გაიმარჯვებს, აპირებს ყველა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებულის, პირდაპირ რომ ვთქვათ, სამსახურიდან გაპანღურებას. თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ეს არის ადამიანის შრომითი უფლებების უხეში დარღვევა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არის მუხლი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ეს მუხლი და ეს დირექტივა პირდაპირ მოდის საქართველოს მთავრობისგან და კერძოდ, პარტია ქართული ოცნებისგან. ეს მუხლი და ეს ნორმა პირდაპირ კავშირშია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ვიცეპრემიერ კახა კალაძის ამასწინდელ განცხადებასთან, რომ ვინც კარგად იმუშავებს - ქართული ოცნების აქტივისტები - ისინი დასაქმდებიან და მიიღებენ ჯილდოს დასაქმების სახით. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ასეთი დაპირება არის ჩვეულებრივი მოსყიდვა და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყოფილ პრემიერს სწორედ ეს შესაძლო ბრალი წაუყენეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ფაქტია ის, რომ ღარიბაშვილს, კალაძეს და ქართულოცნებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილი აქვს 20 000-მდე ადამიანი გააგდოს სამსახურიდან და ჩაანაცვლოს ისინი საკუთარი ნათესავებით, საკუთარი პარტიის აქტივისტებით და აქვე კანონით საზღვრავენ, რომ ამისთვის არის არჩევნებიდან 120 დღე. ანუ ყოველგვარი წესების, კანონების და კონსტიტუციის უგულებელყოფით ყველა ადამაინი გამოცხადდება მოვალეობის შემსრულებლად, მათი დათხოვნა იქნება შესაძლებელი აბსოლუტურად უდრტვინველად და უპრობლემოდ. ამისთვის კანონმა დაგვიწესა ვადა 120 დღე", - აცხადებს გიგი უგულავა 

კომენტარები