საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

ღარიბაშვილი: მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები - ეს არის ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვები დაუსვეს ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რუსეთის ფედერაციის გავლენას, რაზე პასუხსაც საქართველოს პრემიერმინისტრმა თავი აარიდა:

"ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ევროპა უფრო გააქტიურდა. მე არ მსურს სხვებზე ლაპარაკი. მე მინდა საქართველოზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. ვფიქრობ, შეერთებული შტატები და ევროპა მაქსიმუმს აკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად". რაც შეეხება საქართველოს - პრემიერმა თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, გარკვეული პროგრესი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების კუთხით გვაქვს, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს ზეწოლას საქართველოზე ტერიტორიული მთლიანობის მხრივ.

პრემიერს კითხვა ასევე დაუსვეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაციონალური მოძრაობის როლსა და პოლიტიკურად მოტივრებულ დაჭერებზე. ღარიბაშვილმა კითხვის პირველ ნაწილს არ უპასუხა, მეორე ნაწილთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ყველა სასამრთლო პროცესი გამჭვირვალეა.

"სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს სასამართლო პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ტარდება. ჩვენ საერთაშორისო არასამთავრობოები და მონიტორები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ დაესწრონ ამ პროცესებს, გაეცნონ საქმეში არსებულ დეტალებს და ნახონ აღნიშნული დოკუმენტები. გარდა ამისა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი აღნიშნულ საქმეებს ყურადღებით აკვირდება და ჩვენ მის რჩევებს ვითვალისწინებთ. ასე რომ, ვფიქრობ, კანონის მაღლა არავინ დგას. ეს არაა ქვეყანა, რომლის შენებაც ჩემს გუნდთან ერთად მინდა. ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, როდესაც თანამდებობას დავტოვებ, 5 წელში, უფრო გვიან, თუ უფრო ადრე, მინდა ვიყო პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ. თუ 5 ან 10 წლის შემდეგ, ახალი მთავრობა აღმოაჩენს, რომ მე დანაშაული ჩავიდინე, მე ამაზე პასუხი უნდა ვაგო.

ჩვენ საუბარი გვაქვს სერიოზულ დანაშაულებზე. მინდა გარანტირებულად გითხრათ, რომ არცერთი მათგანი არაა პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ ყველას, და განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს, თანასწორად ვეპყრობით. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მე დავაპატიმრე ჩემი პირველი მოადგილე. ის ჩემთვის იყო და ახლაც ძალიან ახლობელი ადამიანია, რადგან ჩვენ არჩევნები ერთად მოვიგეთ, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა, როდესაც მან კანონი დაარღვია, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. სხვაგვარად, საზოგადოებისთვის მოგვიწევდა თქმა, რომ ჩვენ პრივილეგირებული ვართ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მე არ მინდა ვიყო პრივილეგირებული იმის გამო, რომ მე არჩეული ვარ. მე ამირჩიეს, რათა ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას. მე უნდა დავრჩე პასუხისმგებელი. ეს არის ამ საკითხზე ჩემი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ყველაზე დიდი გამოწვევები კი, ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებობს.

"ეკონომიკა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა განსავითარებელია. ჩვენ ამ კუთხით სტრუქტურული რეფორმები გავატარეთ და შედეგები ნელ-ნელა იჩენს თავს. ნოემბერში 8.1%-იანი ზრდა, დეკემბერში კი 8.4%-იანი ზრდა გვქონდა, იანვარში 8%-იანი ზრდა. წელს კი ჩვენი მიზანია 5-6%-იანი ზრდა გვქონდეს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ჩვენი მშპ 6.3%-ით გაიზრდება. ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი ქვეყანაში კაპიტალის ნაკლებობა იყო. ჩვენ ამ თვეში ვიწყებთ სახელმწიფო სიმდიდრის ფონდის ამუშავებას, რომელიც გრძელვადიანი კაპიტალის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ჩვენ ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ რეგიონიდან და ევროპიდან. მე ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ისრაელში შევხვდი ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებული. კონკრეტულად, ისინი აპირებენ ინვესტიციების ჩადებას სოფლის მეურნეობასა და ენერგოსექტორში, რადგან რეგიონები ძალიან რთულ ვითარებაში არიან. აქ ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და შიმშილობს. ჩვენი მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნაა. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობა რაც შეიძლება მალე უნდა განვითარდეს, რადგან ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში დაგვეხმარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები