26 მაისის საქმე

კახიძე: ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილის საქმეებს სტრასბურგში პრიორიტეტი მიენიჭა

დღევანდელ პროცესზე ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ თქვა, რომ მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილი მიიღო, რომლის თანახმად, წინასწარი პატიმრობის შესახებ მერაბიშვილის განაცხადს ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. კახიძე ამის მიზეზად საქართველოში პოლიტიკური დევნის სისტემურ ხასიათს ასახელებს.

კახიძის განცხადებას პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა უპასუხა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ასობით განაცხადს იღებს, რაც არსებითი არ არის.

26 მაისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლე ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენს ხვალ, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

დღეს მერაბიშვილმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, 26 მაისის საქმეზე სასამართლო გაამართლებს.

"მე დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ გამამართლებელი იქნება განაჩენი. თუკი ეს იქნება გამამატყუნებელი, ეს არ იქნება სატირალი, არამედ ეს იქნება სასაცილო", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, ციხეში ყოფნის არ ეშინია და ურჩევნია, მისი მეგობრების გია ლორთქიფანიძის, შალვა ჯანაშვილის თუ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას, თვითონ იჯდეს ციხეში.

მერაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ის არის იმ პოლიციის შემქმნელი საქართველოში, რომელსაც კორუფციასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის გასამართლების პრეცედენტიც კი.

"მეამაყება, რომ საქართველოში მე შევქმენი პოლიცია, რომელიც არის არაკორუმპირებული. პოლიციის ისტორიაში იქნება ასე - მერაბიშვილამდე და მერაბიშვილის შემდეგ. ვერავინ შეძლებს ისეთი ეფექტის შექმნას, როგორიც შეიქმნა ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე არ მეშინია გამამტყუნებელი განაჩენის", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, 26 მაისის მოვლენების შესახებ ხელისუფლების ქმედებები არცერთ ქვეყანას არ დაუგმია, რადგან აქციის დაშლა ლეგიტიმურად მოხდა.

 

კომენტარები