ოსკარი

ვინ მოიგებს ოსკარს?!

ნიკა ესებუა
0 კომენტარი

„როდესაც ვსაუბრობთ ოსკარზე, ვლაპარაკობთ თითქმის სრულყოფილების სიმბოლოდ ქცეულ ჯილდოზე, რომელსაც ამერიკული და მსოფლიო პუბლიკა აღიარებს", – ეს სიტყვები პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ეკუთვნის. დროის სვლასთან ერთად კი, ოსკარებისა და სრულყოფილების გაიგივება სულ უფრო რთული ხდება.

მეთიუ მაკონაჰი ფილმში დალასის მყიდველთა კლუბი
1927 წლიდან ამერიკის კინოაკადემია ყოველი წლის ყველაზე გამორჩეულ ფილმს ოსკარს გადასცემს. რამდენად საუკეთესოა უმთავრესი ოსკარის მფლობელი ფილმი, ეს მუდამ სადავოა, მაგრამ ბოლო წლებში აკადემიამ საერთოდ აურია. ჯერ 2005 წლის ოსკარებზე, ჯილდო მიიღო „შეჯახებამ" (Crash), რომელიც ნომინაციასაც კი არ იმსახურებდა. შემდეგ სკორსეზეს ფილმისთვის Departed მისცეს ოსკარი და ამის ერთადერთი ლოგიკური ახსნა რეჟისორის შთამბეჭდავი კინოკარიერაა, რომლის მანძილზეც სანუკვარი ოქროს ქანდაკება არ ღირსებია. 2009 წლის ტრიუმფატორი ქეთრინ ბიგელოუს Hurt locker გახდა. ერაყში ამერიკელი გამნაღმველების ისტორიის გამარჯვება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე წლის საუკეთესო ნამუშევრის გამორჩევას. შარშანაც იგივე განმეორდა და ოსკარი არაფრით გამორჩეულმა „არგომ" დაიმსახურა. 10 წლის შემდეგ ბენ აფლეკის ნამუშევარი მარტო ბენ აფლეკს ემახსოვრება.
2014 წლის ოსკარებს აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ ბოლო წლების დაღმასვლა შეაჩეროს. ყოველ შემთხვევაში, ამერიკის კინოაკადემიამ თითქმის ყველა ღირსეულ ამერიკულ ფილმს ნომინაცია მისცა და გამარჯვების მთავარი ფავორიტებიც სწორედ ეს ნამუშევრებია.

ოსკარების დაჯილდოების 86-ე ცერემონიალზე ნომინაციას მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ერთი გამორჩეული ფავორიტი არ ჰყავს. მეთიუ მაკონაჰის („დალასის მყიდველთა კლუბი"), ლეონარდო დი კაპრიოსა („უოლ სტრიტის მგელი") და ჩიუეტელ ეჯიოფორს („მონობის 12 წელი") გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ეჯიოფორი სოლომონ ნორთაპს თამაშობს – ისტორიულ პიროვნებას, თავისუფალ შავკანიანს, რომელიც მოიტაცეს და 12 წლის განმავლობაში მონად აქციეს. თუ აკადემიამ გადაწყვიტა, რომ წელს ოსკარების დიდი ნაწილი „მონობის 12 წელს" მისცეს, მაშინ მსახიობს გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

კადრი ფილმიდან გრავიტაცია

ლეონარდო დი კაპრიომ „უოლ სტრიტის მგელში" კარიერის საუკეთესო როლი შეასრულა. ჯორდან ბელფორი მიმზიდველი, ჭკვიანი, მატყუარა, სექსსა და ნარკოტიკებზე შეშლილი პერსონაჟია. კლასიკური ანტიგმირი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. დი კაპრიომ ქარიზმატული პერსონაჟი შექმნა, რომელიც სამი საათის განმავლობაში წამითაც არ მოგბეზრდებათ. წლებია, სკორსეზეს ფავორიტ მსახიობს კინოაკადემია ჯილდოს გარეშე ტოვებს, მაგრამ კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, წინა შემთხვევებში ლეო უკეთესი პერფორმანსების წინააღმდეგ დამარცხდა. წელს კი გამორჩეული იყო. ერთადერთი, ვისი პერფორმანსიც მისას შეედრება, მეთიუ მაკონაჰია. მაკონაჰის სხვებზე ოდნავ, სულ მცირედით უკეთესი შანსი აქვს, ოსკარი მოიპოვოს. ამის მიზეზი კი ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო და ოქროს გლობუსია, რომელიც მსახიობმა იანვარში დაიმსახურა. მაკონაჰი რასისტ, ჰომოფობ, ნარკომან რედნეკს თამაშობს, რომელიც შიდსით დაავადდება და ექიმები ერთ თვეს მისცემენ. რონ ვუდროფი, ასე ჰქვია მაკონაჰის პერსონაჟს, რომლის როლის შესასრულებლადაც მსახიობმა თითქმის 22 კგ დაიკლო.

მათ გარდა, ოსკარზე ნომინირებულნი ბრიუს დერნი („ნებრასკა") და კრისტიან ბეილი („ამერიკული აფერა") არიან. ამერიკის კინოაკადემიამ ხოაკინ ფენიქსი („ის"), რობერტ რედფორდი („ყველაფერი დაკარგულია") და დანიელ ბრული („სიჩქარე") ნომინაციის გარეშე დატოვა. სამივე მსახიობი, სულ ცოტა, კრისტიან ბეილის ადგილს მაინც იმსახურებს, რომელიც მშვენიერი მსახიობია, მაგრამ „ამერიკულ აფერაში" არაფერი ახალი არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, როგორ იოლად შეუძლია საკუთარი წონით მანიპულირება (ამჯერად ძალიან გასუქდა). ბრულის მიერ განსახიერებული ნიკი ლაუდა, ოქროს გლობუსზე მეორეხარისხოვან როლზე იყო ნომინირებული, რაც აბსურდული გადაწყვეტილება იყო. მისი პერსონაჟი ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია და სწორედ ბრული აქცევს „სიჩქარეს" წლის სასიამოვნო კინომოულოდნელობად. ხოაკინ ფენიქსმა სპაიკ ჯონზის ნამუშევარში ერთი კაცის შოუ დადგა და ფანტასტიკური სამსახიობო ნიჭი გამოავლინა, როცა ზედმეტი ექსპრესიის გარეშე, პერსონაჟის ყველა სათქმელი ეკრანზე გადმოიტანა.

კონკურენტი არ ჰყავს და ნომინაციის უდავო ფავორიტია ქეით ბლანშეტი („ლურჯი ჟასმინი"), რომელმაც ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის განკუთვნილი ყველა შესაძლო ამერიკული ჯილდო მოიგო. ერთადერთი, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, ემა ტომპსონია („მისტერ ბენქსის გადასარჩენად"), რომელიც მოულოდნელად დარჩა ნომინაციის გარეშე. სანდრა ბულოკი („გრავიტაცია"), ემი ადამსი („ამერიკული აფერა"), ჯუდი დენჩი („ფილომენა") და მერილ სტრიპი („აგვისტო") ქეით ბლანშეტის კონკურენტები არიან, მაგრამ მათი პოდიუმზე ასვლის შანსები მინიმალურია.

ჩიუეტელ ეჯიოფორი ფილმში მონობის 12 წელი

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულ ბრედლი კუპერს („ამერიკული აფერა") ძია ოსკარის ქანდაკების მოპოვების მიზერული შანსი აქვს, ამის მიზეზი ძლიერი კონკურენტებია. „კაპიტან ფილიპსში" თამაშამდე ბარხად აბდი ლიმუზინის მძღოლი იყო. დებიუტი კი შთამბეჭდავი გამოუვიდა და ახლა ოსკარის მოპოვების კანდიდატია. თუმცა მთავარი ფავორიტები ჯონა ჰილი („უოლ სტრიტის მგელი"), მაიკლ ფასბინდერი („მონობის 12 წელი") და ჯარედ ლეტო („დალასის მყიდველთა კლუბი") არიან. „უოლ სტრიტის მგელში" დონი ყველაზე სასაცილო და გამაღიზიანებელი პერსონაჟია, რაც მთლიანად ჯონა ჰილის დამსახურებაა. ფასბინდერი ლოთი და სასტიკი ადამიანია, რომელიც შავკანიანებს როგორც ცხოველებს ისე ეპყრობა. ჯარედ ლეტო ტრანსსექსუალს თამაშობს და ამ ყველაფერს ძალიან დამაჯერებლად აკეთებს, ისე, რომ ოსკარის მოპოვების სხვებზე ოდნავ უკეთესი შანსი აქვს.
სალი ჰოკინსი („ლურჯი ჟასმინი"), ჯუნ სქუიბი („ნებრასკა"), ლუპიტა ნიონგ'ო („მონობის 12 წელი"), ჯულია რობერტსი („აგვისტო") და ჯენიფერ ლოურენსი („ამერიკული აფერა") ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის განკუთვნილი ოქროს ჯილდოსთვის იბრძვიან. ეს ნომინაცია წელს სუსტია. სუსტია წინა წლების ფონზე და სხვა ნომინაციებთან შედარებითაც. ნომინირებული მსახიობებიდან ვინმეს გამორჩევა ძალიან რთულია, თუმცა თუ სხვა ამერიკულ დაჯილდოებებს გადავხედავთ, მთავარი ფავორიტები ჯენიფერ ლოურენსი და ლუპიტა ნიონგ'ო არიან და სწორედ მათგან ერთ-ერთი მიიღებს ჯილდოს.

ბოლო წლებში საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მფლობელი ის ხდება, ვისი ფილმიც ოსკარს იგებს. უჩვეულო გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, როდესაც ბენ აფლეკი ნომინირებულიც არ ყოფილა, მისი „არგო" კი ოსკარის ტრიუმფატორი გახდა. ოსკარები 2014-ზე ასეთი რამ ნაკლებად მოსალოდნელია და ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტები ალფონსო კუარონი („გრავიტაცია"), დევიდ ო. რასელი („ამერიკული აფერა") და სტივ მაქუინი („მონობის 12 წელი") არიან. მათ გარდა, ნომინაცია მარტინ სკორსეზემ („უოლ სტრიტის მგელი") და ალექსანდრ პეინმა („ნებრასკა") მოიპოვეს. გულდასაწყვეტია, რომ სპაიკ ჯონზი („ის") ნომინაციის გარეშე დარჩა, რეჟისორმა წლის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი გადაიღო და, რაც მთავარია, თითოეულ დეტალში მისი ხელი იგრძნობოდა. ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტები მაინც მაქუინი და კუარონი იქნებიან. მაქუინმა გაცვეთილ, ბანალურ რასიზმის თემაზე არაფრით გამორჩეული სცენარი აიღო და გადაიღო ფილმი, რომელიც წლების შემდეგ დამწყები რეჟისორებისათვის „სამაგიდო ფილმი" გახდება. მაქუინის მასტერკლასს, როგორ შევქმნათ არაფრისგან კინო, კუარონმა გრანდიოზული „გრავიტაციით" უპასუხა. გრავიტაციის მთავარი ღირსება მისი ვიზუალია, მაგრამ ის Discovery-ს დოკუმენტური ფილმი იქნებოდა, რომ არა რეჟისორის ოსტატობა, რის გამოც კუარონს ჯილდოს მოპოვების სხვებზე ოდნავ უკეთესი შანსი აქვს.

კადრი ფილმიდან ამერიკული აფერა
კინოაკადემიის ყველაზე დიდი შეცდომა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე სპაიკ ჯონზის დაიგნორებაა. თუმცა ფილმის „ის" რეჟისორს ძალიან კარგი შანსი აქვს, ორიგინალური სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო აიღოს. თუ კინოაკადემია გადაწყვეტს, რომ „ამერიკული აფერა" საუკეთესო ფილმი უნდა გახდეს, მაშინ ორიგინალური სცენარისთვის განკუთვნილ ჯილდოსაც ეს ნამუშევარი დაიმსახურებს. დანარჩენ სამ კანდიდატს – „ნებრასკა", „ლურჯი ჟასმინი", „დალასის მყიდველთა კლუბი", გამარჯვების მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

ვინ მოიგებს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილ ჯილდოს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტრადიციულად ძალიან რთულია. კინოაკადემიის წევრებმა ბოლო წლებში „ღმერთის ქალაქი", „ამელი", „ფავნის ლაბრინთი" – ერთი შეხედვით უდავო ფავორიტები ჯილდოს გარეშე დატოვეს და გასაკვირი არ იქნება, წელს გამარჯვებული ტომას ვინტერბერგის „ნადირობა" ან პაოლო სორენტინოს „დიადი სილამაზე" კი არა, რომელიმე სხვა ფილმი გახდეს. ბელგიური ნამუშევარი „დარღვეული წრე", პალესტინური „ომარი" და კამბოჯური პროექტი „დაკარგული სურათი" – სორენტინოსა და ვინტერბერგის ფონზე ნებისმიერ დაჯილდოებაზე უშანსოდ იქნებიან, მაგრამ არა ოსკარებზე.

ხოაკინ ფენიქსი ფილმში ის
შანსი არ აქვს არავის, რომ „მკვლელობის აქტს" საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო წაართვას. ჯოშუა ოპენჰაიმერის ნამუშევარი ანვარ კონგოს, ადი ზულკადრისა და ინდონეზიაში მათი კრიმინალური ბანდის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდნენ და ათასობით ადამიანი მოკლეს. ოპენჰაიმერმა მოახერხა და კონგო დაითანხმა, რომელიც თავად ჰყვება თავისი მკვლელობების შესახებ. „მკვლელობის აქტი" სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელიც ძალიან კარგადაა გადაღებული და მისი ოსკარის გარეშე დატოვება „დანაშაულის აქტი" იქნება.

„ქრუდსები", „საზიზღარი მე 2", „ქარის ამოვარდნა", „გაყინული" და „ერნესტი და სელესტინა" – ამ მულტფილმებს 2013 წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოპოვების თანაბარი შანსი აქვთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში იშვიათი შემთხვევა მოხდა და Pixar-ის პროდუქციამ („მონსტრების უნივერსიტეტი") ნომინაცია ვერ მოიპოვა. სხვა კანდიდატებზე გამარჯვების ოდნავ მეტი შანსი ჰაიაო მიაძაკის „ქარის ამოვარდნას" აქვს. უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ იაპონელი უოლტ დისნეი ანიმე სამყაროდან მიდის და იმედია, დიდ ანიმატორს ოსკარით გააცილებენ.

2013 წელს თუ ვინმეს რამე უნდა ერგოს დამსახურებისა და 2013 წელს კინოში შეტანილი წვლილისთვის, ეს ემანუელ ლუბეცკია. ტერენს მალიკისა და ალფონსო კუარონის ფავორიტმა ოპერატორმა „გრავიტაცია" ვიზუალურ სასწაულად აქცია. ლუბეცკის ხედვა და კადრები მას განუმეორებელ ოპერატორად აქცევს, ვისი ხელწერაც ყველა ფილმს ეტყობა. კინოაკადემიის წევრები ყოველ წელს მართლა საუკეთესოების გამოვლენით რომ იყვნენ დაკავებულები, მექსიკელ ოპერატორს უკვე ორი ჯილდო უნდა ჰქონდეს „სიცოცხლის ხისა" და „კაცობრიობის შვილების" შექმნისათვის. „გრავიტაციის" ოპერატორი წელს ნომინაციის უდავო ფავორიტია და ალბათ სასურველ ჯილდოს მოიპოვებს.

ქეით ბლანშეტი და ვუდი ალენი ფილმ ლურჯი ჟასმინის გადაღებაზე
ოსკარების 86-ე დაჯილდოება რიგით მეხუთე იქნება, სადაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის, საუკეთესო ფილმისთვის, 5-ზე მეტი ფილმი იბრძოლებს. ნომინანტების გაზრდა ერთადერთ ლოგიკურ მიზანს ემსახურება – ნომინირებული ფილმები უკეთესად იყიდება და მათი შემოსავალი იზრდება. სხვა მხრივ კი, ისევე, როგორც ხუთნომინანტიანი სისტემის დროს, ახლაც 2-3 ფავორიტი ფილმია, სხვა დანარჩენი ნამუშევრები კი სიას ავსებენ. „მონობის 12 წელი", „ნებრასკა", „ფილომენა", „ამერიკული აფერა", „ის", „გრავიტაცია", „კაპიტანი ფილიპსი", „უოლ სტრიტის მგელი" და „დალასის მყიდველთა კლუბი" წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის განკუთვნილ ოსკარზე არიან ნომინირებულნი. ოქროს სკულპტურის სახლში წაღების საუკეთესო შანსი კი სამ ფილმს აქვს. დევიდ ო. რასელის „ამერიკული აფერა" ზუსტად ისეთი ფილმია, როგორიც ოსკარებზე უყვართ – ამერიკული ამბავი, FBI, ცოტა რეალური ფაქტები, ვარსკვლავური სამსახიობი ანსამბლი, კოსტიუმების მრავალფეროვნება. ანუ არაფრით გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული კინოჯილდოს ნომინაციას არ იმსახურებს, მაგრამ ბოლო წლებში სწორედ ასეთები ხდებიან გამარჯვებულები.

კიდევ ერთ ფავორიტი სტივ მაქუინის „მონობის 12 წელია", რომელიც ასევე იდეალურად ჯდება ოსკარის სტანდარტებში. ნამუშევარი რასიზმის თემაზეა, მთავარი როლების შემსრულებლები ვარსკვლავები არიან, ფილმი ისტორიულ ფაქტს ეფუძნება და კოსტიუმების, არტდეკორაციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უბრალოდ, „ამერიკული აფერასგან" განსხვავებით, მშვენივრად გადაღებული ფილმია და ბანალური სიუჟეტის მიუხედავად, ემოციურად დატვირთული და ვიზუალურად შთამბეჭდავია.

სტივ მაქუინის კინოენის ოსკარით დასაჩუქრება გულდასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება. თუმცა არსებობს ორი ნამუშევარი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს. პირველია სპაიკ ჯონზის ფილმი „ის", რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ნამდვილი ადამიანის სიყვარულის ისტორიაა და XXI საუკუნის ურთიერთობებზე გვიამბობს. „ის" ზედმეტად ინდი ფილმია (დიდი კინოკომპანიის მხარდაჭერა და კარგი სარეკლამო კამპანია ოსკარის მოსაგებად ყოველთვის საჭიროა) ოსკარის მოსაგებად და ის ფაქტი, რომ ნომინაცია მოიპოვა, უკვე უდიდესი მიღწევაა. აი, „გრავიტაციას" კი კარგი შანსი აქვს, ოქროს ქანდაკებას დაეუფლოს. კუარონის ნამუშევარი მესამე უმთავრესი ფავორიტია. განსხვავებით დევიდ ო. რასელისა და სტივ მაქუინის ფილმებისგან, ეს კოსმოსური ოდისეა ანტისაოსკარე ნამუშევარია. კუარონის „გრავიტაცია" ადამიანის გარდაცვალებისა და დაბადების, მისი გადარჩენისათვის ბრძოლის უცნაურად მოთხრობილი ისტორიაა. ფილმი იმდენად კარგია, რომ ეკრანზე თითქმის ორი საათი მხოლოდ სანდრა ბულოკის ცქერა არ მოგბეზრდებათ და მეტიც, ამ მსახიობის (რომელსაც რატომღაც ოსკარი აქვს) მიმართ სიმპათიით განიმსჭვალებით. თუ „გრავიტაცია" მოიგებს ჯილდოს, ამით კინოაკადემია წინ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს – მას აქვს შანსი, ამდენწლიანი ჩავარდნის შემდეგ, თავიდან დაიბადოს, რაღაც სიახლე შემოიტანოს.

დიადი სილამაზე
ის, რომ წელს ახალი წამყვანი ელენ დეჯენერისი იქნება, ბევრს არაფერს ცვლის. შეიძლება ელენმა კარგი შოუ დადგას, მაგრამ თუ მეტ-ნაკლებად ღირსეულმა ფილმებმა არ გაიმარჯვეს, ისედაც სახელშელახული ოსკარებისთვის სრულყოფილების სიმბოლოს წოდება კიდევ უფრო სასაცილო გახდება. „გრავიტაციას" შეუძლია ოსკარებზე უდიდესი გავლენა იქონიოს, მაგრამ ჯილდოს მაინც „მონობის 12 წელი" მოიგებს და კინომოყვარულებს ამერიკული კინოაკადემიისთვის მადლობის თქმა მოგვიწევს. მათგან ისიც კარგი შედეგი იქნება, რომ ჯილდოს კარგი, დასამახსოვრებელი ნამუშევარი მოიგებს და არა რიგითი ამერიკული პროექტი, რომელსაც სანდენსის კინოფესტივალზე არც კი აჩვენებდნენ.

ყველაფერი 2 მარტს გაირკვევა, როდესაც ლოს ანჯელესში დოლბის თეატრი ასობით ცნობილ სახეს, 86-ე ოსკარებზე უმასპინძლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები